„ხშირად ვხედავ, როგორ კითხულობენ ახალგაზრდები წიგნებს და რაც მთავარია ისევ უკან აბრუნებენ“ - გაიცანით ახალგაზრდები, რომლებმაც ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკა მოაწყვეს | Allnews.Ge

„ხშირად ვხედავ, როგორ კითხულობენ ახალგაზრდები წიგნებს და რაც მთავარია ისევ უკან აბრუნებენ“ - გაიცანით ახალგაზრდები, რომლებმაც ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკა მოაწყვეს

თანამედროვე ახალგაზრდები წიგნის კითხვას სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ნაკლებობაა. ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური სოფლად, სადაც ძალიან ბევრ ახალგაზრდას წიგნებზე ხელი არ მიუწვდება. შესაბამისად ნაკლებად ხდება ლიტერატურის შესახებ საუბარი, დიალოგი და დისკუსია.

დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდებზე გიამბობთ, რომლებმაც კასპის რაიონის სოფელ სასირეთში ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკა მოაწყვეს. საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე ზურა ბეჟიტაშვილმა და თეა დათუნაშვილმა Allnews-თან ინტერვიუში ისაუბრეს.

299626917-368103978740132-7774662922496963737-n-copy-copy-1663663341.jpg

-მოგესალმებით, პირველ რიგში მოგვიყევით როდის გაგიჩნდათ ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკის მოწყობის იდეა და რა მიზანს ისახავს ის?

ზურა: გამარჯობა. შევიტყვე, რომ გერმანიაში არის ყუთები, სადაც ალაგია წიგნები. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, მანამდე ასეთი რამ გაგონილი არ მქონდა. პირველად მაშინ დაგადვწყვიტე, რომ გამეკეთებინა ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკები. შემდეგ სოციალურ ქსელში ვნახე თბილისის სკვერებში როგორ აწყობდნენ წიგნების ბუდეებს იგივე მოტივაციით. ამ ვიდეოს გაზიარებისას მეც განვაცხადე, რომ მეც გავაკეთებდი ასეთს.

უამრავი ადამიანი გამომეხმაურა, წიგნებს დამპირდნენ, მეტი რა მინდოდა მეც დავიწყე თაროების შეძენა. მიზანს რაც შეეხება საკმაოდ ბევრი მიზანი აქვს ამ იდეას: ცნობიერების ამაღლება უპირველესად! აქ ვატარებთ პოეზიის საღამოებს, ვკითხულობთ ლექსებსა და ჩანახატებს, ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე და ასევე ვზრუნავთ ამ დიდი პრობლემაზეც, განათლებაზე, თუ რა სარგებელი მოაქვთ წიგნებს ჩვენთვის, რატომ უნდა ვიკითხოთ და ასე შემდეგ.

“ყოველი ნორმალური მოთხრობის (წიგნის) წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი!…”

/გურამ დოჩანაშვილი/

ასევე ჩვენი მიზანია გავხდეთ უფრო უკეთესები, ვიდრე ვართ. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. მე დარწმუნებული ვარ გარე ბიბლიოთეკები დაგვეხმარება გავხდეთ უფრო კონკურენტუნარიანები, ვიდრე ვართ.

306480516-402985425248782-5204098114259085544-n-1663663372.jpg

თეა: უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვფიქრობდი ამ იდეის განხორციელებაზე, რადგან ვხედავდი სხვა ქვეყნებში ეს საკითხი როგორი განვითარებულია, სწორედ ამან მომცა მოტივაცია რომ დამეწყო გარე ბიბლიოთეკების მოწყობა. ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკების მიზანი გახლავთ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა, რადგან ახალგაზრდების უმეტესობა მოწყვეტილია წიგნებს ანდაც ბევრს არ აქვს საშუალება შეიძინოს მისთვის სასურველი წიგნი. ამ იდეით ჩვენ ვცილობთ დროის გარკვეული ნაწილი დავუთმოთ ამ კეთილ საქმეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სასურველი წიგნი. ვაპირებთ გავმართოთ საღამოები, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი თავი.

301101498-797150914805501-7928053192329058793-n-1663663414.jpg

რამდენად გაამართლა თქვენმა იდეამ, რამდენად დიდია ახალგაზრდების ჩართულობა და ინტერესი?

ზურა: ჯერჯერობით ახალი წამოწყებაა, მაგრამ ახალგაზრდები აქტიურად ცდილობდნენ ჩაერთონ ამ წამოწყებაში, ყურადღება მიაქციონ წიგნებს და ყველა ადამიანს მიაწვდინონ ხმა. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა ჩართული სხვადასხვა სოფლიდან და სწორედ ეს გვმატებს ძალას, რომ ჩვენი მიზანი ბოლომდე მივიყვანოთ.

გარეთ გასვლისას ხშირად ვხედავ, როგორ კითხულობენ ჩვენს მიერ განთავსებულ წიგნებს თაროებზე და რაც მთავარია ისევ უკან აბრუნებენ და არ იკარგება ეს ყველაფერი. იდეამ გაამართლა, რადგან სოფელში ყველაფრის ნაკლებობაა, მათ შორის წიგნების. ფილოსოფიური საუბრების, სალონური საღამოების, აქ კი ყველაფრის საშუალება გვეძლევა. გვეძლევა საშუალება, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ცოდნა და უნარები. გვინდა ვისწავლოთ, რათა შემდგომში ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა.

