იცით, რატომ ჰქვია შოვს შოვი და ვინ იყო კაცი, რომელმაც კურორტი შექმნა? | Allnews.Ge

იცით, რატომ ჰქვია შოვს შოვი და ვინ იყო კაცი, რომელმაც კურორტი შექმნა?

კურორტ შოვის დაარსება შამშე ლეჟავას სახელს უკავშირდება და სწორედ ამიტომ შოვს თავდაპირველად შამშოვს უწოდებდნენ. შამშე ლეჟავამ განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო (1905-10 წწ.). საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მან არაერთი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტი მოინახულა, გაეცნო როგორ და რა პრინციპით უნდა აგებულიყო სანატორიუმისა თუ დასასვენებელი სახლების შენობები, ადგილის რა თავისებურებების გათვალისწინებით იყო შესაძლებელი კურორტის დაარსება.

108241109-3734638133232433-784367865470451155-n-1673342327-1692170715.jpg

შამშე ლეჟავა

სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, რომ მშობლიურ მხარეში აუცილებლად უნდა დაეარსებინა კურორტი ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.

კურორტის დასაარსებლად შამშე ლეჟავა ორ ადგილს განიხილავდა: 1. ნიკორწმინდის სიახლოვეს, ამბროლაურის რაიონში არსებული ტერიტორია და 2. დღევანდელი შოვის ტერიტორია, რომელსაც უწინ სოფელ გლოლას მაცხოვრებლები საძოვრებად იყენებდნენ.

1911 წ. შამშე ლეჟავამ თბილისში დაბადებული და იმხანად მოსკოვის უნივერსიტეტში მოღვაწე იურისტი, მოგვიანებით ერევნის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1919-1920 წწ.), პროფესორი იური ღამბაროვი გაიცნო, რომელსაც უამბო რომ სურდა მშობლიურ მხარეში კურორტის დაარსება. სწორედ, ღამბაროვის უშუალო თანამონაწილეობით შამშე ლეჟავამ სანატორიუმის მოწყობის საზოგადოება დააარსა და შეადგინა მისი წესდება.

1913 წ. შამშე ლეჟავამ მის მიერ დაფუძნებული საზოგადოების პირველი კრება მოიწვია. თუმცა, რიგი საკითხებისა განსახილველი დარჩა და ამიტომ 1914 წ. კრება კვლავ მოიწვიეს. განხილვის მთავარ თემას ტერიტორიის სწორად შერჩევა წარმოადგენდა. არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ზემოხსენებულ ორ ადგილს შორის.

shovi-stalinisas-ro-ezaxian-qavisperi-didi-1673342595-1692170778.jpg

კრების შემდგომ, შამშე ლეჟავას არაერთი მცდელობის მიუხედავად კურორტის მოწყობის საკითხის განხილვა რამდენიმე წლით შეჩერდა. მხოლოდ 1922-23 წწ.-დან იწყება შოვისა და იქ არსებული მინერალური წყაროების ქიმიური შემადგენლობისა და სამკურნალო თვისებების შესწავლის ხანგრძლივი პროცესი.

კვლევის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ გეოლოგი ს. ავქსენტიევი, ტოპოგრაფი ა. ბენაშვილი, ქიმიკოსი რ. კუპცისი, ინჟინრები: ა. ჭიჭინაძე და კოლჩინი.

1920-30-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კურორტის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. 1928 წ. ექსპლუატაციაში შევიდა პირველი სანატორიუმი.

1928 წელს შოვს თბილისიდან დასათვალიერებლად საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომელთა შემადგენლობაშიც იყო მ. კახიანი, რომელსაც ხუმრობით აღუნიშნავს, შამშე ლეჟავას კურორტის მშენებლობაში იმხელა წვლილი მიუძღვის, შოვს ამიერიდან შამშოვი დავარქვათო...

shovii-2-1692168936-1692171037.jpg

კურორტის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო გადაწყდა, რომ საჭირო იყო ახალი გენერალური გეგმის შედგენა. ამ მიზნით 1940-41 წწ. აქტიური მუშაობა დაიწყო ახალი გენერალური გეგმის პროექტის შედგენაზე თუმცა, მის განხორციელებად მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი.

სამწუხაროდ, შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ გაგვახსენა რაჭაში მრავალი სტიქია, რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით, ხშირად მომხდარა, ამის შედეგია რაჭიდან ეკომიგრანტების გადასახლება, სხვადასხვა დროს, საქართველოს რამდენიმე კუთხეში.

ნინო ბარნაბიშვილი