10 ფილმი, რომლის ყურებასაც გიორგი კეკელიძე გირჩევთ
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს საყვარელი ფილმების ათეულის დასახელება ვთხოვეთ, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა:
მაშ ასე, 10 ფილმი, რომლის ყურებასაც გიორგი კეკელიძე გირჩევთ:
1. ბერნანდო ბერტოლუჩის "ცის საბურველქვეშ" (The Sheltering Sky) - ქალი ოდისევსის გენიალური მოგზაურობა, გენიალური მსახიობები და დიდი რეჟისორი.
ფილმი 1990 წელსაა გადაღებული, რომელშიც მოქმედება 1947 წელს მიმდინარეობს და ამერიკელი წყვილის, კომპოზიტორ პორტ მორსბსისა და მისი მეუღლის, მწერალ კიტის შესახებაა. ისინი მოგზაურობენ ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე. ათი წლის ქორწინების შემდეგ, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მოგზაურობა აღადგენს მათ ურთიერთობას. მაროკოში წყვილს თანამგზავრი ჯორჯ ტანერი უერთდება. ჯორჯი მოხიბლულია ამ ადამიანებით, განსაკუთრებით კეიტი იზიდავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, პორტი, რომელიც ეჭვობს, რომ ცოლი ღალატობს, ყველა ღონეს ხმარობს ჯორჯის მოსაშორებლად ... როლებში: ჯონ მალკოვიჩი, დებრა უინგერი...
2. ძმები კოენების "მოხუცების ადგილი აქ არის" - ადამიანის და სიკვდილის უთანასწორო ბრძოლა. ბრწყინვალე სცენარი ორმაგი კოდირებითა და მსოფლიო მითების კომპილაციით.
ფილმი გადაღებულია 2007 წელს. მასში მოქმედება 80-იანი წლების ტეხასში ვითარდება. რიო-გრანდეს მახლობლად ვიეტნამის ომის ვეტერანი, მონადირე, სახელად ლიველინ მოსი, (ჯოშ ბროლინი), შემთხვევით წააწყდება ნარკომოვაჭრეთა შეტაკების ადგილას გარდაცვლილთა ცხედრებს, ჰეროინის პარტიას და 2 მილიონ დოლარს. მოსი ფულს აიღებს, ამით კატასტროფული სისასტიკის ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს - მისი მდევარი გახდება სასტიკი მკვლელი, ანტონ ჩიგური (ხავიერ ბარდემი)...
3. პოლ ანდერსონის "და იქნება სისხლი" - თანამედროვე დემიურგის დრამატული ისტორია, ადამიანი-მომპოვებელი და გარემო - დეი ლუისის დიდებული პერფორმანსი - კოჭლი გმირი, როგორც ბიბლიური იაკობის ამერიკული ინკარნაცია.
"და იქნება სისხლი" 2007 წლის ამერიკული ფილმია. წარმოადგენს ეპტონ სინკლერის რომანის ეკრანიზაციას. მოქმედება მიმდინარეობს კალიფორნიაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში და ასახავს დენიელ პლეინვიუს, ნავთობმომპოვებელი კომპანიის ამბიციური მფლობელის ისტორიას.
4. სტენლი კუბრიკის "ფართოდ დახუჭული თვალები" - ფილმი-კარნავალი ღალატზე და ერთგულებაზე, ცხოვრებაზე, როგორც გაუგებარ სიმულაციაზე, რომელიც ზოგიერთს დღემდე მასონთა ლოჟების მხილებაზე გადაღებული ნამუშევარი ჰგონია.
ფილმი 1999 წელს გამოვიდა, ის სტენლი კუბრიკის უკანასკნელი ფილმია. რეჟისორი კუბრიკი გარდაიცვალა ფილმის მონტაჟის დასრულებიდან 4 დღეში. მასში მონაწილეობენ: ტომ კრუზი, ნიკოლ კიდმანი, სიდნი პოლაკი.
ცოლ-ქმარი ბილი და ელისი ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ მათი წყნარი და მშვიდი ცხოვრების მიღმა იმალება პრობლემები, ეჭვიანობა, დაუკმაყოფილებლობა. ბილი მეგობრის მეშვეობით ჩაერთვება ანონიმურ საიდუმლო ორგიებში. მაგრამ საბოლოოდ, ის მაინც ოჯახის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.
5. პედრო ალმოდოვარის "ესაუბრე მას" - ლირიკული და ფერწერული კომპოზიცია უცნაურ და მრავალმხრივ სიყვარულზე, პინა ბაუშის ფანტასტიკური ფინალური ქორეოგრაფიით.
ფილმი 2002 წელს გამოვიდა. მთავარი თემებია: გაუცხოება და ურთიერთობის გაძნელება სქესებს შორის, მარტოობა, საიდუმლო და ღალატი, შეუპოვრად ბრძოლა სიყვარულისთვის. 2005 წელს ჟურნალ Time-ის კინოკრიტიკოსებმა, რიჩარდ კორლისმა და რიჩარდ შიკელმა, "ესაუბრე მას" ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმში შეიტანეს. იხილეთ სრულად