21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ომის 6 გაკვეთილი - უკრაინის ბრძოლის 1 წელი
დღეს 24 თებერვალია - 2022 წლის ზუსტად ამ დღეს ვლადიმერ პუტინმა თავისი მორიგი იმპერიალისტური გეგმის განხორციელება დაიწყო და გადაწყვიტა, რომ შეეძლო მეზობელ ქვეყანაში შეჭრა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, ტერიტორიების მიტაცება, მილიონობით ადამიანის დევნილად ქცევა, ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დატოვება.
პუტინი ფიქრობდა, რომ ის გეგმას მარტივად შეასრულებდა, რომ კიევი დაეცემოდა, თუმცა ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიევი არათუ არ დაეცა, არამედ პუტინის რეჟიმი მნიშვნელოვნად შეარყია და დღეს უკვე ექსპერტები ამბობენ, რომ როგორც უნდა დასრულდეს ეს ომი, რუსეთი ვეღარ იქნება ისეთი ძლიერი და გავლენიანი, როგორც აქამდე.
დასავლური სამყარო ამ ომმა უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანა. ჩვენ ვნახეთ კიევში ჩასული მსოფლიოს ცივილური ნაწილის ლიდერები, ხოლო ომის წლისთავზე კიევის ქუჩებში მოსეირნე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
ვნახოთ, რა ასწავლა მსოფლიოს პუტინის ომმა უკრაინაში, 21-ე საუკუნის კონფლიქტმა, რომელიც თავისი ბუნებით სხვა ომებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
გაკვეთილი #1: ლიდერები ხშირად აკეთებენ არასწორ გათვლებს
აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეცდა, როცა ივარაუდა, რომ უკრაინას არ შეეძლო სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა და ჩათვალა, რომ თუ უკრაინა შეეცდებოდა წინააღმდეგობის გაწევას, ეს ვერ მოახდენდა რუსულ ჯარზე დიდ გავლენას. მან არასწორად შეაფასა რუსული ჯარის შესაძლებლობები, უკრაინის გამძლეობა და დასავლეთის უნარი, ალტერნატიული ენერგიის წყაროს მოძიების თვალსაზრისით.
მაგრამ დასავლეთიც უშვებს შეცდომებს. ისინი წლების განმავლობაში უგულებელყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას და აზვიადებდნენ ეკონომიკური სანქციების ძალას. არ აფასებდნენ რუსეთის წინააღმდეგობის სიღრმეს დასავლეთის მცდელობებთან მიმართებით - შეეჩერებინათ რუსეთის აგრესია სანქციებით, რომელიც ომამდე ძალიან მწვავე არც ყოფილა.
გაკვეთილი #2: ერთიანობის ძალა აგრესორის წინააღმდეგ
ეს გაკვეთილი პუტინისთვისაა. უკრაინაში ომი შეხსენებაა იმისა, რომ სახელმწიფოები, როგორც წესი, ერთიანდებიან, რათა დაუპირისპირდნენ აშკარა აგრესიას. გარდა იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტს სჯეროდა, უკრაინა დაეცემოდა, ამავდროულად ივარაუდა, რომ ნატო არ უპასუხებდა ისე, როგორც ახლა პასუხობს.
ახლა რუსეთი ერთ სუსტ სახელმწიფოს კი არ ებრძვის, არამედ ის ომს აწარმოებს ქვეყანასთან, რომელსაც მხარს უჭერს ძლიერი კოალიცია, რომლის ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 20-ჯერ აღემატება რუსეთის მშპ-ს. ამ კოალიციას აქვს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე იარაღი.
პუტინმა ივარაუდა, რომ უკრაინში შეჭრა "ტკბილი გასეირნება“ იქნებოდა, თუმცა შეცდა. რუსეთი ახლა ჩიხშია და ის მომავალში უფრო სუსტი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს ომი.
გაკვეთილი # სამი - ჯერ არაფერი დასრულებულა
რუსეთის საწყისი შეტევა, რომლის მიზანიც კიევის აღება და რეჟიმის სწრაფად შეცვლა იყო, ვერ შესრულდა. ელოდნენ, რომ ეს არ იქნებოდა ხანგრძლივი ომი, თუმცა დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდებოდა.
უფრო მეტიც, გასულ ზაფხულს დაწყებულმა წარმატებულმა კონტრშეტევებმა კიევს დაკარგული ტერიტორიების, მათ შორის, ყირიმის დაბრუნების დიდი იმედი გაუჩინა.
რუსეთის ლიდერები ომს ეგზისტენციალურ კონფლიქტად განიხილავენ, რომელიც აუცილებლად რუსეთმა უნდა მოიგოს. თუმცა პარალელურად, უკრაინა ისწრაფვის პარტნიორებისგან კიდევ უფრო მეტი იარაღის მიღებისკენ. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, კიევს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ბრძოლის ველზე გაზაფხულისთვის, მაგრამ რუსეთის განდევნა მთელი ტერიტორიიდან ამ ეტაპზე შეუძლებელ ამოცანად მოჩანს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დახმარება იქნება გაგზავნილი დასავლეთიდან.
ასევე არსებობს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის საფრთხე, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება. ზოგიერთი უარყოფს მსგავსი საფრთხის არსებობას, თუმცა მთლიანად გამორიცხული არაფერია.