"ისინი ადამიანებს ერიდებოდნენ და ბავშვთა სახლიდან გაქცევას ცდილობდნენ"- მგლებთან გაზრდილი ბავშვების რეალური ისტორია | Allnews.Ge

"ისინი ადამიანებს ერიდებოდნენ და ბავშვთა სახლიდან გაქცევას ცდილობდნენ"- მგლებთან გაზრდილი ბავშვების რეალური ისტორია

ეს ამბავი 1920 წელს მოხდა. მისიონერებმა, ინდოეთის ჯუნგლებში, მგლებს შორის, ორი პატარა გოგონა აღმოაჩინეს. მათ შორიდან ნათლად დაინახეს, რომ ისინი ნამდვილად ბავშვები იყვნენ, რომლებიც მგლის სოროში ცხოვრობდნენ.

მაშინ ინდოელებმა ძუ მგელი მოკლეს, ხვადი კი, გაიქცა. ხოლო, მგლის ლეკვები და ბავშვები თან წაიყვანეს. მოგვიანებით, გოგონები ბენგალის ტაძრის ბავშვთა სახლს (თანამედროვე პაშიმბანგა, ინდოეთი) მიაბარეს. იმ დროს, უკვე ცნობილი იყო დინა სანიჩარის ისტორია, რომელიც 1872 წელს, 6 წლის ასაკში, მონადირეებმა ჯუნგლებში აღმოაჩინეს. ასე, რომ, ეს ფაქტი არავის გაჰკვირვებია.

გოგონებს ამალა და კამალა დაარქვეს. დაბანეს, თმა შეჭრეს და მოაწესრიგეს. პოვნის მომენტში, სავარაუდოდ, 7–8 წლისები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი ადამიანებს ერიდებოდნენ, რძეს და წყალს ლოკვით სვამდნენ, საჭმელს კი, პირით იღებდნენ და ხელებს, ჭამის დროს, არ იყენებდნენ. ნორმალურად ვერ დადიოდნენ, უფრო სწორედ, ოთხზე დარბოდნენ, თან ძალიან სწრაფად. დღე იმალებოდნენ, ღამე ფხიზლობდნენ და გამუდმებით, ბავშვთა სახლიდან გაქცევას ცდილობდნენ.

menilobo3-1666081109.jpg

მათ კარგად ჰქონდათ განვითარებული ყნოსვა და უმი ხორცი უყვარდათ. გაფუჭებულ ხორცზეც კი არ ამბობდნენ უარს. და თუ, გაქცევას მოახერხებდნენ, ცხოველების ლეშით იკვებებოდნენ, რის გამოც, შემდეგ მუცელი სტკიოდათ. ამალა (უმცროსი), პოვნიდან 1 წლის შემდეგ, სწორედ ქუჩაში ნაპოვნი ცხოველის ლეშის ჭამის შემდეგ გარდაიცვალა.

მგლებს შორის გაზრდილი გოგონები ტანსაცმელს ვერ ეგუებოდნენ და ტანზე არ იჩერებდნენ. ისინი თეძოზე ქსოვილის ტარებას ძლივს მიაჩვიეს, რომ მთლად შიშვლები არ ყოფილიყვნენ. ეშინოდათ ცეცხლის. საინტერესო ის იყო, რომ პოვნის მომენტში, მათი კანი, შედარებით სუფთა იყო. გაირკვა, რომ თუ შემთხვევით დაისვრებოდნენ, ბალახს ეხახუნებოდნენ და ტალახს ამ ხერხით იშორებდნენ.

გოგონებს ერთხელ ჩვილი მიუყვანეს, მაგრამ მათ ის დაკბინეს. ხოლო, შედარებით უფროს ბავშვებთან გაცნობის მცდელობა, მათი მხრიდან, ყმუილით, კბილების კრაჭუნით და ბავშვების დევნით დასრულდა.

გოგონების სახეზე ღიმილი არავის უნახავს და როგორც მგლები, ისე იქცეოდნენ: ღამ–ღამობით, ხან ყმუოდნენ, ლაპარაკი კი ვერ ისწავლეს.

ამალას გარდაცვალების შემდეგ, კამალა შინაურ ცხოველებს დაუმეგობრდა. ის დიდ დროს თხებთან ატარებდა, უყვარდა წიწილებთან ურთიერთობა. 2 წლის შემდეგ, მას მოულოდნელად, სიბნელის შიშები დაეწყო, ისწავლა საპირფარეშოში სიარული, ბანაობა და ძილის დროს, პლედის დაფარება.

ბავშვთა სახლში 7 წლის ცხოვრების შემდეგ, კამალამ სიტყვების მნიშვნელობის გაგება ისწავლა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა და როდესაც რაღაც უნდოდა, თითო–ოროლა სიტყვას წამოიძახებდა ხოლმე. იცოდა რამდენიმე ათეული სიტყვა. 15 წლის ასაკში, რატომღაც თოჯინებით დაიწყო თამაში.

amala-y-kamala2-e1569416239837-1666080863.jpg

მაგრამ, 1929 წლის შემოდგომაზე, ავად გახდა და გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით დაადგინეს, გოგონას დაღუპვის მიზეზი ურემია იყო – ინტოქსიკაცია თირკმელების უკმარისობის დროს.

ასე დასრულდა ამალას და კამალას ისტორია.

პედიატრებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვი ლაპარაკს დაბადებიდან პირველ წლებში არ ისწავლის და იზოლირებულია იქნება საზოგადოებისგან, 5 - 7 წლის შემდეგ, მისთვის ლაპარაკის შესწავლა, თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება გარემო პირობებთან ადაპტაციას, ადამიანებს შორის 7 წლის ცხოვრების შემდეგ, კამამალამ, სწორი მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, თუმცა მისთვის ადამიანებთან ერთად ცხოვრება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.

წყარო

myquiz