როგორ ავარიდოთ თავი ზედმეტ ხარჯებს?- რა უნდა გააკეთოთ ცენტრალური გათბობის ჩართვამდე, ნახეთ სპეციალისტის რჩევები | Allnews.Ge

როგორ ავარიდოთ თავი ზედმეტ ხარჯებს?- რა უნდა გააკეთოთ ცენტრალური გათბობის ჩართვამდე, ნახეთ სპეციალისტის რჩევები

ზამთრის სეზონის დაწყებამდე, ვიდრე ცენტრალურ გათბობას ან გამათბობელს ჩართავთ, აუცილებელია შეამოწმოთ გაზზე მომუშავე დანადგარები რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს. თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ეს მომსახურება უფასოა კომპანიის აბონენტებისთვის. ამისთვის საჭიროა დარეკოთ თბილის ენერჯის ცხელ ხაზზე 2404004.

როგორ მოიხმაროთ გაზი ეკონომიურად ზამთრის სეზონზე, კომპანიის სპეციალისტების რჩევით, ამისთვის მნიშვნელოვანია სახლს ჰქონდეს კარგი თბოიზოლაცია.

კომპანია მომხმარებელს ასევე ურჩევს, რომ გათბობის ჩართვამდე შეამოწმონ რადიატორები, სადაც ხშირად გროვდება ჰაერი, ასეთ დროს რადიატორები არ თბება სათანადოდ და შესაბამისად გათბობის ქვაბიც მეტი დატვირთვით მუშაობს, ეს კი მეტ გადასახადს ნიშნავს. რადიატორების ჰაერისგან დაცლა მარტივად არის შესაძლებელი, ამისთვის საჭიროა, გახსნათ რადიატორზე არსებული პატარა ონკანი და როგორც კი წყალი დაიწყებს დენას, ონკანი გადაკეტოთ.

centrgatb-1-1667455304.jpg

თუ ჯერ არ გაქვთ ცენტრალური გათბობა და მის დამონტაჟებას გეგმავთ, ნახეთ რა უნდა გავითვალისწინოთ გაზის გამათბობელის დაყენებისას და როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ?

როგორ ავარჩიოთ ბუნებრივი აირის გამათბობელი ALLNEWS.GE ენერგეტიკოსს, გია არაბიძეს ესაუბრა.

-გაზით გაგუდვის უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ საქართველოში ყველაზე ხშირად მოსახლეობა წვის შედეგად გამოყოფილი გაზით იგუდება, ანუ იმით, რაც ოთახში ბუნებრივი აირის მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის გამო რჩება.

-ტექნიკურ გაუმართაობაში კონკრეტულად რა იგულისხმება?

-სრულყოფილად არ ხდება გარედან ჰაერის შემოტანა და წვის ნაწარმის გარეთ გატანა, ეს არის პირველი ტექნიკური პირობა, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ეს პროცესი რომ ირღვევა, იმიტომ ხდება ტრაგედიები. ამას გარდა მნიშვნელოვანია გამათბობლის ტიპი.

არსებობს ე.წ. ღია გამათბობელი, რომელიც წვისათვის ჰაერს ოთახიდან მოიხმარს და წვის ნაწარმსაც ოთახშივე გამოყოფს.მთელი რიგი გამათბობლები ამ პრინციპით მუშაობს. აქვე ვაწყდებით მეორე პრობლემასაც, თუ ოთახი დახურულია და არ ნიავდება, ამ დროს ხდება დახურულ ოთახში არსებული ჰაერის მთლიანად წვისათვის გამოყენება და ჰაერის ნაცვლად ოთახი ნახშიროჟანგით ივსება.

15122-1-1667455318.jpg

-რომელი უფრო საშიშია გაზის გამათბობელი თუ წყლის გამაცხელებელი, რომელიც ბუნებრივ აირს იყენებს?

-წყლის გამაცხელებელი დროის ერთეულში დიდი რაოდენობით გაზს მოიხმარს და დიდი რაოდენობით წვის ნაწარმს გამოაფრქვევს. გააჩნია სად აყენია, თუ ის აყენია აბაზანაში, ეს ყველაზე ცუდი შემთხვევაა. რადგან აბაზანაში ბანაობის დროს წყლის ორთქლიც გამოიყოფა და მდგომარეობას ამძიმებს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ დახურულ სივრცეში. უმჯობესია დავაყენოთ სამზარეულოში და სარკმელი გვქონდეს ღია. რაც შეეხება გამათბობელს, ნებისმიერი გამათბობელი იქნება უსაფრთხო, თუ მას წესების შესაბამისად დავაყენებთ.

-რა უნდა გავითვალისწინოთ გაზის გამათბობლის შეძენისას და დაყენებისას?

-პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვიყიდოთ ისეთი გამათბობელი, რომელიც წვისათვის საჭირო ჰაერს გარედან შემოიტანს და ასევე გასტყორცნის გარეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყიდოთ ღია გამათბობებლი. რაც შეეხება გამათბობლის დაყენებას, მისი სწორად დამონტაჟება გულისხმობს იმას, რომ წვის პროცესი სწორად უნდა მიდიოდეს და არ უნდა ხდებოდეს ნახშიროჟანგის გამოყოფა, რომელიც რამდენიმე მილიგრამიც კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

თუ ამ დანადგარებს ინსტრუქციის მიხედვით დაამონტაჟებთ, იმუშავებს უსაფრთხოდ. დავუშვათ არ მაქვს ბევრი ფული, ვერ ვყიდულობ ძვირიან გამათბობელს და მიწევს უფრო დაბალფასიანის ყიდვა, ანუ ე.წ. ღია გამათბობლის, რომელიც წვისათვის სახლის ჰაერს მოიხმარს, ამ შემთხვევაში უნდა დავაყენებინოთ ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით, გავანიავოთ ოთახი. ჯობია ყოველ ნახევარ საათში გავანიავოთ ოთახი და სიცივე შემოვიდეს, ვიდრე არ გავანიავოთ და ცუდი შედეგი მივიღოთ.

centralurgatbob-1667455352.jpg

- აქვს თუ არა ვალდებულება სახელმწიფოს, გააკონტოლოს ამ მხრივ პროცესები, რადგან გაზით გაგუდული ადამიანების რაოდენობა მატულობს, პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს..

-ახლა არა, ადრე იყო მაგალითად ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ვალდებული იყო შეემოწმებინა მოწყობილობა, ან დაელუქა და შესაბამისად დასკვნაც გამოეტანა, დღეს ასე აღარ არის.

რაც შეეხება დღევანდელ კონტროლს, ჩემი აზრით, გაზის გამათბობლის მოწყობილობა დღეს იმათ უნდა შეამოწმონ, ვინც დახარჯული გაზის ანათვალს იღებენ. უნდა გადამზადნენ ეს კონტროლიორები, რომ ანათვალის აღების გარდა, შეეძლოთ ზედაპირულად, ვიზუალურად შეხედონ დანადგარებს, თუ რამდენად სწორად არის დამონტაჟებული გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი. როცა შეამოწმებენ და დაინახავენ, რომ ეს დანადგარი ტექნიკურად გაუმართავია, უნდა გააფრთხილონ მაცხოვრებელი, ოქმი გამოუწერონ და სანამ ცხელი ხაზიდან შემოწმებაზე არ მოვლენ, მანამდე გაზი არ მიაწოდონ.

myquiz