როგორი იყო ფასები და ხელფასები XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში? | Allnews.Ge

როგორი იყო ფასები და ხელფასები XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში?

XIX საუკუნის მიწურულიდან მსოფლიო ომამდე რუსეთის იმპერიაში ფასებისა და ხელფასების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან იმპერიის შემადგენლობაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, იმხანად საქართველოც შედიოდა. აქვე განხილულია იმავე პერიოდის რუსული ფულადი სისტემაც.

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, გრაფ სერგეი ვიტეს ხელმძღვანელობით, 1895-1897 წლებში იმპერიაში გატარებული ფულის რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა. ვინაიდან ამ რეფორმის შედეგად მიმოქცევაში გამოშვებული რუსული ქაღალდის ფული მთლიანად იყო ოქროთი უზრუნველყოფილი, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური კურსის მქონე ვალუტად იქცა. ამ პერიოდში რუსეთში ინტენსიურად ვითარდებოდა ვაჭრობა-მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, სახელმწიფო შემოსავალი კი გასავალს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

fuli-1686394634.jpg

მაგალითად, 1913 წელს სახელმწიფო ხაზინაში დარჩენილი თავისუფალი თანხა 430 მილიონ რუბლს აღემატებოდა, ქვეყნის ოქროს მარაგი კი შეადგენდა 1,7 მილიარდ რუბლს, რაც უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა. "რუბლი" (რომლის ქართული შესატყვისი იყო "მანეთი") - ასი კაპიკისგან შედგებოდა. იმპერიაში მიმოიქცეოდა როგორც ქაღალდისგან დამზადებული ფულის ნიშნები - სახელმწიფო საკრედიტო ბილეთები, ასევე ოქროს, ვერცხლისა და სპილენძისგან მოჭრილი მონეტები.

სპილენძისგან დამზადებული იყო მონეტები ნომინალური ღირებულებით - 1/4; 1/2; 1; 3 და 5 კაპიკი. ვერცხლისგან - 5; 10; 20; 25; 50 კაპიკი და 1 რუბლი, ხოლო ოქროსგან - 5; 7,5; 10 და 15 რუბლი. ამ უკანასკნელს იმპერიალი ეწოდებოდა.

მუშათა ანაზღაურება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თხზულებაში "საქართველოს ეროვნული მეურნეობა" მოყვანილია სტატისტიკური ცნობები 1914 წლის თებერვალში თბილისში არსებული საშუალო დღიური ხელფასებისა და პირველი მოთხოვნილების საგნების ფასების შესახებ.

ამ მონაცემების მიხედვით, საშუალო დღიურ ანაზღაურებად მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს, კონკრეტულად კი სხვადასხვა სპეციალობის მუშა დღიურად საშუალოდ იღებდა შემდეგ ხელფასს (რუბლებში): გამთბობი - 3,5; დურგალი, ხარატი და მლესავი - 3; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო - 2,5; მჭედელი - 2; მხერხავი - 1, ხოლო დღიური მუშა - 80 კაპიკს.

პირველი მოთხოვნილების საგნები იყიდებოდა გირვანქობით, რაც 409 გრამს შეადგენდა. ერთი გირვანქა ყველი თბილისში საშუალოდ ღირდა (კაპიკებში) 20; ერთი გირვანქა ზეთი - 18; ხორცი - 14; ბრინჯი - 11; ლობიო - 8; ხახვი - 5; პური - 4; მარილი - 4; კომბოსტო - 3,8; კარტოფილი - 1,7; ნავთი - 4; ერთი გირვანქა ნახშირი - 60 კაპიკი.

მეცნიერ-პედაგოგთა ხელფასები

maneti2-1686394963.jpg

ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში, პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერ-პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო.

ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ნიკო მარს "სტუდენტობაში მარტო სტიპენდია - 25 მანეთი ჰქონდა. ამით ცხოვრობდა, რასაკვირველია, ღარიბად. უნივერსიტეტში რომ დატოვეს, 50 მანეთი ჰქონდა და როცა პრივატ-დოცენტი გახდა - 100 მანეთი".

ილიასა და აკაკის შემოსავალი

fuli3-1686394883.jpg

ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ილია ჭავჭავაძეს "არა ჰყოფნიდა არც საგურამოს მამულის შემოსავალი, არც ბანკიდან აღებული ჯამაგირი და არც თავისი დის - ელისაბედისგან მიღებული დახმარება. და იგი სულაც არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: "ვალები მაქვსო"... ბანკში წინათ მაინცდამაინც დიდი ჯამაგირები არ ჰქონიათ მოსამსახურეებს, მაგრამ როცა "ბანკობიადა" მოთავდა და აქციების კონვერსია მოახდინეს, ბანკის შემოსავალმა ერთობ მოიმატა, ისე, რომ ყველა ხარჯის გამოკლებით ნახევარი მილიონი მანეთი რჩებოდა საქველმოქმედო საქმეებისთვის და მოსამსახურეებსაც ჯამაგირი მოემატათ. მაგალითად, ილია, როგორც თავმჯდომარე, წელიწადში უკვე 5 ათასს იღებდა წინანდელი 3 ათასის მაგიერ. ამას გარდა, ბანკის მოგების გარკვეული პროცენტი მოსამსახურეებს ეძლეოდათ ზედმეტად, რაც მათ თვიურ ჯამაგირს აღემატებოდა".

მისივე ცნობით, იმ დროისთვის თბილისის ვიცე-გუბერნატორის წლიური ხელფასი შეადგენდა 3 ათას მანეთს. იხილეთ სრულად

myquiz