"გაქცეულ მეგრელსაც" მოვაბრუნებ" - იაპონელი ჰაიტე სოტომეს ქართული თავგადასავალი | Allnews.Ge

"გაქცეულ მეგრელსაც" მოვაბრუნებ" - იაპონელი ჰაიტე სოტომეს ქართული თავგადასავალი

წლებია საქართველოში ცხოვრობს და სრულიად განსხვავებული იაპონური სამყაროდან ქართულს მარტივად გაუშინაურდა. ჰაიტე სოტომეს ქართული თავგადასავალი ტოკიოს უნივერსიტეტში, ლექციაზე ნანახი ქართული ფილმიდან დაიწყო, რასაც ქართული ლიტერატურით და კინემატოგრაფით დაინტერესება მოჰყვა. ახლახან იაპონიაში წიგნი გამოსცა, სათაურით "პოსტკოლონიური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში". ნაშრომი სადოქტორო დისერტაციის საფუძველზეა აგებული და როგორც ამბობს, იაპონიაში ქართულ ლიტერატურაზე გამოცემული პირველი სამეცნიერო წიგნია. ქართველოლოგი ტოკიოდან გვესაუბრა:

- პროფესიით ლიტერატურათმცოდნე ვარ. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტში ჩემმა ლექტორმა საბჭოთა კავშირის წლების მიმოხილვისას საქართველო ახსენა და გენიალური ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის "მონანიება" ჩაგვირთო, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინ 19-20 წლის ვიყავი და ერთბაშად ვერ ჩავწვდი მის არსს, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან საინტერესოს, განსხვავებულს გადავაწყდი.

ჩვენი ისტორიის ლექტორი რუსეთის ისტორიას გვასწავლიდა და რუსული­ ენა იცოდა. მეც ვისწავლე რაღაც დონეზე, მაგრამ საქართველოს აღმოჩენის შემდეგ შევეშვი და ქართულზე გადავერთე. აღმოვაჩინე, რომ ჩემს უნივერსიტეტში იაპონელი ენათმეცნიერი და ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა ასწავლიდა. საქართველოს უფრო ახლოს გაცნობა და შესწავლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და კვირაში ერთხელ მასთან დავიწყე ენაში მომზადება. ორი წელი ვსწავლობდი, შეძლებისდაგვარად ქართულ ლიტერატურას ვეცნობოდი. მესამე კურსზე კი საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე. 2011 წელი იყო. მაშინ ინტერნეტი ასეთი გავრცელებული არ იყო, ხანდახან დენიც ითიშებოდა, მაგრამ ამ წვრილმანებს არ შევუშინებივარ, სწავლის გაგრძელება მინდოდა - ჯერ მაგისტრატურაზე, შემდეგ კი დოქტორანტურაზე უნდა მესწავლა. ამისთვის კი მეტი უნდა გამეგო. საქართველოში თენგიზ აბულაძის სხვა ფილმებიც ვნახე - "ნატვრის ხე", "ვედრება", რომელიც ვაჟას ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. რაც მეტს ვკითხულობდი და ვსწავლობდი, მეტი ინტერესი მიჩნდებოდა.

- ამბობენ, რომ ქართულის შესწავლა რთულია.

- ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბაზა მქონდა და პირველ ჩამოსვლაზე ერთი წელი დავრჩი თბილისში. ეს ძალიან დამეხმარა... აქ აღმოვაჩინე, რომ უნივერსიტეტში, ფაქტობრივად, მხოლოდ გრამატიკას ვსწავლობდი, სასაუბრო ენა საქართველოში ვისწავლე. ბგერებს რთული ჟღერადობა აქვს. მეთორმეტე წელია ქართულად ვსაუბრობ და რაღაცები დღემდე მიჭირს, მაგრამ ეს არ მაშინებს...

ქართულ ლიტერატურაში პირველი იყო ვაჟა-ფშაველას "ჩხიკვთა ქორწილი", შემდეგ "შვლის ნუკრის ნაამბობი", "მთანი მაღალნი", "სტუმარ-მასპინძელი". "გველისმჭამელი". ვაჟა ჩემი დისერტაციის თემა იყო. მისი "ენა" ძალიან განსხვავებულია და გამიჭირდა. ამას წინათ წავიკითხე ალექსანდრე ყაზბეგის "ნამწყემსარის მოგონებები", მანამდე წაკითხული მქონდა ილიას "განდეგილი" და გავოცდი - ალექსანდრე ყაზბეგი მწყემსის ცხოვრებას ძალიან მკაცრი პირობებით აღწერს, ილია კი, პირიქით, რომანტიკულადაც კი... ჩამითრია ამ ეპოქამ.

ენა ცოცხალი ორგანიზმია, გამუდმებით სჭირდება შევსება. ამიტომ, როგორც კი დრო მომეცა, ილიას "კაცია-ადამიანი" წავიკითხე... ზოგი ნაწარმოების აღქმა მაინც მიჭირს, ჯერ ბევრი სამუშაო მაქვს.

ჩემს წიგნში, რომელსაც აუცილებლად ქართულად ვთარგმნი, წარმოდგენილია ილიას დანახული მისი თანამედროვე რეალობა; ვაჟას მიერ აღქმულ ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული ერთგვარი თანაბარი ურთიერთობა, რომელსაც მომავლის სიყვარული ჰქვია. "მომავალმა­ დრომ სიბრალულის ნაცვლად სიყვარული გაამეფოს, მომავალმა მოჩანგემ სიყვარულს უმღეროსო", ამბობს. იაპონური კულტურის წიაღში აღზრდილს, მიჭირდა ქართული ტექსტების არსში ჩაწვდომა. იხილეთ სრულად

myquiz