"ქამრიანი სონა" - ვინ იყო ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი და რატომ ეშინოდათ მისი კაცებს? | Allnews.Ge

"ქამრიანი სონა" - ვინ იყო ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი და რატომ ეშინოდათ მისი კაცებს?

უხსოვარი დროიდან თბილისის ქუჩებს არაერთი კოლორიტული ფიგურა ახსოვს. ძველ თბილისში „ქამრიანი სონა“ ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი იყო. მისი გვარი არ არის ცნობილი და მასზე მცირე რამ ვიცით. იოსებ გრიშაშვილის ცნობით,„ქამრიან სონას“ თბილისში დიდი სახელი და ყველაზე კარგი არღანი ჰქონია.

სონა მოხდენილი ყოფილა, მაგრამ მის მიხრა-მოხრას ცოტაოდენი კაცური თავდაჯერებულობა და ყარაჩოხული ამპარტავნობა დაჰკრავდა, ხმაც ცოტაოდენ ბოხი ჰქონია, თუმც არღანზე ისეთს დაამღერებდა, გული თან ამოჰქონდაო.

ვიღაც შურიანს მისთვის არღანი მოუპარავს და მტკვარში გადაუგდია. სასოწარკვეთილ სონას თბილისი დაუტოვებია და ფოთში გაუხსნია დუქანი. ამბობენ, რომ სონას ახალგაზრდობაში ერთი ვაჟკაცი ყარაჩოხელი ჰყვარებია, რომელიც მძიმე სენის გამო უდროოდ გარდაცვლილა.

qamriani-sona-scaled-1671179557.jpg

სონას გარდაცვლილი სატრფოს ქამარი შემოურტყამს წელზე და გამოუცხადებია, ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა, ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავო. საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ შეერთებია ყარაჩოხელთა ამქარს.სონას ყარაჩოხელის ქამარი შიშის ზარს სცემდა კაცებს. ყარაჩოხელთა კოდექსის პარალელურად, სონას საკუთარი კოდექსი ჰქონია, რომელსაც ყველა ყარაჩოხელი პატივს სცემდა...

ამბობენ, ბევრს თვალს უვსებდა, ბევრსაც გულს უკლავდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სონა ქალი კი არა, ყარაჩოხელი იყო და ხვაშიადს ვერავინ უმხელდაო. სონა ქვრივ-ობოლთა დიდი შემწეც ყოფილა, ეტყობა, მაინც ვერ ჩაიკლა გულში ქალობა და დედობრივი გრძნობა.

შეყვარებულთა მფარველიც ყოფილა, - თუ ვინმე ქალი ვაჟს შემოსწყრებოდა, სონა იმდენს იზამდა, გოგოს გულს მოულბობდა და გაპარვაზეც კი დაიყოლიებდაო.

არავინ იცის, ამ ლეგენდებში რა წილი აქვს შეთხზულსა და სინამდვილეს, ფაქტი ერთია, - სონა მართლა დადიოდა ტფილისის ქუჩებში და არღანს აკვნესებდა მანამდე, ვიდრე მისი გულის დარდების ერთადერთი მესაიდუმლე ვიღაც ბოროტმა მტკვარს არ მისცა.

myquiz