ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც დედის რძისგან სამკაულებს ამზადებს? - რამდენად რთულია მათი დამზადება და რა ღირს სამკაულები? | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც დედის რძისგან სამკაულებს ამზადებს? - რამდენად რთულია მათი დამზადება და რა ღირს სამკაულები?

დედის რძისგან სამკაულების შექმნის იდეა 27 წლის ანა სარიშვილს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა შვილებთან დაკავშირებული ბედნიერი მოგონებები სხვა ფორმით შეენახა. ანას სამკაულის დამზადება თავისთვის უნდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში მსგავს პროდუქტს არავინ ქმნის, იმ ქვეყნებში კი, სადაც სამკაულს ამზადებენ რძის გაგზავნა პრობლემატურია.

სწორედ ამიტომ, საკმაოდ რთული ტექნოლოგია შეისწავლა და ახლა დედებს საკუთარი რძისგან უნიკალური სამკაულის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ამ უცნაურ და უჩვეულო საქმიანობასთან დაკავშირებით ანამ "პრაიმტაიმთან" ისაუბრა.

ana-sarishvili-o-h-1-1685691793.jpeg

„მე თავად მყავს ორი შვილი, მესამე წელია უკვე უწყვეტად ლაქტაციის პროცესში ვარ. საკმაოდ რთული და ემოციური გზა გავიარე ორივე ბავშვთან ერთად და უკვე ბოლოს ვუახლოვდები. მინდოდა ამ ქვების დამზადება ჩემთვის, სამახსოვროდ. საკმაოდ ძვირი ღირს, საქართველოში არ აკეთებს არავინ. ამერიკაში კი ჩემი რძის გაგზავნა შეუძლებელია და დავინტერესდი, თუ შევძლებდი თავად შემექმნა ჩემთვის. შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემსავით ალბათ, ბევრია, ვისაც ექნება სურვილი და ჩემ მსგავსად, არ ექნება შესაძლებლობა, მასალა გააგზავნოს ამერიკაში.

მასალასთან მუშაობას ტექნიკა სჭირდება და დროც. 2-3 დღე შეიძლება დასჭირდეს ერთი ქვის შექმნას. თითოეული ქვა უნიკალურია და საკუთარ ისტორიას ატარებს. სატარებლად უსაფრთხოა, ცხადია. თქვენი შეკვეთით დამზადებული ქვის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის ფერისგან, რადგან ყველა დედას განსხვავებული რძე აქვს“,- განაცხადა დიზაინერმა.

როგორც ანა გამარტავს, რძის შენახვას სპეციფიკური ტექნოლოგია სჭირდება, რაც ვიდეოების მეშვეობით შეისწავლა. თუმცა, თვითონაც დასჭირდა გარკვეული ტექნიკის შემუშავება იმისთვის, რომ რძე სამუდამოდ შეინახოს ქვაში და სამკაულმა თავდაპირველი სილამაზე არ დაკარგოს. მისი თქმით, საზოგადოების დაინტერესება საკმაოდ დიდია. ანა ასევე საუბრობს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვან შეფასებებზე:

ana-sarishvili-o-h-2-1685691807.jpeg

"სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ისეთ საშინელ კომენტარებს ვაწყდები ჩემს ქვებთან დაკავშირებით, ვფიქრობ – ღირდა ამად ამ საქმის დაწყება? თუმცა, როცა ამ სიახლით გახარებული დედები მწერენ და მადლობას მიხდიან, რომ ამის შესაძლებლობა მივეცი, იმხელა სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, უარყოფითი კომენტარებით გამოწვეული ნეგატიური ემოციები ქრება და ვხვდები, რომ ნამდვილად ღირდა."- აცხადებს ის.

ana-sarishvili-o-h-1685691821.jpeg

რაც შეეხება სამუშაო პროცესის ხანგრძლივობას და ფასებს, ანას გამარტებით ის დამოკიდებულია შემკვეთის მოთხოვნასა და სურვილებზე:

"საკმაოდ შრომატევადი პროცესია. რძის დამუშავებას 2-3 დღე სჭირდება. საერთო ჯამში კი, ერთი ქვის შესაქმნელად 3-4 დღეა საჭირო. თუ განსაკუთრებული სურვილი აქვს მომხმარებელს, მაგალითად, ინიციალების დამატება, ეს კიდევ დამატებით დროს მოითხოვს. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი, თუმცა, სასიამოვნო პროცესია განსაკუთრებით იმაზე ფიქრში, რომ ეს სამკაული ძალიან დიდხანს დარჩება დედას ან შვილს და სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს. ერთი სამკაულის ღირებულება 128 ლარია, მაგრამ თუ ერთზე მეტის შეძენას მოინდომებენ, ფასდაკლება ექნებათ."- განამარტავს ანა.

myquiz