"ამ ფოტომ ბევრი პრობლემა შემიქმნა" - სხვა ცხოვრება სამშობლოდან გაქცევის შემდეგ და იტალიაში ნაპოვნი ბედნიერება
ერთი წლის წინ, ავღანელმა ქალმა, შარბათ გულა შინვარიმ პირველად დადგა ფეხი იტალიაში. მის უკან კი დარჩა ქვეყანა, სადაც ახლა "თალიბები" არიან ხელისუფლებაში. ისევე, როგორც 38 წლის წინ, როდესაც მისი სურათი პირველად ჟურნალ National Geographic-ის გარეკანზე გამოქვეყნდა, დღესაც, ის კვლავ დანგრეული ქვეყნისა და იძულებით გაქცეული ხალხის სიმბოლოა.
იტალიურ გამოცემას "Il Venerdì"-სთან ქალმა ექსკლუზიურად ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება სამშობლოს დატოვების შემდეგ.
შარბათ გულას ცხოვრება ისევ ახალი ფურცლიდან იწყება. მასზე, როგორც მსოფლიოში ცნობილი ქალზე ისევ წერენ, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ, როცა ის 10 წლის გოგონა იყო.
ახლა იტალიურს სწავლობს, ცხოვრობს ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში, ქაოსისა და ხმაურისგან შორს, ხეებითა და სათამაშო მოედნით გარშემორტყმულ ორსართულიან სახლებს შორის. ავღანეთი აქედან შორს არის.
47 წლის ქალი, სამუდამოდ დარჩა ბავშვის ხატებაში. მას შეეძლო სადმე, სხვა ქვეყანაში წასულიყო, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ იტალია აირჩია.
"მქონდა არჩევანის შესაძლებლობა. როდესაც თალიბები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მივხვდი, რომ დარჩენა გამიჭირდებოდა. ავღანეთში ძალიან კარგად მიცნობენ. რამდენიმე მთავრობამ შემოგვთავაზა დახმარება, მაგრამ იტალია ავირჩიე, რადგან მითხრეს, რომ იტალიელები კეთილი ხალხია. ვიცოდი, რომ იტალიამ ბევრი რამ გააკეთა ავღანეთისთვის. გადავწყვიტე ცხოვრება აქ მეცადა", - ამბობს შარბათ გულა.
ქალთან ერთად იტალიაშია მისი ოჯახი - სამი შვილი.
"იმედები არ გამცრუებია. აქ ჩამოსვლის შემდეგ არასოდეს გვიგრძნია თავი არასასურველად. აქ ყველა კარგია, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო ბევრს არ ვსაუბრობთ. თითქმის არავინ იცის, ვინ ვარ და ჩემთვის ეს კარგია. რაღაცას მოგიყვებით, პირველად რომ მივედი საავადმყოფოში რამდენიმე ექიმმა და ექთანმა შემომხედა, მაკვირდებოდნენ, ვიყავი თუ არა ფოტოზე გადაღებული პატარა გოგონა, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ეს მე არ ვიყავი და გამიხარდა. მხოლოდ ჩემმა იტალიურის მასწავლებელმა, ექიმმა და რამდენიმე სხვამ იცის ჩემი ამბავი და ეს კარგია ჩემთვის", - ამბობს ავღანელი ქალი.
მის ამოცნობას ნამდვილად არ დასჭირდება დიდი ძალისმევა. მზერა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, ჯერ კიდევ ისეთივეა. რაღაც მომენტებში თვალები ისევ ისე ანათებს, როგორც ცნობილ ფოტოზე, რომელმაც შარბათ გულა ცნობილი გახადა.
მხოლოდ ათი წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა პაკისტანში, ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო. 13 წლის იყო, როდესაც გაათხოვეს და ამის გამო, სკოლის დატოვება მოუხდა. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა შორეულ მხარეში ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე. იხილეთ სრულად