ვინ არის რიში სუნაკი?- ინდური წარმომავლობის ბრიტანელი პოლიტიკოსი , რომელიც, შესაძლოა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს
ბორის ჯონსონის განცხადების შემდეგ, რომელიც თანამდებობიდან გადადგომას გულისხმობდა, დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კენჭისყრა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ ვინ იქნება კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერი. რამდენიმე კანდიდატს შორის ამჯერად ბრძოლა ყოფილ კანცლერ რიში სუნაკსა და მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს შორის მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მეოთხე კენჭისყრაზე რიში სუნაკმა 137 ხმა მიიღო, ლიზ ტრასმა კი - 113, ხმათა ყველაზე ნაკლები რაოდენობა, ამ უკანასკნელზე 8 ხმით ნაკლები, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველმა თავდაცვის მინისტრმა ქალმა - პენი მორდონტმა მიიღო.
ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე კანდიდატს ზაფხულში კამპანიის წარმართვა მოუწევთ, რის შემდეგაც საბოლოო კენჭისყრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას "კონსერვატიული პარტიის" ათობით ათასი წევრი მიიღებს. გამარჯვებული 5 სექტემბერს გამოვლინდება.
ბორის ჯონსონი კი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად იქამდე დარჩება, ვიდრე მისი შემცვლელი არ დასახელდება.
ვინ არის რიში სუნაკი?
42 წლის რიში სუნაკი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია და ხმათა უმრავლესობით სარგებლობს, ინდური წარმომავლობის პოლიტიკოსია. ის ექიმების ოჯახში დაიბადა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აფრიკის გავლით 1970-იან წლებში ჩავიდნენ. როგორც ცნობილია, სუნაკის ოჯახი აღმოსავლეთ აფრიკაში კოლონიალიზმის ეპოქის დროს ინდოეთიდან გადავიდნენ.
მომავალი პოლიტიკოსი დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონში დაიბადა, განათლება კი ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან სკოლაში - ვინჩესტერში მიიღო. სწავლობდა ოქსფორდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში.
ბრიტანელი პოლიტიკოსის მეუღლე, ინდოელი მილიარდერის ნარაიანა მურთის შვილი აკშატა მურთია, მათ ორი გოგონა ჰყავთ.
რიში სუნაკი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი 2015 წელს გახდა, 2019 წელს კი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ის ამ პოსტს 2022 წლის 5 ივლისამდე იკავებდა. როგორც ცნობილია, სუნაკი ბორის ჯონსონის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი, თუმცა მედიაში უეცრად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუნაკი გარკვეულ საკითხებში ბორის ჯონსონს არ ეთანხმებოდა და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად პოსტი დატოვა. განაგრძეთ კითხვა