"განა არ შემეძლო, უკეთეს პირობებში მეცხოვრა და ივანიშვილის სტიპენდიატი გავმხდარიყავი?" - რამ გადააწყვეტინა ვახტანგ ფანჩულიძეს პოლიტიკაში მოსვლა
ვახტანგ ფანჩულიძე (ბურნუთა - კინოფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა") ახალგაზრდობისას ალბათ ყველაზე ნაკლებად იფიქრებდა, რომ გავიდოდა წლები და ან მუშთაიდში კარუსელების ოპერატორად იმუშავებდა, ან პოლიტიკურად აქტიური გახდებოდა და ქვეყნის გადასარჩენად პარტიის შექმნას გადაწყვეტდა.
- ჩემი პოლიტიკურად აქტიურობა გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა აუტანელმა სიტუაციამ. ვხედავ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში კარგი არაფერი ხდება, სააკაშვილის პერიოდის გამოკლებით, რადგან მაგ დროს გაცილებით უკეთ ცხოვრობდა ხალხი - ფასები იყო დაბალი, თორემ არც მაშინ ყვაოდა ყველაფერი. მაგალითად, მე სოციალურად დაუცველი ვიყავი და ერთ ლარს ვიღებდი დღეში... ზოგს უკვირს, მსახიობ კაცს პოლიტიკაში რა გინდაო?!. მე ქრისტიანი ვარ და მიყვარს ადამიანები. მინდა ჩემი ხალხი კარგად ცხოვრობდეს. განა არ შემეძლო, უკეთეს პირობებში მეცხოვრა და ივანიშვილის სტიპენდიატი გავმხდარიყავი? თავის დროზე შემომთავაზეს კიდეც, მაგრამ უარი ვთქვი, რაც ბევრს გაუკვირდა.
- რატომ თქვით უარი?
- მე რომ კარგად ვიცხოვრებდე, ყოველდღე ვიქეიფებდი მეგობრებთან ერთად და ჰარიჰარალე მექნებოდა, ამ დროს კი ჩემი მეზობელი მშიერი იქნებოდა, თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდი. მინდა, ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ. ამიტომაც ვეუბნები ივანიშვილის მთავრობას, ჩვენც მოგვიწყვეთ ისეთი ცხოვრება, როგორიც თქვენს 800 000 მომხრეს აქვს და უკმაყოფილო აღარავინ იქნება. საჯარო სექტორში მხოლოდ თავიანთი მომხრეები ჰყავთ დასაქმებულები, ხელფასები იწყება 2.500 ლარიდან, პრემიები და დანამატები - ცალკე. ერთადერთი კარგი საქმე, რაც ივანიშვილს გაუკეთებია, სწორედ ის არის, რომ მის მომხრეებს ასეთი ანაზღაურება აქვთ - ისინიც ჩემი საყვარელი ქართველები არიან, მაგრამ დანარჩენებსაც ხომ გვინდა ცხოვრება?! რაკი ოპოზიციაში ვარ და არ ვეთანხმები ივანიშვილის პოზიციას, რომელიც აშკარად რუსეთისკენ მიათრევს საქართველოს; რაკი არ ვემხრობი იმას, რომ ამ ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაყინა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა; რაკი არ ვეთანხმები იმას, რომ მხოლოდ მომხრეებს ასაქმებ და სხვები არ გაინტერესებს (სხვათა შორის, ასევე იქცეოდა სააკაშვილიც), ცუდად უნდა ვიყო?.. ააყვავე ბიზნესგარემო, დამასაქმე და მეც გადამიხადე იმდენი, რომ თავი ადამიანად ვიგრძნო. უზრუნველყონ ჩვენი ცხოვრების დონე, მშვიდობიანი განვითარება, დაცულობა ბარბაროსებისგან, ანუ რუსებისგან და აღარ იქნება ხალხში ამხელა უკმაყოფილება. ნატო იმიტომ მინდა, რომ ის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა თავისი წევრი ქვეყნებისთვის. ევროკავშირი მინდა იმიტომ, რომ ვიმუშაო და ავიღო შესაბამისი ხელფასი, მაგალითად, 1.300 ევრო; კიდევ იმიტომ, რომ მეც მქონდეს სიტყვის ისეთი თავისუფლება, როგორიც ევროპაშია, ოღონდ შინაგანი კულტურისა და ცენზურის ფარგლებში. და რაკი ამ ყველაფერს ვერ უზრუნველყოფენ, 2 ვადით ხომ იყვნენ უკვე, გადადგნენ და სხვას მისცენ ხელისუფლება. "ნაციონალებიც" იყვნენ 2 ვადით და დათმეს ხელისუფლება. დემოკრატია თუ გვინდა, ახლა ისინიც უნდა მოვიდნენ, ვინც საერთოდ არ ყოფილა ხელისუფლებაში.
- ალბათ თქვენს პოლიტიკურ პარტიას "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გულისხმობთ. როგორც ვიცი, სამოქმედო პროგრამაც დაწერილი გაქვთ.
- დიახ, მყავს მომხრეების დიდი რაოდენობა და მაქვს პროგრამაც. პირველ რიგში, ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებამდე უნდა გააცნოს ხალხს თავისი პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ ადამიანებზე, დღეს სიღატაკის ჭაობში რომ არიან და იმ ინსტიტუციონალურად დაშლილ ქვეყანაზე, სადაც ყველა ემსახურება ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებას. ხელისუფლებაში მოვალ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ მილიონი ადამიანი შემომიერთდება. წაიკითხეთ სრულად