"ფეისბუქზე გმირებს ხომ დაეძებთ?! ჰოდა, დედაჩემი გმირია!" - დედის დღის გულისამაჩუყებელი მილოცვა და ბავშვობის მოგონებები | Allnews.Ge

"ფეისბუქზე გმირებს ხომ დაეძებთ?! ჰოდა, დედაჩემი გმირია!" - დედის დღის გულისამაჩუყებელი მილოცვა და ბავშვობის მოგონებები

3 მარტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაულია, რა დროსაც შვილები დედებს ამ დღეს ულოცავენ და მადლობას უხდიან. დღეს სოციალურ ქსელში ასეთ ძალიან გულისამაჩუყებელ და თბილ მოლოცვას გადავაწყდი. უცვლელად გიზიარებთ, ხელოვნებათმცოდნე ნინო ბარნაბიშვილის პოსტს.

"იშვიათად ან საერთოდ არ ლაპარაკობს ხოლმე წარსულის სირთულეებზე, მაგრამ არის რაღაცები, რაც თვითონ თუ არა სხვამ მაინც უნდა თქვას.

ადამიანების გარკვეულ ნაწილს მსგავსი რამ არ გაუვლია გონებაში და მხოლოდ თანაგრძნობის დონეზე თუ გაიგებს... აი, ის კი, ვისაც ცხოვრებაში იოლად არაფერი გამოსვლია, ჩემს სათქმელს ზუსტად გაიგებს.

შავ-ბნელ ოთხმოცდაათიანებში მარტო დარჩენილი ქეთინო (დედა) მე და უსინათლო ბებოს გვივლიდა. უშუქობის, უწყლობის, უგზოობისა და უყველაფრობის პერიოდში ჩემთვის რძის გასათბობად მთელ სამეზობლოს შემოივლიდა, ადუღებული კი სირბილით მოჰქონდა, რომ გზაში არ შეგრილებულიყო. სულ სხვა ცხოვრებით ნაცხოვრები ადამიანი ჩვენთვის ყოველ დილას შეშას ჩეხდა, ღუმელს ანთებდა, საჭმელს ამზადებდა და ლექციების წასაკითხად ნიკოლაძეში მიდიოდა, იქიდან სამხატვრო სკოლაში, მცირე აკადემიაში და სხვა ბევრ სამსახურში, რომ ხელფასად აღებული 50 ლარით ჩვენ გამოვეკვებეთ. საღამოს, სახლში დაბრუნებული ხელოვნების ისტორიაში ამეცადინებდა ბავშვებს... იღლებოდა... მაგრამ ჩვენთან სალაპარაკო დროს ყოველთვის პოულობდა.

10989237-10203772254934215-6793837536625175210-n-1-1677836826.jpeg

ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ უბანში მეზობელმა ჩვენი ფანჯრის თავზე დაუკითხავად „ლევი“ ხაზი გადაჭიმა... მე და ბებიკომ კი ვთხოვეთ, რომ ქეთინოს მოსვლამდე დაეცადა, მაგრამ 4 წლის ბავშვს და მოხუც ბებიას ყური არ გვათხოვა და მაინც გაჭიმა ხაზი.... გვიან, სახლში დაბრუნებული დედა გადავიდა მათ ოჯახში და აუხსნა ჩვენი სიტუაცია ამ „მამაკაცს’ და მის მეუღლეს (თუმცა ახსნა რად უნდოდა... ისედაც ყველაფერი ჩვენზე კარგად იცოდა მათი ოჯახის უფროსმა). „რა ვქნა ქეთო-ჯან, მეც ხო მინდა შუქიო“ ამ სიტყვებით გამოისტუმრა უკან... მეორე დღეს დედა სამსახურში უნდა წასულიყო. ვერ გააცდენდა და იმის იმედად, რომ საღამოთი რაც სთხოვა, მეზობლის ოჯახი იმაზე დაფიქრდებოდა და მოხსნიდა იმ ხაზს, სამსახურში წავიდა...

მოგვიანებით, მე და ბებო ფანჯარაზე კაკუნის ხმამ გაგვაღვიძა. ფანჯარა, რომ გავაღეთ, ინკასატორი შეგვრჩა ხელში... ჯარიმა გამოგიწერეთ და აქ ხელი მომიწერეთო... ბებიამ აუხსნა, რომ ეს ხაზი ჩვენი არ იყო. მეც ვუხსნიდი, რომ ჩვენ სახლს უვლიდა გარს, შიგნით საერთოდ არ შემოდიოდა... „ვიღაც ხომ უნდა დავაჯარიმო, ქალბატონო“ ტექსტით მოგვიგდო 2000 ლარიანი ჯარიმის ფურცელი და წავიდა... აი, 90-იანებში 2000 ლარის დაფარვას 50 ლარიანი ხელფასით როგორ მოვახერხებდით ან დედას რას ვეტყოდით საღამოს წარმოდგენა არ გვქონდა...

ერთკვირიანი მოლაპარაკების შედეგად დავალიანება 2 წელზე გადაგვინაწილეს... დედამ გაზეთში დაიწყო სტატიების წერა, პარალელურად სტამბაც დაემატა და ორი წლის თავზე დაფარა სხვისი არაკაცობის გამო მიღებული ჯარიმა.

იყო ასეთი შემთხვევაც... ერთ მშვენიერ დღეს სკოლის გზაზე მიმავალმა გადავწყვიტე ტოტების აგროვება (ღუმელს ხომ მუდმივად უნდოდა შეშა და ამ შეშას შოვნა...). ჩემი ჭკუით, დავეხმარე... თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან „პიონერთა სასახლემდე“ (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი) ჩანთაში რამდენი ტოტიც ჩამეტია, იმდენი ავაგროვე და მივედი სკოლაში.

