როგორ მოხვდნენ მართა და მარიამი "ნეტფლიქსის" გადასაღებ მოედანზე?
ერთი ახალგაზრდა, წარმატებული ოჯახის შესახებ უნდა მოგითხროთ. ლიკა კურტანიძე და ბექა კოვზიაშვილი სამ შესანიშნავ გოგონას ზრდიან. თითოეულს პროფესიულადაც საინტერესო ცხოვრება აქვს. ლიკა ინფორმატიკის დოქტორია, სეუ - ს აფილირებული პროფესორი. ამბობს, რომ ამჟამად უნივერსიტეტში ახალ საბაკალავრო მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამას ხელმძღვანელობს. ბექა კი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის პედაგოგია, აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერებს ასწავლის.
2021 წელს მათ ცხოვრებაში მოულოდნელი რამ მოხდა - მათი ტყუპი გოგონა, მარიამ და მართა კოვზიაშვილები, "ნეტფლიქსის“ ფილმში "Extraction 2“ როლზე დაამტკიცეს. მშობლებს თავი სიზმარში ეგონათ. კარგა ხანს ვერ იჯერებდნენ იმას, რაც 2021 წლიდან მათ ცხოვრებაში ხდებოდა. რეალობას თვალი მხოლოდ მას შემდეგ გაუსწორეს, რაც ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა და ფილმი მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა. პრემიერაზე ნიუ-იორკსა და ბერლინში თავადაც იყვნენ.
9 წლის ტყუპ მარიამსა და მართას უმცროსი დაიკოც ჰყავთ, 4 წლის სესილი. გოგონები 53-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ, უკვე მეოთხეკლასელები არიან. კარგი და მოსწავლეები ვართ და სწავლა არ გვეზარებაო, - ამბობენ. ბოლო დროს სიმღერაც შეუყვარდათ და "ანა-ბანას“ სტუდიაში დადიან. ცოტა ხნის წინ კონცერტიც ჰქონდათ.
თუ როგორ მოხვდა ტყუპი გოგონა "ნეტფლიქსის“ გადასაღებ მოედანზე, ამის შესახებ ბავშვების დედა, ლიკა კურტანიძე გვიამბობს:
- "ეკა კასტ სააგენტომ“ კასტინგი გამოაცხადა, 8 წლის ტყუპს ეძებდა. მეგობარმა სააგენტოს პოსტზე მომნიშნა. განცხადება რომ ვნახე, იუმორით შევხედე, გოგოები მსგავს რაღაცებში აქტიურები არ იყვნენ და არ მეგონა, თუ მსახიობობას მოინდომებდნენ. ამიტომ, არც მიფიქრია, მათი ფოტოები გამეგზავნა, არც იმით დავინტერესებულვარ, რისთვის ეძებდნენ ტყუპს და კონკრეტულად რა ფილმი იყო.
შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლები ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გადმოვიდნენ, კონკრეტულად თეკლა ჯავახაძე დამიკავშირდა, გოგოების ფოტოები რომ ნახა, მთხოვა, გამოაგზავნეთ, რადგან პერსონაჟი ამ გარეგნობას ძალიან შეესაბამებაო. უარი აღარ მითქვამს. პირველი ეტაპი რომ გადავლახეთ, მერე გვითხრეს, რა ფილმი და რა პროექტი იყო, მაგრამ ამასაც იუმორით მივუდექით... მიუხედავად ამისა, სააგენტოს მოთხოვნებს ავყევით და მოცემულ დავალებებსაც ვასრულებდით, ვერ დავიჯერე, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო. მერე პატარა სცენაც ჩავწერეთ და გავგზავნეთ. ესეც რომ გადავლახეთ, უკვე ონლაინ კასტინგი უშუალოდ რეჟისორთან დაგვინიშნეს. კასტინგს არ დავსწრებივარ, დახურული იყო. გოგონებმა გარკვეული დავალებები შეასრულეს და ამის შედეგად როლზე დაამტკიცეს. იხილეთ სრულად