როგორ გაიტანეს ქართველებმა "ფინეთის სამთავრო ბანკიდან" 5 მილიონი მანეთი? - ძარცვა შობის ღამეს | Allnews.Ge

როგორ გაიტანეს ქართველებმა "ფინეთის სამთავრო ბანკიდან" 5 მილიონი მანეთი? - ძარცვა შობის ღამეს

1904 წლის იანვრიდან, როდესაც რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო, სანკტ-პეტერბურგის წელში გასატეხად ტოკიოს დაზვერვა მთელი დატვირთვით ამოქმედდა. იაპონელებმა გადაწყვიტეს, რომ რადაც უნდა დასჯდომოდათ, რუსეთში ეკონომიკურ-სოციალური კრიზისის გამოწვევის გზით, ვითარება უკიდურესად დაეძაბათ და სხვათა შორის, მალე მიზანსაც მიაღწიეს.

უკვე 1904 წლის ნოემბრის დამლევს, რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე "რევოლუციური აქტიურობის" პირველი ნიშნები გამოჩნდა, რამაც რუსული არმიის ზურგი მნიშვნელოვანწილად შეასუსტა. ცხადია, ეს საბრძოლო მოქმედებებზეც აისახა და იაპონურმა არმიამ რუსებს თითქმის ყველა ფრონტზე უკან დაახევინა.

იმავე წლის დეკემბერში, სანკტ-პეტერბურგში ბაზირებულმა იაპონელმა აგენტებმა შეიტყვეს, რომ ომის გაგრძელებისათვის საჭირო თანხა - 5 მილიონი მანეთი ოქროთი, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ფინეთის სამთავროს დედაქალაქში, ჰელსინკიში მდებარე "სამთავრო ბანკში" ინახებოდა.

234573945-0-0-697-1000-600x0-80-0-0-3d4374fb19fc4a586dab786b21f19fa7-1689324395.jpg.webp

რევოლუციონერი და ანარქისტი კონრად ცილიაკუსი

ჰელსინკი მაშინ ერთი პატარა, პროვინციული ქალაქი იყო და აგენტურის მიერ მოპოვებული, უტყუარი მტკიცებულებანი რომ არა, იაპონური საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, იაპონიის სტოკჰოლმელი სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მოტოჯირო აკაში ვერც კი იფიქრებდა, თუ იქ თვითმპყრობელი იმპერატორი საკუთარი ხაზინის მნიშვნელოვან რეზერვს მალავდა. იაპონელებმა ისიც დაადგინეს, რომ ფინეთის სამთავრო ბანკი უმაღლეს დონეზე იყო დაცული - მას 24 საათის განმავლობაში კაზაკების სამი ბრიგადა სდარაჯობდა.

ფინეთის სამთავრო ბანკიდან რუსეთის იმპერიის ხაზინის რეზერვის გატაცების იდეა პოლკოვნიკ მოტოჯირო აკაშის ცნობილმა ფინელმა რევოლუციონერმა და ანარქო-სოციალისტმა, კონრად ცილიაკუსმა მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1904 წლის აგვისტო-სექტემბერში, ცილიაკუსი იაპონიის დაზვერვის ორგანიზებული, გახმაურებული "ჯონ გრაფტონის საქმის" ერთ-ერთი მოთავე იყო (ცნობილ ქართველ ანარქისტ ვარლამ ჩერქეზიშვილთან ერთად) და ლონდონიდან რუსეთის იმპერიაში იარაღის სოლიდური პარტიის გადაზიდვას კურირებდა.

რუსულმა კონტრდაზვერვამ და ჟანდარმერიამ მაშინ სრული კრახი განიცადა და საპასუხო ზომების მიღება ვერ მოასწრო, რის შედეგადაც რუსეთის იმპერიის რევოლუციური პარტიები გვარიანად შეიარაღდნენ და სამთავრობო ძალებს საკმაოდ სერიოზული თავსატეხიც გაუჩინეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონრად ცილიაკუსს "ბანკის გატანის" საქმეში თავისი უპირველესი თანამოაზრისა და მასწავლებლის - იმხანად ლონდონში მცხოვრები ცნობილი ქართველი ანარქისტის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დახმარების დიდი იმედი ჰქონდა.