ბავშვების მშობლებიდან ერთ-ერთმა გამომხედა, ჩაიცინა და თქვა: „ბარნაბიშვილს შეხედე, საწყალი, რა დღეშია. საწყალი ნაფოტებს ეზიდება სახლში. ჰგონია, რომ ერთი ჩანთა ფიჩხი ეყოფა სახლის გასათბობადო...“ დღის ბოლომდე სხვამაც დამცინა და ატირებული დავბრუნდი შინ. ბებო დედას მოუყვა საღამოს რაც მოხდა. ქეთინო აწყლიანებული თვალებით მოვიდა ჩემთან და მიმტუქსა... ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ სიცოცხლის ბოლომდე, რომ არაფერი მოგაკლდეს შენ, ერთადერთი, სწავლით და კარგი შვილობით დამეხმარეო. ის საუბარი ახლაც მომყვება ცხოვრების მეგზურად...

3-1677836841.jpg

რამდენჯერ საყვედური უთქვამთ თან რომ დაგყავდი სამსახურში მარტო იმიტომ რომ დამტოვებელი და დამხმარე არავინ გყავდა... არაფერს უშინდებოდი ჩემს გამო და სულ გვერდში მედექი. ერთი მომენტი ჩვენ ცხოვრებიდან სულ სამაგალითოდ მაქვს... ვინც დედას იცნობს იცის რომ დედას სიმაღლის ძალიან ეშინია...

ერთხელ გაიგო, რომ ლესელიძის ქუჩის სიახლოვეს ერთ-ერთ შენობას ხარაჩოებს ხსნიდნენ და სასწრაფოდ გადაწყვიტა მისულიყო და წამოეღო შეშა ჩვენთვის... იქ მისულს უთხრეს, რომ უკვე გასხვისებულია ყველაფერი. ღიმილით უთხრეს სულ ზემოთ, სამი სართულის სიმაღლეზე, დარჩენილია ფიცრები თუ მოხსნით ქალბატონო თქვენი იყოსო... ასვლით ავიდა... ჩამოხსნისას ხარაჩო ჩამოიშალა, დედა ჰაერში გამოეკიდა ფაქტობრივად და კინაღამ ჩამოვარდა... ხელებით ძლივს ეჭიდებოდა დარჩენილ ნაწილს... მუშებმა და მეზობლებმა ძლივს გადაარჩინეს... რომ ვიცი სიმაღლის როგორ ეშინია წარმომიდგენია რა გაიარა იმ რამდენიმე წუთში... იმ ღამეს სახლში მაინც მოიტანა შეშა... გაგვათბო...

ბევრი ხნის, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ დედა დღეს სამხატვრო სკოლის დირექტორია და დაუღალავად შრომობს ახალი თაობის სწორი აღზრდისთვის. ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეები სწორი ფასეულობებით აღიზარდონ. მე კი ბავშვობაში დედისთვის მიცემული პირობისამებრ ვცდილობ მთელი რესურსი სწავლა-განათლებასა და ახალი თაობების აღზრდას მოვახმარო...

ფეისბუქზე გმირებს ხომ დაეძებთ?! ჰოდა, იცოდეთ:

დედაჩემი გმირია.

ჩემი გმირი!

შვილის გაძლებისთვის ჯილდოს რომ იძლეოდნენ პირველი დედაჩემი აიღებდა... დიდად საამაყო ვერაა, მაგრამ საერთოდ არ მეხერხება სითბოს გამოხატვა... თუმცა წელიწადში ერთხელ ხომ „კაქტუსიც ყვავის“?!

დედა, ძალიან მიყვარხარ, გილოცავ და მინდა, რომ უსაზღვრო ბედნიერება გისურვო ცხოვრების გზაზე...

მიყვარს ის დრო, შოპენის ვალსებს, რომ უკრავდი ძველ სახლში... ნავთის ლამპის შუქზე მძივების და თოჯინების კეთებას რომ მასწავლიდი.

მიხაროდა, როდესაც „ბაღის სამეგობროდან“ მხოლოდ მე მიშვებდა დედა სამზარეულოში ფუსფუსს და მერე ერთობლივი კულინარიული შემოქმედების გასასინჯად მთელი უბნის ბავშვებს სახლში მოვიპტაჟებდით ხოლმე.

მენდობოდა... მენდობოდა ყოველთვის... და ზუსტად ეს ნდობა იყო ის „სინდისის ქენჯნა“, რომელიც მუდმივად მახსენებდა, რომ იქ, სადღაც „შორეულ“ ვერცხლის ქუჩაზე შინ მელოდა ადამიანი, რომელიც მენდო და მე მისი იმედები არ უნდა გამეცრუებინა.

სულ ვუსვამ ხოლმე საკუთარ თავს კითხვას: შევძლებ კი, ისეთივე ძლიერი ვიყო, როგორ ქეთია?! პასუხი არ მაქვს...

ბავშვობაში ჩემზე გაბრაზებულს ხშირად უთქვამს: „შვილები რომ გეყოლება მერე მიხვდები ბევრ რამესო...“

მართალია, არც მაშინ მყავდა შვილები და არც ახლა, მაგრამ ახლა უფრო მესმის დედასი... (ალბათ სკოლაში მუშაობის თერთმეტმა წელმა მაინც თავისი ქნა).

ისევ გამიგრძელდა სიტყვა...

მოკლედ გილოცავ დედის დღეს...

ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მინდა, რომ კიდევ ბევრი წელი და ბევრ დედის დღეს იყო ჩემს გვერდით.