306096642-101528986053646-6967280514702757049-n-1663663433.jpg

თეა დათუნაშვილმა უამრავი წიგნები შემატა ჩვენ გარე ბიბლიოთეკას. ასევე გვიკითხავს თავის ულამაზეს ჩანახატებს, ასევე იგივე შემიძლია ვთქვა ლილი იორდანაშვილზე ულამაზესი ლექსები აქვს. ადამიანური სითბოთია გაჟღენთილი მისი პოეზია. ზოგი ცოტა მორცხვადაა, მაგრამ აუცილებლად გამოხატავენ საკუთარ თავს, ამის ძალიან მჯერა. ნინი ქურდაძე, ანანო ლაფერაშვილი ეს კი ის გოგონები არიან, რომლებიც ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები ყველა პროექტში და მოქმედებაში. იმედა ჯალალიშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილებით გვესაუბრება წიგნის დიდებულებაზე.

თუ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს?

ზურა: დიახ, სულ ახლახანს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან“ გვესტუმრნენ სტუდენტთა თვითმართველობა და ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ფიფქა ყეინაშვილი. მოგვიტანეს 150-ზე მეტი წიგნი. სწორედ მათი წყალობით შევავსეთ გაჩერებაზე თაროები. ასევე დამიკავშირდა პოეტი მარიამ სიმონიშვილი და წიგნებით დახმარება შემომთავაზა. მარიამისგან ეს შემოთავაზება ძალიან გამიხარდა, რადგან მე თავად ვგიჟდები პოეზიაზე. სავარაუდოდ ამ დღეებში ვგეგმავთ პოეზიის საღამოს ჩატარებას, სადაც მარიამიც გაგვანდობს თავის ცოდნას და გამოცდილებას პოეზიის შესახებ.

მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობაც ძალიან აქტიურად იღებს მონაწილეობას წიგნების შეგროვებაში, ასევე გვაწვდიან სხვადასხვა იდეებს. სკოლის დირექტორი ქალბატონი ნანი ბარნაბიშვილიც ჩვენ გვერდით დგას და ყველა აქტივობაში მხარს გვიჭერს.

306124838-1699883150398997-1691542815610693048-n-1663663456.jpg

როგორია თქვენი სამომავლო მიზნები, თუ გეგმავთ სხვა აქტივობების განხორციელებასაც?

ზურა: გეგმები დიდი გვაქვს: ვგეგმავთ აღვადგინოთ სოფლის ბიბლიოთეკა, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება განსხვავებული ბიბლიოთეკა, რადგან თავად ახალგაზრდობა ჩაუყრის საფუძველს და შექმნის სივრცეს და ცოდნას სხვანაირად დაეწაფებიან. ასევე მოვიწვევთ ლექტორებს, ფილოსოფოსებს, საინტერესო და წარმატებულ ადამიანებს ლექციების ჩასატარებლად.

თეა: ჩვენ მიზანში ასევე შედის, ის რომ მხოლოდ ჩვენ სოფელში კი არა, არამედ დროთა განმავლობაში ყველგან მოვაწყოთ მსგავსი აქტივობები, მსგავსი გარემო და ყველას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი თავი.

306166174-2301518916684056-2661748347172113299-n-1663663469.jpg

თქვენი აზრით, რა არის სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მთავარი პრობლემები და როგორ ხედავთ მათი მოგვარების გზებს?

ზურა: სოფელში არაფერი არ გვაქვს, ამიტომ ახალგაზრდები გამუდმებით მოიხმარენ ალკოჰოლს და ჩადიან ბევრ ცუდ საქციელს. აქ არ გვაქვს: თეატრი, არ გვაქვს კინო, ვერც სპორტზე დავდივართ, იმიტომ რომ არ არსებობს არცერთი სპორტის კულტურა, გარდა ჭიდაობისა, იქაც მხოლოდ პატარები ვარჯიშობენ. მშობლებს არ აქვთ საშუალება ქალაქში ატარონ შვილი, რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

306312130-101172489422629-9100810553135333964-n-1663664552.jpg

თეა: სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების შესაძლებლობები, ძალიან დიდია, თუმცაღა ხშირად უბრალოდ საშუალება არ აქვთ და ადაპტირდნენ ისეთ გარემოში სადაც ცხოვრობენ. ვფიქრობ, სოფლებში უნდა დაინერგოს უამრავი საინტერესო და მრავლისმომცველი იდეა, რადგან აღარ დაკარგონ დრო ფუჭად და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია. ხშირად მსმენია ახალგაზრდისგან, რომ სოფელში გახსნილიყო თუნდაც გარე ბიბლიოთეკა, ანდაც სპორტული დარბაზი. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა და სწორედ ჩვენ გუნდს, ამის წინ წამოწევა სურს.

მოზარდებისგანაც კი არის, სურვილები იმის რომ სოფელში მოეწყოს ბევრი აქტივობა და დარწმუნებული ვარ ყველა ასაკის მქონე ადამიანი ჩაერთვება ასეთ დიდ წამოწყებაში. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი მიზანი აუცილებლად მივა ყველა ადამიანის გულამდე.

---

თუ გაქვთ სურვილი დაეხმარეოთ გარე ბიბილიოთეკას, გიზიარებთ საკონტაქტო ინფორმაციას:

ფეისბუქ გვერდი: გარე ბიბილიოთეკები

მეილი: Datunashvilitea7@gmail.com

ავტორი: ბექა ბერიაშვილი

myquiz