cerqazisvil1-1689323873.jpg

ვარლამ ჩერქეზიშვილი

ჩერქეზიშვილს, რასაკვირველია, პოლკოვნიკი აკაშიც კარგად იცნობდა და კონრად ცილიაკუსს დაფინანსებაზე უარი არ უთხრა: "გააცანით თქვენი აზრები ბატონ ვარლამს და თუ დაგთანხმდათ, ოპერაციისთვის საჭირო თანხას უყოყმანოდ გავიღებთ", - ასეთი იყო მისი პოზიცია. კონრად ცილიაკუსსაც დრო აღარ დაუკარგავს, მაშინვე გაემგზავრა თბილისში, სადაც იმ დროისთვის ვარლამ ჩერქეზიშვილი იმყოფებოდა. ფინელ ანარქო-სოციალისტს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ "ბანკის გატანის" მისეული გეგმა ქართველ რევოლუციონერებს ნამდვილად დააინტერესებდა: "ექსპროპრიაციის მოწყობასა და სხვა მსგავს საქმეებში ქართველებს ბადალი არ ჰყავდათ... 1905-1907 წლებში რუსულ მმართველობას არსად ისეთი ზიანი არ მისდგომია, როგორიც თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში - კაზაკები, ჩვეულებისამებრ, სამხედრო სამსახურის იქ მოხდას თავს ყველა საშუალების გამოყენებით არიდებდნენ, მაშინ, როცა ომში, იაპონიის ფრონტზე, დიდი სიხარულით გარბოდნენ", - იხსენებდა მოგვიანებით კონრად ცილიაკუსი.

ვარლამ ჩერქეზიშვილმა ფინელი სტუმარი, ქართული წესით, ხელგაშლილად მიიღო, ყურადღებით მოუსმინა და, სრულიად მოულოდნელად, წარმოუდგენელი რამ შესთავაზა: "აქცია უსისხლოდ უნდა ჩატარდეს... ხუთი მილიონი - ოქროთი ძალიან დიდი თანხაა; მის ხელში ჩასაგდებად ჩვენ რომ თოფი გავისროლოთ, საპასუხოდ ზარბაზანს გვესვრიან და ყველაფერი ჩაფლავდება", - უთხრა მან ცილიაკუსს.

ეს უკანასკნელი კი გაოცდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, რადგან ჩერქეზიშვილმა დაწვრილებით აუხსნა, თუ როგორ უნდა "გაეტანათ ბანკი" გასროლის გარეშე: "შობადღემდე მოცდა კი მოგვიწევს, თუმცა ეს ეღირება, რადგანაც საქმე მეტად მნიშვნელოვანია", - დასძინა ვარლამ ჩერქეზიშვილმა და მერე დაინტერესდა, წარმატების შემთხვევაში, ხუთი მილიონი როგორ უნდა გაეყოთ. "50 პროცენტს იაპონელები წაიღებენ, ჩვენ კი 25-25 პროცენტი დაგვრჩება", - უპასუხა ცილიაკუსმა. ჩერქეზიშვილი კმაყოფილი დარჩა და სტუმარს აღუთქვა, რომ შობის წინა დღეებში მასთან, ჰელსინკიში, ქართველი "სპეციალისტები" ჩავიდოდნენ.

დაიმედებული კონრად ცილიაკუსი უკანვე გაბრუნდა, ვარლამ ჩერქეზიშვილს კი დრო აღარ დაუკარგავს - სანდო ხალხის დახმარებით, იმხანად ბაქოში მყოფ, ცნობილ ქართველ ავანტიურისტს, სოლომონ აშორდიას დაუკავშირდა, რომელიც ამჟამინდელი აზერბაიჯანის დედაქალაქში ჯამბატოვის გვარით ცხოვრობდა.

solomon-asordia-1689324037.jpg

სოლომონ აშორდია

რევოლუციონერები მას დახმარებისთვის ხშირად მიმართავდნენ და აშორდიაც სიამოვნებით უმართავდა ხელს - ის პატრიოტი კაცი იყო და მიაჩნდა, რომ სამშობლოს გათავისუფლებისთვის ისე იბრძოდა, როგორც შეეძლო. წარგზავნილთა პირით, ვარლამ ჩერქეზიშვილმა სოლომონ აშორდიას რამდენიმე ყალბი საბუთის შედგენა სთხოვა და კარგი გასამრჯელოც აღუთქვა; ამ უკანასკნელმა კი ფულის აღებაზე დიდსულოვნად თქვა უარი: "ასეთ მცირე საქმეზე აბა, ფული როგორ მოვითხოვო? კაცურად დაგეხმარებით!" - შეუთვალა ჩერქეზიშვილს და მცირე ხანში, საჭირო საბუთებიც აახლა. ყოველი მათგანი ისე იყო დამზადებული, რომ ნამდვილისგან ვერავინ გაარჩევდა.

1904 წლის 20 დეკემბერს კავკასიიდან ჰელსინკიში ჩერქეზიშვილმა სამი „სპეციალისტი“ აფრინა — ბესო სვანიძე, აფრასიონ ჩიხრაძე და პავლე გოცირიძე.

