მილიარდერი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვორბდა - ვინ იყო ყველაზე მდიდარი და ძუნწი ქალი მსოფლიოში
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ქალის შესახებ, რომლის სახელიც „გინესის რეკორდების წიგნში“ აღნიშნულია, როგორც „ყველაზე ძუნწი ადამიანი მსოფლიოში“.
1916 წლის 3 ივლისს მსოფლიოში ყველაზე ძუნწი ქალი გარდაიცვალა. ჰენრიეტა ჰოულენდ გეტი გრინი, რომელსაც ზურგს უკან „უოლ სტრიტის ჯადოქარს“ უწოდებდნენ, 81 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვალებისას გეტი იმ დროის ყველაზე მდიდარი ქალი იყო, მისი ქონება 4 მილიარდ დოლარს ითვლიდა. მას დაახლოებით 8 ათასი მიწის ნაკვეთი ჰქონდა და ყიდულობდა კომპანიების აქციებს.
მოდით, თვალი გადავალოთ მის ცხოვრებას.
ჰენრიეტა დაიბადა 1834 წელს, ოჯახში, რომელსაც იმ დროისთვის არც ისე ცუდი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. ჰოულენდების შემოსავლის ძირითადი წყარო ვეშაპების ქონი იყო. გოგონას აღზრდით დაკავებული იყო მისი ბაბუა – გიდეონ ჰოულენდი. როდესაც მოხუცი გიდეონს მხედველობა თანდათან გაუუარესდა, შვიდი წლის გეტი მის კალთაში ჯდებოდა და დიდი ინტერესით უკითხავდა გაზეთში არსებულ ფინანსურ ამბებს, ის ძალიან კარგად ერკვეოდა განსხვავებაში აქციებსა და ობლიგაციებს შორის.
უკვე მოზარდობისას გოგონა ძალიან კარგად ერკვეოდა ბუღალტერიაში, მამას საქმეების წარმოებაში ეხმარებოდა და უხაროდა როცა კანონის გამოყენებით ხარჯებს ამცირებდა. ის ძალიან დიდი სიამოვნებით აკეთებდა ეკონომიას საკუთარ თავზეც კი. მან სისულელედ ჩათვალა ფული დაეხარჯა სკოლის გამოსაშვები საღამოს კაბაზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოადგებოდა ცხოვრებაში. გეტიმ ფული ბანკში წაიღო, ხოლო გამოსაშვებ საღამოზე ძველი კაბით წავიდა. სკოლის შემდეგ მან ბუღალტერიის კურსები გაიარა და დიდი სიამოვნებით შევიდა ფინანსების სამყაროში.
მისი ეკონომიურობის შესახებ, რომელიც შემდგომ სიძუნწეში გადაიზარდა ლეგენდები დადის. ჰენრიეტა საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ თაყვანისმცემლებს ცოტა აშინებდა ის, რომ ახალგაზრდა გოგონა ყოველთვის ერთსა და იმავე დაძონძილ კაბაში და გაცვეთილი ფეხსაცმლით დადიოდა. დედის გარდაცვალების შემდეგ გეტი ძალიან იშვიათად მართავდა სახლში სტუმრების მიღებას. ამბობენ, რომ გრინი ძვირ სანთლებს სტუმრების წასვლამდე აქრობდა, ხოლო მომწვარ სანთლებს მეორე დღეს ყიდდა. ხელსახოცებს მილიონერი ქალიშვილი არ ყრიდა, არამედ აპკურებდა წყალს და აუთოებდა შემდგომი მოხმარებისთვის.
რამდენიმე წლის შემდეგ მისი მამაც გარდაიცვალა, თანაც მანამდე ქალიშვილი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ის შესაძლოა განზრახ გამოასალმონ სიცოცხლეს. იმ დროიდან ახალგაზრდა ქალი სულ ეჭვებში იყო. ჭამდა მხოლოდ იმას რასაც თვითონ მოამზადებდა. შემდეგ ჰომეოპათიის ჭეშმარიტება ირწმუნა და პროფილაქტიკის მიზნით გამუდმებით ხახვსა და ნიორს მიირთმევდა.
მამის სიკვდილის შემდეგ, 1865 წელს ჰენრიეტა მნიშვნელოვანი ქონების, 7,5 მილიონი დოლარის მემკვიდრე გახდა. მაგრამ ქონების ხარჯვა კაბებსა და ძვირფასეულობაზე არ დაუწყია. მან ფულის დაგროვება, ინვესტირება და გამდიდრება დაიწყო. შემდგომ რამდენიმე წლით გაიწელა გარდაცვლილი დეიდის ანდერძის გასაჩივრება. დეიდამ თავისი ქონების 2/3 უანდერძა, მაგრამ შემდეგ შეცვალა ანდერძი და ეს თანხა უნდა წასულიყო ქველმოქმედებაზე. ჰენრიეტა ენთუზიაზმით შეუდგა სასამართლოში ქონებისთვის ბრძოლას. მან იპოვა ძველი ანდერძი და გააყალბა გვერდი, რომელიც თითქოს აუქმებდა ყველა მომდევნო ანდერძებს.
მამის გარდაცვალების შემდეგ ჰენრიეტა თავის მომავალ მეუღლეს, ედვარდ გრინს შეხვდა. ამერიკელი გრინის ოჯახში იყვნენ კონგრესმენები და მოსამართლეები, ედვარდის ბიძა კი ბოსტონის მერი იყო. თავად ედვარდმა, რომელიც რამდენიმე ენაზე საუბრობდა, მათ შორის ჩინურზე, ნახევარი მსოფლიო მოიარა. თვრამეტი წლის განმავლობაში ის ფილიპინებზე იმყოფებოდა, სადაც მან მნიშვნელოვანი ქონება გამოიმუშავა აბრეშუმის, ჩაის, თამბაქოს და ჰაშიშის ვაჭრობით.
ედვარდი მხარს უჭერდა ჰენრიეტას, როდესაც მამა გარდაეცვალა, შემდეგ კი – როცა დეიდა გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, 32 წლის ჰენრიეტა დათანხმდა ედვარდ გრინზე დაქორწინებას. საქმრო 40 წელს გადაცილებული იყო და ის აშკარად არ წარმოადგენდა გოგონას გაცოცხლებულ ოცნებას: დაბალი, მელოტი და მუცლით. მაგრამ გეტი შეხედულებების მსგავსებამ მიიზიდა: ედუარდი ასევე საკმაოდ ეკონომიის მოყვარული იყო და არ უყვარდა ფულის დახარჯვა რაიმე სისულელეზე. წყვილმა დააკანონა ურთიერთობა და გააფორმა საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მეუღლეს გეტის ქონებიდან არც ერთი ცენტზე უფლება არ ჰქონდა. ოჯახი ოჯახია, მაგრამ ფული ცალკეა. მაშინაც კი, როდესაც ქმარი გაკოტრდა და ვალებში ჩავარდა, გეტი არ დაეხმარა ქმარს. მან უბრალოდ გააძევა იგი.
ქორწინებიდან ჰენრიეტას ორი შვილი დარჩა: ნედი და სილვია, რომლებიც პერიოდულად განიცდიდნენ დედის გადაჭარბებულ ეკონომიურობას. გრინს არ ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი, ცხოვრობდა ყველაზე იაფ მოტელებში, ზოგავდა მედიკამენტებსა და სასურსათო პროდუქტებს. ჰენრიეტა თითქმის არასდროს ხარჯავდა ფულს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში და საცვლებს მხოლოდ მაშინ იცვალა, როცა წინა საცვლები ნაფლეთებად იქცეოდა. იხილეთ სრულად