ახალგაზრდა მეღვინე მესხეთიდან და ოთხსაუკუნოვანი ვაზი, რომლისგანაც დამზადებულმა ღვინომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
"წარმატება, რომელზეც ვოცნებობდი, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა. რთული პერიოდი გავიარე. პირველ ეტაპზე არანაირი დაფინანსება, გრანტი არ მიმიღია. საკუთარი თანხებით, სესხებით ავაწყვე ყველაფერი. პარალელურად სხვა საქმიანობას ვეწეოდი, რათა მესხეთში ეს მეღვინეობა-მევენახეობა განმევითარებინა, ეს იყო ჩემი მიზანი," - გვეუბნება ახალგაზრდა მეღვინე, მევენახე და მკვლევარი გიორგი ნათენაძე.
წელიწადში სამი სხვადასხვა სახეობის 6-7 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მესხურ ღვინოს 14 ქვეყანაში ყიდის. სურს კიდევ მეტ ქვეყანაში გაიტანოს და მსოფლიომ მესხური ყურძნის ჯიშები გაიცნოს. ბოლო 5 წელიწადში დაუღალავი შრომით დიდ აღიარებას მიაღწია.
2020 წელს ამერიკულმა "ფორბსმა" მისი ღვინო მსოფლიოს 6 საუკეთესო ნატურალურ ღვინოს შორის დაასახელა, 2017 წელს "Los Angeles Times“- მა მისი "მესხური წითელი" მსოფლიოს სამ საუკეთესო ღვინოს შორის აღიარა.
გიორგის გამოცდილებით ინტერესდებიან ჩვენი თუ უცხოური გამოცემები, ტელევიზიები, გამომცემლობები, მის საქმიანობაზე ფილმებია გადაღებული... ამასთან მნიშვნელოვანი ოთხი შვილის მამაა.
ასევე, აღანიშნავია ისიც, რომ მის მამულში 400 წლის მესხური ვაზი ცხენისძუძუ ხარობს, რომლისგანაც გიორგი შესანიშნავ ღვინოს აყენებს.
- 2009 წელს ჩვენმა ოჯახმა მესხური ღვინო დააყენა, მათ შორის იყო უკვე ცნობილი ვაზი ჭაჭკარიდან (სოფელი ვარძიის უკან). საგვარეულო სოფელია, სადაც პატარა საკარმიდამო ნაკვეთი გვაქვს და იქ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის ვაზი ხარობს. ბავშვობიდან მახსოვს, მას პაპაჩემი სხვანაირად ეფერებოდა და უფრთხილდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ გამორჩეული ჯიში იყო მესხურ ჯიშებს შორის. მას თეთრი ცხენისძუძუ ჰქვია. ცხენისძუძუ შავიც არის და თეთრიც. არსებობს შავი ცხენისძუაც, საერთოდ, მესხური დასახელებები ძალიან საინტერესოა - ხარისთვალა თეთრი და ხარისთვალა წითელი, ჩიტისკვერცხა, სამარიობო... სახელწოდება ცხენისძუძუ დაკავშირებულია მის ფორმასთან და სავარაუდოდ, სწორედაც ცხენის ძუძუს არის შედარებული. კახური თითა ყურძენი რომ წარმოვიდგინოთ, ოღონდ მისი კონუსური ვარიანტია. რეგიონში რამდენიმე მსგავსი ვაზია, ალბათ, ჩვენი მთავარი, დედავაზი იყო, რომლისგანაც სხვა დანარჩენი გამრავლდა.
- კალმებით თუ ამრავლებთ მას?
- კი, ვცდილობ, ავიღო კალმები, დავაფესვიანო, დავამყნო და გავამრავლო... გააჩნია, როგორი წელიწადია, როგორი ამინდი - ამ ჩვენი 400-წლოვანი ვაზიდან ხან 70-80 კილოგრამ მოსავალს ვიღებ, ხანაც 150-ს. საკმაოდ მაღალ შაქრიანობას აგროვებს, მესხეთში ეს იშვიათობაა. ნოემბრის შუა რიცხვებში ვკრეფ, სწორედ მაშინ, როცა შაქრიანობა ყველაზე მაღალია, დაახლოებით 28%-ზე ადის. როდესაც ჭაჭაზე ვაყენებთ, გემოვანი თვისებით თითქოს თაფლის გემო აქვს, ქარვისფერი ღვინო გამოდის. ცხენისძუძუს, ხარისთვალასა და მესხურს (შავს) ერთად ვაყენებ, რათა რაოდენობით შედარებით მეტიც იყოს და საინტერესო კუპაჟი გამოდის. დღეს ჩვენს მარანში იწარმოება ღვინო ველური ვაზების ნაყოფისგანაც, ანუ ის, რაც გადარჩენილია, რაც ფესვზეა გაზრდილი. მათ არავინ უვლის, თავს თვითონ ირჩენენ. მათ ნაყოფს ვაგროვებ და ღვინოს ვაყენებ. ეს არ არის ბიოღვინო, რომელსაც უვლი და ბიოსაშუალებებით წამლავ. ეს არის თავის ფესვზე გაზრდილი საუკუნეების ვაზი, რომელიც აბსოლუტურად ველურია, ბუნებრივია, არ სხლავ, არ უვლი და არ წამლავ. მხოლოდ მოსავალს აგროვებ. იხილეთ სრულად