მოგონებებში კონრად ცილიაკუსი წერდა, რომ ჩამოსულები დახვეწილი არისტოკრატული მანერებით გამოირჩეოდნენ, ხოლო ბესო სვანიძე თავისუფლად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად.

მეორე დღეს გადაცმული ბესო სვანიძე ფინეთის „სამთავრო ბანკის“ ხელმძღვანელს, სენატორ კარლ თეოდორ ალექსანდრ ვეგელიუსს წარუდგა და აცნობა, რომ სანქტ-პეტერბურგიდან საიდუმლო დავალებით იყო წარმოგზავნილი და იმპერატორის ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული აშორდიას დოკუმენტიც წარუდგინა, რომლის თანახმადაც რუსეთის სახელმწიფო ხაზინის რეზერვების შემოწმების უფლება ენიჭებოდა.

აშორდიას ნახელავისთვის სიყალბის შეტყობა რთული იყო და სტუმარს საიდუმლო საცავისკენ თავად სენატორი წარუძღვა. იმ დღეს ბესო სვანიძემ ბანკის ავან-ჩავანი საფუძვლიანად შეამოწმა, მასპინძლებს გულითადად გამოემშვიდობა და წამოვიდა.

მეორე დღეს ბანკის საცავების დეტალური სქემა დახაზა, თან კონრად ცილიაკუსსა და მის თანამოაზრეებს აუწყა, რომ ბანკიდან ხაზინის რეზერვის გამოსატანად გვირაბი უნდა გაეთხარათ.

მასპინძელს ბანკის რომელიმე თანამშრომლის მოსყიდვა დაავალა, იმავდროულად აფრასიონ ჩიხრაძესა და პავლე გოცირიძეს ბანკის უკან მდებარე შენობის სარდაფის სასწრაფოდ დაქირავება უბრძანა. ქართველებმა სარდაფი 22 დეკემბერს ვითომდა პურის საცხობის მოსაწყობად იქირავეს. ამასობაში ბანკის ერთ-ერთი მოლარის იან ფილიპ კუუსინენის მოსყიდვა მოხერხდა, რომელმაც ცილიაკუსის ხალხს ყველაფერში ხელის შეწყობა აღუთქვა.

შედგენილი სქემის თანახმად, ძირითადი სამუშაოები სამ დღეში დაასრულეს. 24 დეკემბრის საღამოს მათ ბანკის მთავარ საქვაბეში შეღწევა შეძლეს. შობა თენდებოდა, კუუსინენმა თანამშრომლებს წაქეიფება შესთავაზა. პოლიციელთა უფროსი რისი ფინელი იქნებოდა, უარი ეთქვა. კუუსინენმა ერთ-ერთ მათგანს დუქნიდან არაყი და ვახშამი მოატანინა და თორმეტი საათის დადგომისთანავე ქეიფი ეშხში შევიდა. კუუსინენმა მეინახეები შეუმჩნევლად მიატოვა, საქვაბისა და ხაზინის რეზერვის საცავის კარი გააღო და ისევ სუფრას მიუბრუნდა.

banki-1689324593.webp

აფრასიონ ჩიხრაძე, პავლე გოცირიძე და ერთიც ფინელი დამხმარე საცავში შეიპარნენ, ოქროს ზოდები წინასწარ მომზადებულ ტომრებში ჩაყარეს და გვირაბის გამოვლით თავიანთ სარდაფში გამოვიდნენ. საქმის ბოლომდე მოგვარებას სამი გზა დასჭირდა. როცა საცავიდან ბოლო ტომარაც გაიტანეს, კუუსინენს ნიშანი მისცეს, ამ უკანასკნელმა სუფრა კვლავ შეუმჩნევლად მიატოვა, საცავის კარი ჩაკეტა, გასაღები თავის ადგილზე დაკიდა და გამტაცებლებს გაჰყვა.

ასე დასრულდა გასული საუკუნის ყველაზე გრანდიოზული ძარცვა. ზუსტად არ ვიცი, რა ბედი ეწიათ ქართველ „სპეციალისტებს“. სავარაუდოდ, მათ მშვიდობით ჩამოაღწიეს სამშობლოში. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ რუსულმა ჟანდარმერიამ „სამთავრო ბანკის“ საქმე მკაცრად გაასაიდუმლოა და მეტიც — მასში შემავალი დოკუმენტების უდიდესი ნაწილი საერთოდ გაანადგურა. ამბავი ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი კარგა მოგვიანებით — გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა, თუმცა ბევრი რამ დღესაც დაუდგენელია. ნათელის მოფენას ვერც კონრად ცილიაკუსის მოგონებები შველის, რომელიც 1919-1920 წლებში სტოკჰოლმში გამოიცა, რადგან „დაზარალებულმა“ მხარემ ფაქტის გახმაურებას დუმილი ამჯობინა.

წყარო

myquiz