რუსი "ტიკტოკერი" პუტინს ჰარაკირისკენ მოუწოდებს - რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო და საქართველოს მხარდამჭერ ვიდეოებს აქვეყნებს?
ანა ანდრეი ინფანტევა მუსიკოსია პეტერბურგიდან. საქართველოში საცხოვრებლად ძმასთან და მეგობრებთან ერთად თებერვლის ბოლოს ჩამოვიდა, მას შემდეგ, რას უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო. ქართულის სწავლა ქვეყანაში გადმოსვლიდან მალევე დაიწყო. ახლა უკვე შეუძლია წერაც და ცოტ-ცოტა საუბარიც. ანა კონცერტისთვისაც ემზადება, რომლიდან შემოსულ თანხასაც უკრაინელ დევნილებს გადაურიცხავს.
რუსი ემიგრანტი აქტიურია სოციალურ ქსელში. ყველაზე ხშირად კი tik tok-ს იყენებს, სადაც ქართულ ენაზე ან ქართული ტიტრებით აქვეყნებს ვიდეოებს. ანა ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას დაპყრობილი აქვს საქართველოს ნაწილი. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა ვიდეომ, რომელიც აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე გამოაქვეყნა.
ის უპირისპირდება პუტინს, თუმცა მისი პროტესტის ადამიანების ნაწილს არ სჯერათ და აკრიტიკებენ. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს მათი ნებაა, მათ აქვთ სიტყვის გამოხატვის უფლება...
- ანა, რას საქმიანობდით რუსეთში საქართველოში გადმოსვლამდე, რატომ აირჩიეთ საქართველო საცხოვრებლად?
- მე მუსიკოსი ვარ. რუსეთიდან წამოსვლამდე ჩემს მუსიკალურ ჯგუფთან ერთად გამოვდიოდი, ვასწალიდი რამდენიმე სპეციალურ კურსს პეტერბურგის კონსერვატორიაში და ვიყავი ვიდეო პროდიუსერი. შემდეგ, ჩემს ძმასთან და მეგობრებთან ერთად, საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად. გადაწყვეტილება ნაჩქარევად უნდა მიგვეღო და ქვეყნის არჩევის მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის უსაფრთხოება იყო. რუსეთში ვერ დავრჩებოდით.
- რა სირთულეები გხვდებოდათ რუსეთში ცხოვრებისას, ყველაზე მეტად რას აპროტესტებდით?
- ჩემთვის ყველაზე უარესი რუსეთში პოლიციის ძალადობაა. ჩემი ბევრი ნაცნობი პოლიციას უცემია და უწამებია. მე მხარს ვუჭერდი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვაპროტესტებდი არჩევნების გაყალბებას, ოჯახში ძალადობას და ადამიანის უფლებების დარღვევას. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთში რისთვისაც არ უნდა იბრძოლო, ძალაუფლების სტრუქტურები გაგთელავენ და დაგამცირებენ. რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ძალოვანებს ნება მისცა ხალხის მიმართ ყოველგვარი სისასტიკე ჩაიდინონ, რათა ისინი არ აჯანყდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. რუსეთში პოლიციას შეუძლია გააუპატიუროს და დაასახიჩროს ადამიანები - მათ ამის უფლება აქვთ...
- როგორ ცხოვრობთ საქართველოში, რა მოგწონთ, რა სირთულეები შეგხვდათ, მოქალაქეობაზე ხომ არ გაქვთ განაცხადი შეტანილი?
- არა, არ მიმიმართავს მოქალაქეობის მისაღებად. მომწონს საქართველო, მაგრამ ჯერ კიდევ არ შემიძლია შორს გავიხედო მომავალში და გადავწყვიტო, დავრჩე თუ არა სამუდამოდ აქ. ძალიან მომწონს თქვენი პოლიცია. თქვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რუსებისთვის ეს ნამდვილი შოკია. პოლიცია ხალხს იცავს და არ ატერორებს. გარდა ამისა, ისინი ძალიან თავაზიანი არიან.
საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. პეტერბურგიდან ჩამოვედი და ის, აბსოლუტურად, "ბრტყელი" ქალაქია. თბილისის რელიეფი მესიამოვნა. მე მიყვარს სიარული და ნებისმიერი გასეირნება თავგადასავლად იქცევა, აქ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ გაივლი გზას.
- თქვენს პროტესტს "ტიკ ტოკზე" ადამიანების ნაწილი აპროტესტებს, გიწერენ, რომ წადით და რუსეთში იბრძოლეთ, ასევე ბევრს შეიძლება არ სჯეროდეს თქვენი გულწრფელობის, რას ეტყოდით მათ...
- ყველა ადამიანს შეუძლია იფიქროს და თქვას ის, რაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ეს მათი უფლებაა. საქართველოში ბევრი ადამიანი განიცდის ბრაზს, სიძულვილს, მწუხარებას და წყენას და ამ გრძნობებს გამოხატავენ tik tok-ზე და ინტერნეტში. ეს კარგია. ინტერნეტში ბევრი სიძულვილია, რადგან მისი გადაგდება ყველაზე ადვილია. დაიჯერო სხვისი გულწრფელობის, თუ - არა, ყველა თავისთვის წყვეტს. და მე თვითონ ვწყვეტ, წავიდე რუსეთში, თუ - არა. განაგრძეთ კითხვა