განქორწინება, რომელმაც მსოფლიო ისტორია სამუდამოდ შეცვალა- ახალი ეკლესია, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედის შედეგად შეიქმნა | Allnews.Ge

განქორწინება, რომელმაც მსოფლიო ისტორია სამუდამოდ შეცვალა- ახალი ეკლესია, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედის შედეგად შეიქმნა

ისტორია სავსეა სხვადასხვა სახის მოვლენებით: ძლიერი იმპერიებისა და სახელმწიფოების აღზევება–დაცემიდან – თავბრუდამხვევ სასიყვარულო ურთიერთობებამდე, რომლის ირგვლივ ისეთი ვნებები მძვინვარებდა, რომ... და როდესაც საქმე სიყვარულს და ძალაუფლებას ეხება, როგორც ამბობენ, ყველა მეთოდი მისაღებია. დღეს სასიყვარულო ისტორიაზე მოგიყვებით, რომელმაც გავლენა მხოლოდ ირგვლივმყოფებზე კი არა, მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე მოახდინა.

სასიყვარულო სამკუთხედის მიერ შექმნილი ახალი ეკლესია

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ინგლისის მეფე ჰენრი VIII სასიყვარულო სამკუთხედების შექმნის დიდი ოსტატი იყო. მან, პირველ მეუღლესთან დაშორებისთვის, უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა და ბოლოს და ბოლოს, საწადელი აისრულა.

king-henry-viii-of-england-by-lucas-horenbout-c-1662460709._1526_.jpg

ჰენრი VIII მეუღლე და ინგლისის დედოფალი კატალინა არაგონელი (ესპანეთის პრინცესა) ღვთისმოსავი ქალი და მოსიყვარულე მეუღლე იყო, რომელიც მეუღლის ღალატზე, გამუდმებით თვალს ხუჭავდა. მაგრამ, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მეფეს დედოფლის ფრეილინა, ანა ბოლეინი შეუყვარდა.

რადგან მეფე–დედოფალს მხოლოდ ერთი ქალიშვილი (მერი) ჰყავდა და კატალინას მეტი შვილის გაჩენა აღარ შეეძლო, ჭკვიანმა და ცბიერმა ანამ, საქმე ისე მოაწყო, რომ ჰენრი მასზე დაქორწინებულიყო და მხოლოდ მისი საყვარელი არ ყოფილიყო.

მეფემ განქორწინების მოთხოვნით რომის პაპს მიმართა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. ამიტომ, ჰენრი VIII რომთან კავშირი გაწყვიტა და ახალი, ანგლიკანური ეკლესია დააარსა. ამის შემდეგ, როგორც ეკლესიის მეთაურს, საკუთარი თავისთვის განქორწინების მიცემა შეეძლო, რაც ცოტა ხანში, კიდეც განახორციელა... ის ანაზე დაქორწინდა და მათ ქალიშვილი, მომავალი დედოფალი, ელისაბედ I შეეძინათ.

2021012519272873439-1-1662460848.jpg

ანა ბოლეინი და ჰენრი VIII

აქვე უნდა ითქვას, რომ არც ანასა და ჰენრის ქორწინება დასრულდა ბედნიერად. 1536 წელს ჰენრის ანასთან გაყრა და ჯეინ სეიმურთან ქორწინება მოუნდა. ანას ბრალდება შეუთითხნეს და სასამართლოს გადასცეს. მას ბრალი ედებოდა ღალატში.

ანას ერთ-ერთ საყვარლად მისი ღვიძლი-ძმა, ჯორჯი დაასახელეს. სასამართლომ ჯორჯსაც და ანასაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წლის 19 მაისს დედოფალი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ელისაბედი ბუშად გამოაცხადეს. ცოტა ხანში, ჰენრიმ თავის რჩეულ ჯეინ სეიმურზე იქორწინა.

gettyimages-517447492-1-1662461386.jpg

ანგლიკანიზმი- ქრისტიანობის ახალი მიმდინარეობა

ინგლისის მეფემ ჰენრი VIII–მ მხარი დაუჭირა რეფორმაციას, ინგლისის ეკლესია ჩამოაშორა რომის კათოლიკურ ეკლესიას და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. „სუპერმაციის აქტით“ 1534 წელს მონასტრები დახურეს.

ანგლიკანური ეკლესიის საფუძვლად იქცა „საზოგადო ღვთისმსახურებათა წიგნი“ (1549), „ერთგვარობის აქტი“, რწმენის 42–ე მუხლი და ანგლიკანური „კატეხიზისი“ (1553). ნაწილობრივ გარდაიქმნა ღვთისმსახურება (ორი სახის ზიარება ერისკაცთათვის, ცელიბატისა და მონაზვნობის მოსპობა, ღვთისმსახურება ინგლისურ ენაზე და სხვა).

image-20170303-31706-r89muh-1662461164.jpg

ანგლიკანიზმი ითვლება პროტესტანტული ქრისტიანობის ყველაზე მრავალრიცხოვან მიმდინარეობად, რომელიც მსოფლიოს გარშემო აერთიანებს დაახლ. 110 მილიონ მორწმუნეს.

ანგლიკანთა სიმრავლით გამოირჩევა ინგლისი, უელსი, აშშ, კანადა, ავსტრალია, ირლანდია. ანგლიკანური ეკლესია თავს განიხილავს „ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის“ წევრად.

myquiz