"მსიამოვნებს, როდესაც უსიცოცხლო ნივთს ახალ სიცოცხლეს ვანიჭებ..." - ქართველი რესტავრატორი ქალის ნამუშევრები აუცილებლად მოგხიბლავთ
ირინა შონია ერთ-ერთ კომპანიაში პროცესების განვითარების სპეციალისტია, თუმცა პანდემიის დროს ავეჯის განახლებით დაინტერესდა. უსახურ, ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. თავდაპირველად მეუღლის წინაპრების ნაქონი ავეჯი გააახლა. ხელობა ოჯახის წევრებმაც მოუწონეს. ძველი ავეჯისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მარტივი საქმე არ არის. ამ ყველაფერს დეტალური შესწავლა და საჭირო ხელსაწყოები სჭირდება. როგორ შეძლო, უმოკლეს დროში ავეჯის გაახლების ტექნიკას დაუფლებოდა და საკუთარი პატარა სახელოსნო შეექმნა, ამას ირინა თავად მოგითხრობთ.
- პატარა და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი დღემდე ხელოსანია და როდესაც დიდი ხნით მიდიოდა ობიექტზე თან მივყვებოდი. დროის გასვლის მიზნით ხან რითი მართობდა, ხან რითი. ჩემი ჭკუით ვეხმარებოდი. ასე დაიბადა ხელსაქმის სიყვარული. პირველი კარანტინის დროს ყველამ რომ სოფელს შეაფარა თავი, არც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი. თუმცა სხვა თუ სერიალებს უყურებდა, მე მეუღლის პაპისეულ ავეჯს მივადექი და გადავწყვიტე, მისთვის ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა. თავიდან შიშველი ხელებით ვმუშაობდი და არანაირი ხელსაწყო არ მქონდა, გარდა ტელეფონისა, სადაც უამრავ ვიდეოგაკვეთილებს ვუყურებდი და შემდეგ რეალობაში ვიყენებდი.
- თანამედროვე ინტერიერში რამდენად ტრენდული და მოთხოვნადია განახლებული ავეჯი?- ჩემი მიზანი მხოლოდ ძველისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება იყო და ბიზნეს სლოგანიც ესეთი მაქვს New Life Art-Keep Old memories, ანუ ძველი მოგონებების შენარჩუნება. ბევრი შეკვეთა მოდის უკვე თანამედროვე ავეჯის აღდგენაზე, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ეს მხოლოდ ბიზნესი და თანხის გამომუშავება არ არის. მე საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც უსიცოცხლო ნივთს ახალი იერსახე უბრუნდება, მით უმეტეს, როდესაც ნივთი უნიკალურია და წლების წინ მოდური და ტრენდული იყო.
- რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ავეჯი განახლებულ სახეს მიიღებს?- ნივთი სახელოსნოში მოხვედრიდან მომხმარებელთან ჩაბარებამდე გადის აბსოლუტურ დამუშავებას ანტისეპტიკური საშუალებით, იშლება მაქსიმალურად ნაწილებად, რათა ზუმფარით მარტივად დამუშავდეს. ამის შემდეგ ხდება დაზიანებული ადგილების დამუშავება-აღდგენა, ბოლოს კი შეღებვა და გალაქვა. ყველა დეტალი წინასწარ არის შეთანხმებული დამკვეთთან და როგორც წესი, ნამუშევარს ბოლოს ნახულობენ. განაგრძეთ კითხვა