32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან - გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი
"ჩემთვის ეს ჯილდო ნიშნავს უფრო მეტ დაფიქრებას, პასუხისმგებლობას. როდესაც ცნობადობა იზრდება და ადამიანების დიდი რაოდენობა გენდობა, ძალიან ყურადღებით უნდა იყო, რომ ერთი სიტყვითაც კი, რაღაც ზიანი მიაყენო ადამიანების წარმოდგენებს ზოგადად განათლებასთან მიმართებაში. ამიტომ უნდა ვიყოთ სწორ პოზიციაში, სწორი მაგალითი მივცეთ ჩვენს უკან მდგომ ადამიანებს" - გვეუბნება როლანდ შარაძე, ადამიანი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
ეს 32 წლის, ახალგაზრდა პედაგოგი წარმოშობით ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სოფელ მეკეიძეებიდან არის. მერვე წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.AMBEBI.GE ულოცავს მას ამ ჯილდოს და მკითხველისთვის მის ახლოს გაცნობას შეეცდება.
როლანდ შავაძე:
- მქონდა სხვა სკოლებშიც მუშაობის გამოცდილება, თავიდან ქედის მუნიციპალიტეტში დავიწყე, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, სადაც 2 წელი ვასწავლიდი. შემდეგ საზღვარგარეთ, კერძოდ, ბულგარეთში, "ერეასმუსის" პროგრამით წავედი, რადგან მაგისტრატურის კურსს გავდიოდი. ამის გამო სკოლის დატოვებამ მომიწია. იქიდან დაბრუნებულმა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში ვიმუშავე. მერე კი ჩვენს სოფელში გამოჩნდა ვაკანსია და ჩემს მშობლიურ სკოლაში 2018 წელს შევუდექი საქმიანობას. ...ახლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლინგვისტიკის მიმართულებით დოქტორანტი ვარ და მალე დავიცავ.
როგორც როლანდი გვეუბნება, ბაკალავრის კურსი თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით დაასრულა. მაგისტრატურა ბათუმში გაიარა, თუმცა ბოლო სემესტრი, როგორც გვითხრა, "ერასმუსის" პროგრამით ბულგარეთში სწავლას დაუთმო. ის პედაგოგების ოჯახში დაიბადა. დედა დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მამა - ისტორიკოსი.
"სხვათა შორის, დედა ჩემი დაწყებითის მასწავლებელიცაა. სოფელში, იმ პერიოდში არ არსებობდა საბავშვო ბაღი (ახლა უკვე გვაქვს), ამიტომ ჩემი პირველი სოციალიზაცია სკოლასთან მანამე მოხდა, სანამ სკოლის ასაკის გავხდებოდი, სკოლაში დედას დავყვებოდი. სასკოლო რომ გავხდი, ისე დაემთხვა, დედას პირველი კლასელები უნდა აეყვანა და ასე გახდა დედა ჩემი პირველი მასწავლებელი. ის ახლაც მოქმედი პედაგოგია" - გვეუბნება როლანდი.
- ე.ი. კოლეგები ხართ?
- კი, მაგრამ ჩვენს სოფელი არა, რადგანაც ჩვენი ოჯახი ეკომიგრანტია. ამიტომ მშობლები წალკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, მე ჩემს სოფელში ვარ. ბავშვობაც აქ გავატარე. წალკაში რომ ჩავსახლდით, სკოლების დეფიციტი იყო, საჯარო სკოლები არ იყო ხელმისაწვდომი, სირთულეები არსებობდა. ამიტომ ბიძასთან, ხულოში დავრჩი და სკოლა ჩემს სოფელში დავამთავრე.
ასე რომ, სანამ თავად გავხდებოდი პედაგოგი, ამ პროფესიაზე ოჯახიდან უკვე ბევრი რამ ვიცოდი. მუდმივად იყო სხვადასხვა თემის განხილვა, რაც სულ მესმოდა... იმ დროისთვის ზოგადად მასწავლებლობა ძალიან რთული იყო, ანაზღაურებაც არ იყო შესაბამისი, მასწავლებლის სოციალური სტატუსი დაბალი იყო. მოკლედ, არ იყო ისეთი სასურველი პროფესია, რომ მიგებაძა... მიმაჩნია, რომ იმ სფეროს უნდა გაჰყვე, რომელშიც შინაგანი მოწოდება გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ეს პროფესია პოპულარული არ იყო, მინდოდა, მაინც რომ ამ საქმეში თავი მომესინჯა.