"წვნიანი ყოველდღე უნდა მიირთვათ" - კვების საბჭოთა ჩვევები, რომლებიც დღეს აღარ გჭირდებათ
"უპუროდ ჭამა ვის გაუგია", "სანამ ბოლომდე არ შეჭამ, მაგიდიდან ვერ ადგები", "წვნიანის გარეშე კუჭ-ნაწლავი დაუავადმყოფდება" - ჩვენი მშობლებისა თუ ბებიების ეს ფრაზები თითქმის ყველას გვახსოვს. თუმცა იცვლება დრო, იცვლება ჩვენი საკვები ხარისხი და კვების მრავალფეროვნება, მეცნიერება წინ მიდის და უფრო დეტალურად სწავლობს საკვების გავლენას ჩვენს ორგანიზმზე. ახალი აღმოჩენები კი გვიბიძგებს, რომ გარკვეული კვებითი ქცევები შესაცვლელია.
წარმოგიდგენთ ჯანსაღი კვების საბჭოურ მიდგომებს, რომლებიც ოჯახებში დღესაც პოპულარულია, თუმცა ჯანსაღად აღარ ითვლება.
"პურის მიყოლება ჭამაზე აუცილებელია"
ყოველ კვებაზე პურის დამატების ტრადიცია იმ დროიდან მოდის, როდესაც სხვა საკვები ფუფუნებად ითვლებოდა. სწორედ პური ავსებდა კუჭს, აძლევდა დანაყრების შეგრძნებას და დამატებით კალორიებს. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში ახლაც ასეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იძულებითი და გარემოებებით განპირობებული ქცევაა და არა ჯანსაღი რეკომენდაცია.
როცა გვაქვს საშუალება ნორმალურად ვიკვებოთ, ამ ტრადიციას ჯანსაღი კვების თვალსაზრისით აზრი აღარ აქვს. მეტიც: პურის ყოველი ნაჭერი 62 კალორიაა, სამჯერადი კვება კი უკვე მინიმუმ 186 კალორია. ჩვენ ჭარბი ცხიმითა და შაქრით გაჯერებული საკვების საუკუნეში ვცხოვრობთ და პურთან დაკავშირებული ჩვევა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიმსუქნის განვითარებას. ბევრად უფრო ჯანსაღი ტრადიცია იქნებოდა ბოსტნეული დაგვემატებინა ყოველ კვებაზე.
სამი კერძი სადილზე: პირველი, მეორე, დესერტი
ასევე არაფერი აქვს საერთო ჯანმრთელობასთან ან სწორ კვებასთან სამი კერძისგან შემდგარ სადილს. მნიშვნელოვანია არა კერძების რაოდენობა, არამედ ის, თუ რას შეიცავს ეს კერძები.
თუ სადილზე შემწვარი ძეხვი მიირთვით ზეთით გაჯერებულ მაკარონთან, წვნიანთან და ნამცხვართან ერთად, თქვენი ორგანიზმი ასეთი სადილისგან ვერაფერ სასარგებლოს ვერ მიიღებს.
კონცენტრირება მოახდინეთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსზე და ვიტამინებისა და მინერალების შემცველობაზე და არა საკვების რაოდენობაზე.
"სანამ ბოლომდე არ შეჭამ, მაგიდიდან არ ადგე“
ამ ფრაზამ ბევრ ადამიანს დაურღვია კვების ადეკვატური ქცევა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ისწავლოს შიმშილისა და დანაყრების „სიგნალების“ მოსმენა საკუთარი სხეულისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ეს აუცილებლად გამოიწვევს კვების დარღვევას, მათ შორის ისეთ სერიოზულ აშლილობებს, როგორიცაა გადაჭარბებული კვება, ბულიმია და ანორექსია.
"წვნიანი ყოველდღე უნდა მიირთვათ"
არ არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ წვნიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის. ან ის, რაც დაადასტურებს მის აუცილებლობას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული ფუნქციონირებისთვის.
პირიქით, სუპები ხშირად ძალიან ღარიბია როგორც ენერგეტიკული, ასევე კვებითი ღირებულებით. ამიტომ მხოლოდ წვნიანი სადილზე არ არის ძალიან კარგი არჩევანი. დიდი ალბათობაა, რომ ამ შემთხვევაში, ერთი საათის შემდეგ, ბავშვს კვლავ მოშივდეს და ხშირად ამ შიმშილს არაჯანსაღი საკვების ხარჯზე დაიკმაყოფილებს. თუ წვნიანი ოჯახური ტრადიციაა, დაამატეთ მას მეტი უცხიმო ხორცი და ბოსტნეული“. იხილეთ სრულად