როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი "ბიგ თიკო"?
ეკონომისტი, მსახიობი, ვიზაჟისტი და საქართველოში პირველი რეპერი ქალი - ასე შეიძლება მისი წარდგენა. "ბიგ თიკო" - ეს სახელი და გვარი ქართულ შოუბიზნესში 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში გამოჩნდა. რეპერად გაგვეცნო, აუდიტორიამაც მიიღო. მალე გულშემატკივრები და თაყვანისმცემლებიც საკმარისად შეიძინა. როგორ იხსენებს ბიგ თიკო იმ წლებს, რას საქმიანობს, როგორ ცხოვრობს, რას ფიქრობს, როდის რეპავს და რა გეგმები აქვს, ამაზე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- როგორ ხარო, მკითხეთ. ამ წუთას სასიამოვნოდ დაღლილი ვარ, რადგანაც სამსახურიდან მოვედი და თქვენ გესაუბრებით... ზოგადად კი რთულია, როცა შენ გარშემო ამდენი რამ ტრიალებს, ამ სოციუმში გიწევს ყოფნა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც მსოფლიოში ხდება, რაც პანდემიის გამო გადავიტანეთ, ეს კიდევ ცალკე თემაა. ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად დალაგებული სიტუაცია იყოს. მძიმე საყურებელია საზოგადოების „ამისიანებად“ და „იმისიანებად“ დაყოფა. ყველანი ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და რაც ყველასთვის სასიკეთო და სასარგებლო იქნება, ხომ შეიძლება ისე ვიცხოვროთ?! ცოტა მეტი სიყვარულ არ გვაწყენდა. საზოგადოების ასეთი გახლეჩილი მდგომარეობა ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს. ვფიქრობ, შემოქმედებითი სფეროს ადამიანების მიმართ უფრო სხვა მიდგომა უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყველას ყველაფერი პირდაპირ გეხება. აქაც გყოფენ „ამისიანებად“ და „იმისიანებად“.
ნეიტრალურ პოზიციას ვირჩევ იმიტომ კი არა, რომ „არც მწვადი დავწვა და არც - შამფური,“ მყავს მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებს იზიარებენ. თუმცა ამ ნიშნით არასდროს არავინ გამომიყვია. პოლემიკაც მოსულა, ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება, თან იმდენი შეგნება და იმდენი სიყვარული გვაქვს, რომ ამ ყველაფრის გამო ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ... ჩემკენაც ყოფილა თითის გამოშვერის მომენტი... თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთ-ერთ შეკრებაზე დიდი ხნის წინ შემთხვევით აღმოვჩნდი, ზოგადად არავის მხარეს ვყოფილვარ. შეგნებულად არ ვმონაწილეობ ასეთ აქციებში. ვფიქრობ, ჩემი ადგილი სცენაზეა და არა პოლიტიკაში.
- ხელის გაშვერაში რა იგულისხმე?
- მეგობრები ვისთან ერთადაც ვართ, აქტიურად არიან ამ რაღაც პროცესებში ჩართული და საკუთარ აზრს ყოველთვის ღიად აფიქსირებენ. მე აზრს დავაფიქსირებ, იქ სადაც საჭიროა, ისევ გავიმეორებ - სცენიდან ამას არ ვაკეთებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ამ პოზიციიდან ან ვამტყუნებ, ან ვამართლებ. მე ჩემი არჩევანი მაქვს - არ მინდა, ამ რაღაცებში ჩაღრმავება. ხელის გამოშვერა კი ყოფილა თუნდაც სოციალურ ქსელში, სატელეფონო ზარებიც ყოფილა, შეიძლება ამის მცდელობა ბოტების მხრიდან იყო. იყო მუქარაც, მაგრამ ის ყველაფერი ცრუ ინფორმაციაზე აგორდა, რომელიც გაავრცელეს. ბულინგიც შემეხო... მაგრამ „ძველი სკოლა ვარ“ და ამაზე სლენგით ვიტყვი, „აცრილი“ ვარ. ვინ რას იტყვის, მით უმეტეს, ტყუილს, ყურადღებას არ ვაქცევ. თუმცა ვიღაცებზე ამან შეიძლება ფსიქოლოგიურად იმოქმედოს. იმიტომ, რომ ადამიანების უკან ყოველთვის დგას ოჯახი, არიან მეგობრები, შვილები, კოლეგები, რომლებიც მასზე მეტად რეაგირებენ.
- სასიამოვნოდ დაღლილი მოვედი სამსახურიდანო... მოგვიყევი, რას და სად საქმიანობ.
- პანდემია რომ იწყებოდა, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რუსთავში სილამაზის სფეროში ისეთი სივრცე შეგვექმნა, სადაც ვიზიტორებს პროფესიონალიზმი, შესაბამისი გარემო, ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურება და კომფორტი დახვდებოდათ. თვითონაც ვიზაჟის სფეროში 12 წელია ვმუშაობ და რუსთავში როგორც ვიზაჟისტს კარგად მიცნობენ. დაახლოებით 15 წლის წინ დავინტერესდი და ვიზაჟის დაუფლება გადავწყვიტე. მოკლედ, გავხსენით სივრცე - სილამაზის მუზეუმი "ბიგ თიკოსგან", სადაც თანამედროვე კლასიკა და არტია გაერთიანებული. მუზეუმში გვაქვს მონუმენტები, რაღაც სხვა გარემოა და არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ სილამაზის სალონში ვართ. ეს არის ჩემი ყოველდღიური სასიამოვნო რუტინა... ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, - რეპი, მსახიობობა, ვიზაჟი, - ნებისმიერი სფერო ხალხთან კომუნიკაციაა. ეს კი „ჩემია“ და მაბედნიერებს. ამასთან, ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო და დამატებითი საქმიანობა. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა და მიხარია. იხილეთ სრულად
ლალი ფაცია