ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვა მსოფლიოსა და საქართველოში- გაუსაძლისი სიცხე, დამშრალი ტბები და მდინარეები, ხანძრები
მრავალი საუკუნის განმავლობაში კლიმატზე გავლენა ადამიანის ზემოქმედებით იცვლებოდა, თუმცა პროცესი, დიდწილად ადამიანისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა.
XXI საუკუნეში ადამიანის საქმიანობამ საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია, მაგრამ რამდენადაც დიდი იყო მიღწევები, იმდენად მკაფიო გახდა შედეგი, რაც ადამიანის მიერ ბუნებრივი გარემოს გაუფრთხილებლობას მოჰყვება.
კლიმატზე გავლენას გლობალური ხასიათის პროცესები ახდენს და ეს პროცესებია:
- მიწის დიდი ნაწილების დამუშავება, რომელიც იწვევს ალბედოს (სხეულის ზედაპირის არეკვლის უნარი) შეცვლას, სინოტივის დაკარგვას, ატმოსფეროში მტვერიანობის გაზრდას;
- ტყეები განადგურება, განსაკუთრებით ტროპიკულის, რაც გავლენას ახდენს ჟანგბადის რეპროდუქციაზე, ალბედოსა და აორთქლებაზე;
- საქონლის რაოდენობის ზრდა, რაც ხელს უწყობს სტეპებისა და სავანების გარდაქმნას უდაბურ ადგილებად, რის შედეგადაც იცვლება ალბედო და მიმდინარეობს ნიადაგის ამოშრობა;
- ნამარხი ორგანული საწვავის წვა და ატმოსფეროში CO2-ისა და CH4-ის შეღწევა.
ამ ყველაფრის და არამარტო ამ ყველაფრის შედეგად, ხდება ატმოსფეროს შემადგენლობის ცვლა, რასაც საბოლოოდ მოჰყვება რადიაციულ-აქტიური აირებისა და აეროზოლების ზრდა გარემოში.
ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებაა. წელს, ტემპერატურამ მთელს მსოფლიოში ბოლო ათწლეულებისა და საუკუნეების მაქსიმუმს მიაღწია და არცთუ ისე სასიამოვნო შედეგები გვაჩვენა. სპეციალისტების ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და უარესი წინ არის.
ევროპაში სიცხის ტალღები აშრობს მდინარეებს და კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე სახლების გასაგრილებლად. ეს ხდება მაშინ, როდესაც კონტინენტზე ისედაც შეფერხებულია ენერგორესურსების მიწოდება და ფასები რეკორდულადაა გაზრდილი.
ევროპის რიგ ქვეყანაში ზაფხული ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო და რეკორდული ტემპერატურა უკვე ივნისიდან ფიქსირდება. ცხელი და მშრალი ამინდი ისედაც გაზრდილ ელექტროენერგიის ფასებს კიდევ უფრო ზემოთ წევს იტალიაში, სადაც მყინვარებმა დნობა დაიწყეს და ძლიერმა გვალვამ სოფლის მეურნეობაც დააზიანა.
ტემპერატურა იზრდება სამხრეთ ინგლისში, პორტუგალიასა და საფრანგეთშიც, ესპანეთის ნაწილში კი რეკორდულ ნიშნულს, 45 ცელსიუს გრადუსს მიუახლოვდა.
დამშრალი მდინარე პორტუგალიაში
სიცხის გამო მდინარეების დონე იკლებს, ეს კი, თავის მხრივ, გამომუშავებას არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებში ამცირებს, არამედ ბირთვულ სადგურებშიც. საფრანგეთის ელექტროენერგიის პროვაიდერი კომპანიის (EDF) თანახმად, შესაძლოა ზოგიერთ ატომურ ელექტროსადგურში გამომუშავება შემცირდეს, რადგან, გვალვის გამო, მდინარეების დონე იკლებს, წყალი კი გასაგრილებლადაა საჭირო. ჰესების გამომუშავება იტალიაში და ესპანეთშიც შემცირებულია მშრალი კონდიციების გამო.
წყლის დონე მდინარე რაინზე სულ მცირე 2007 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა შემცირებული:
ტემპერატურასთან ერთად ფასებიც იზრდება. ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასმა 1 მგვტ.სთ-ზე 197.9 ბრიტანულ სტერლინგს მიაღწია, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. საფრანგეთში ფასმა 148 ევროს გადააჭარბა მგვტ.სთ-ზე.
მაღალი ტემპერატურა სიმინდის ნათესებსაც აზიანებს ევროპის მასშტაბით, რაც მათი ფასების ზრდასაც იწვევს.
ბუდაპეშტი, 2022 წლის აგვისტო
მაღალმა ტემპერატურამ მთელი რიგი პროდუქტების გაძვირებაც გამოიწვია: კომპანია Acesur-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს სუპერმარკეტებს ზეითუნის ზეთით ამარაგებს, BBC-თან განაცხადა, რომ მომდევნო 3-4 თვეში პროდუქციას გაზრდილი ფასებით მიიღებენ.
მსოფლიოში ზეითუნის ზეთის თითქმის ნახევარს ესპანეთი აწარმოებს, იტალიასთან და პორტუგალიასთან ერთად, თუმცა ბოლო თვეებში თითოეული ეს ქვეყანა ნალექის სიმცირეს განიცდის, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის წარმოებაზე. განაგრძეთ კითხვა