"რუსი ჯარისკაცები სოფელ-სოფელ დაძრწიან... მოსახლეობა შიმშილობს “ - საქართველო რუსეთის ბატონობის ქვეშ "გარდიანის" თვალით
ბრიტანული გამოცემა "გარდიანი“ აქვეყნებს ომის კორესპონდენტის, ჰენრი ნევინსონის წერილს, რომელიც მან 1921 წელს "მანჩესტერ გარდიანის“ რედაქტორს მისწერა. წერილში აღწერილია საქართველოს მდგომარეობა, ქართველი ხალხის რუსეთის ბატონობის ქვეშ.
გაეცანით წერილის თარგმანს:
"სერ, - ბევრი ინფორმაცია მივიღე რუსეთის ბატონობის ქვეშ მყოფი საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელიც საუბედუროდ, განახლდა მარტში, რუსეთისა და სომხეთის ჯარის შეჭრის შემდეგ. არ შემიძლია ჩემი ინფორმატორების დასახელება იმიტომ, რომ ზოგი მათგანი ჯერ კიდევ თავის ქვეყანაშია, სადაც რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდნენ. მანამდე ცარიზმის დროს, დევნილობაში იმყოფებოდნენ.
ყველა მათგანი სოციალისტია და უნდა გვახსოვდეს, რომ სულ მცირე 2000 ქართველი სოციალისტი - "მენშევკიკები“ და რუსეთის ცენტრალიზებული ხელისუფლების სხვა ოპონენტები, ახლა ციხეში არიან იმის გამო, რომ თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას იცავდნენ.
ჩემი ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა იგივეა, როგორიც მეფის რუსეთის დროს იყო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დღევანდელი სიტუაცია და ეს რეჟიმი უფრო მეტ ადამიანს ეხება პირადად. ეს არის მილატარისტული და იმპერიალისტური რეჟიმი. მთავრობას შეადგენს სომხებისა და რუსების ვიწრო ბიუროკრატია.
ჩინოვნიკთა დიდი ნაწილი "ხულიგანია“, რომლებიც მეფის დროს ჯაშუშად და საიდუმლო პოლიციელებად მუშაობდნენ, მაგრამ ახლა თავიანთ თავს ბოლშევიკებს უწოდებენ. ქართველები ყველგან დაითხოვეს.
სარკინიგზო ხაზის ყველა ცენტრი, ბათუმიდან ბაქომდე, რუსი სამხედროების ხელშია.
ოფიციალური პირები დასცინიან საქართველოს პრეტენზიებს ეროვნებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. ამაში ახალი არაფერია, ეს ყოველთვის იყო რუსული მართვის მეთოდი, რომელსაც ის დაპყრობილი ერების მიმართ იყენებდა. ეს იცის ყველამ, ვისაც უმოგზაურია რუსეთის ტერიტორიაზე წარსულში.1905-1906 წლებში, ქართველების მიერ თავისუფლების აღდგენის მცდელობის შემდეგ, მე თვითონ ვნახე დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი გადამწვარი და განადგურებული მეფის რუსეთის ჯარის მიერ, მათთვის დამახასიათებელი სამხედრო სისაძაგლით.
რაც ახალია, არის მთელი ქვეყნის მიზანმიმართული ძარცვა. რუსი ჯარისკაცები სოფელ-სოფელ დაძრწიან და ყველაფერს ანადგურებენ, რაც გლეხებმა გამოიმუშავეს. საქართველო, გარდა იმისა, რომ ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მათ შორის, რაც კი მე მინახავს, ასევე მისი მიწა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერია.ყოველგვარ სიმდიდრეს, ორთქმავლებით დაწყებული, ქაღალდითა და წამლებით დამთავრებული, რუსები იპარავენ და რუსეთში ბაქოსა და კასპიის გავლით გადააქვთ.
მთავარი გამონაკლისი ხალიჩები და ფარდაგებია (ძირითადად სპარსული), რომლებიც საკვების სანაცვლოდ გერმანელ და იტალიელ სპეკულიანტებს მიჰყიდეს. ამ მტაცებლებს მსგავსი გარიგება აქვთ სამკაულთან დაკავშირებითაც.
ყველა ქართული წიგნი გაანადგურეს. არავის აქვს უფლება 300-ზე მეტი წიგნი შეინახოს. ქართველები კი ინტელექტუალი და უაღრესად განათლებული ხალხია.მაგრამ მთავარი საკითხი ახლა საკვებია. რუსული ფული არაფრად ფასობს. სასაცილოა ამაზე საუბარიც კი. მაგალითად, გასულ თვეში 1 ინგლისური გირვანქა სტერლინგი დაახლოებით 110 000 რუბლს უტოლდებოდა. იმ პერიოდში ერთი გირვანქა პური (1 გირვანქა - 450 გრამი) 2 110 რუბლი ღირდა, ხოლო ერთი გირვანქა ბეკონი - 10 000 რუბლი, კარაქი - 12 000 რუბლი. განაგრძეთ კითხვა