პატიმრობა, ოჯახი და გზა პუტინამდე - ნაკლებად ცნობილი ამბები "სასტიკ მეამბოხეზე"
ევგენი პრიგოჟინი - კაცი, რომელიც პუტინის რეჟიმის მთავარ მეამბოხედ იქცა, მედიისთვის ახლა ყველაზე საინტერესო ფიგურაა. რუსი ბიზნესმენი, რომელიც ცნობილია მეტსახელით "პუტინის მზარეული", სისასტიკით ცნობილი კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დამფუძნებელია.
სტატიაში მოგიყვებით პრიგოჟინის ბიოგრაფიას და გზაზე, რომელიც კრემლამდე მისასვლელად გაიარა.
ევგენი პრიგოჟინი - ადრეული წლები და განათლება
ევგენი პრიგოჟინი დაიბადა 1961 წლის 1 ივნისს ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი). დედა ექიმი იყო, მამა ადრე დაეღუპა, რის გამოც, მამინაცვალმა გაზარდა, რომელიც თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორი იყო. ამიტომ ევგენი ბავშვობიდან თხილამურებით სრიალით იყო დაკავებული და დაამთავრა მაშინდელი ლენინგრადის №62 სპორტული პროფილის სკოლა-ინტერნატი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ლენინგრადის ქიმიურ-ფარმაცევტულ ინსტიტუტში, მაგრამ თავად პრიგოჟინის თქმით, ინსტიტუტი არ დაუმთავრებია.
ოჯახი და მილიონერი მეუღლე
ევგენი პრიგოჟინის მეუღლე ლიუბოვ პრიგოჟინაა. ის 52 წლისაა და პროფესიით ქიმიკოსია. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ვაჟი პაველი (დაიბადა 1998 წელს), ქალიშვილები პოლინა (დაიბადა 1992 წელს) და ვერონიკა (დაიბადა 2005 წელს).
ლიუბოვ პრიგოჟინა ფლობს მამულს გელენჯიკთან, სოფელ ყაბარდინკაში და მართავს შპს "სოინვესტს“, რომელიც ფლობს 39 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთს შავ ზღვასთან ახლოს.
რუსული მედიის ცნობით, ვაჟი, პაველ პრიგოჟინი, არის Sinopskaya Embankment-ზე მსხვილი ბიზნეს-ცენტრის და კომპანიების Lakhta Park და Lakhta Plaza-ს მფლობელი. თავად პრიგოჟინის თქმით, მისი ვაჟი ჯარში მსახურობდა, იბრძოდა სირიაში და ახლა არის "ვაგნერის" წევრი.
პოლინა პრიგოჟინა დედასთან ერთად, შოკოლადის მუზეუმის თანამფლობელი და შპს Legion-ის ერთადერთი აქციონერია, რომელიც ფლობს პრინც ოლდენბურსკის აგარაკს კამენის კუნძულზე. ვერონიკა პრიგოჟინა არის შპს Red Stars-ის ერთადერთი დამფუძნებელი, რომელიც ფლობს სასტუმრო Red Stars-ს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში.
პრიგოჟინი, მისი მეუღლე, ვაჟი პაველი და ქალიშვილი პოლინა დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულები არიან.
პატიმრობა
1979 წელს, მაშინდელ ლენინგრადში პრიგოჟინი დააპატიმრეს და ორწელიწადნახევარი პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს ქურდობისთვის. 1981 წელს პრიგოჟინი კიდევ ერთხელ დააკავეს ქურდობის, თაღლითობისა და არასრულწლოვნის დანაშაულებრივ საქმიანობასა და ყაჩაღობაში ჩართვის ბრალდებით. ამჯერად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 1988 წელს იგი შეიწყალეს და 1990 წელს დატოვა კოლონია.
ბიზნესმენი და "პუტინის მზარეული"
ციხის დატოვების შემდეგ, პრიგოჟინმა და მისმა მამინაცვალმა ლენინგრადში ჰოთ-დოგების გაყიდვის ქსელი გახსნეს. ბიზნესის ისტორია ასე განვითარდა:
1991 წლიდან 1997 წლამდე პრიგოჟინი იყო კონტრასტის მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელი.
1995 წელს ვასილიევსკის კუნძულზე გახსნა Wine Club-ის ბარ-მაღაზია, 1996 წელს კი რესტორანი Old Customs სანკტ-პეტერბურგში და კომპანია "კონკორდ ქეითერინგი.“
1997 წელს პრიგოჟინმა ახალი რესტორანი გახსნა, რომელიც კრემლის მაღალი რანგის სტუმრებს და პოლიტიკურ ელიტას ემსახურებოდა. 2001 წელს, პრეზიდენტმა პუტინმა გამართა მოლაპარაკებები ჟაკ შირაკთან (საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი) და ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან. იხილეთ სრულად