როგორ გახდა თემურ სეფიაშვილი დონალდ ტრამპის მეგობარი
ისინი ასაკით თითქმის თანატოლები იყვნენ. რისკიანები, უფრო სწორად, ავანტიურიზმში რომ გადადის, იმდენად რისკიანები. ორივე წარმატებაზე ოცნებობდა, თუმცა ერთს მილიონერი მამა ჰყავდა და აწყობილ ბიზნესში ჩაერთო, მეორე კი შორეული საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ემიგრანტი იყო, რომელსაც საზიარო ელექტრონიკის მაღაზია ჰქონდა მანჰეტენზე. მათი შეხვედრა შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო, რომ არა... ტელევიზორები.
1975 წლის მაისში დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში მდებარე წამგებიანი სასტუმრო Commodore 10 მილიონ დოლარად იყიდა და მისი განახლება გადაწყვიტა. სასტუმროს ნომრებისთვის საჭირო 200 ტელევიზორი კი თამირ საპირისა და სემ კისლინის მაღაზიაში შეუკვეთა, მხოლოდ იმ პირობით, რომ თანხას რამდენიმე თვის შემდეგ გადაიხდიდა. 30 წლის დონალდ ტრამპი მაშინაც ისეთივე თავდაჯერებული და ამბიციური იყო, როგორც 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. საპირისა და კისლინისთვის, რომლებიც სერიოზულ ბიზნესს მაშინ იწყებდნენ, ეს შეკვეთა ძალზე საჭირო იყო და ისინი დათანხმდნენ ტრამპის წინადადებას. ამ გადაწყვეტილებამ მომავალში დიდი როლი ითამაშა საბჭოთა ემიგრანტების წარმატებაში.
გასული საუკუნის 70 იანი წლების ბოლოს, დონალდ ტრამპი უკვე მულტიმილიონერი იყო და საკმაოდ დიდ ბიზნეს-პროექტებში იყო ჩართული. თამირ საპირს კი პირველი მილიონი ჯერ საშოვნელი ჰქონდა და ამისთვის მხოლოდ ელექტრონიკის ერთი მაღაზია ნამდვილად არ იყო საკმარისი, საჭირო იყო სასწაული, რომელიც თავისი ფეხით „მივიდა“ თამირ საპირთან. ათწლეულების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებდა: ჩემს წარმატებაში გადამწყვეტი როლი ედუარდ შევარდნაძემ ითამაშა. ერთხელ, ჩემს მაღაზიას ესტუმრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მისი პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. ვთხოვე, დამეხმარე საქართველოში მამაჩემის საფლავის მოსანახულებლად ჩასვლაში-მეთქი.
ზოგადად, მილიარდერებს უყვართ საკუთარი პერსონის ირგვლივ ლეგენდების შეთხზვა, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც ასეა: ძნელი დასაჯერებელია საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (ეს გრომიკო იქნება, თუ შევარდნაძე) ნიუ-იორკში ელექტრონიკის მაღაზიაში მოსეირნე – მათ ამის დრო სად ჰქონდათ? გარდა ამისა, პროვოკაციის შიშით საბჭოთა მინისტრები და პარტიული ჩინოვნიკები მაქსიმალურად ერიდებოდნენ არაოფიციალურ ვიზიტებსა და „მტრის ბუნაგში“ ქუჩა-ქუჩა სიარულს.
აი, თანაშემწეს ან პირადი დაცვის წევრს კი ნამდვილად დაავალებდნენ მაღაზიაში რაიმეს შეძენას. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც ასე იყო. მთავარი კი ის არის, რომ ამის შემდეგ თამირ საპირის ფირმა ჩართეს აშშ და საბჭოთა კავშირის მიერ ერთობლივად შექმნილი „სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს“ შემადგენლობაში, სადაც ის 100 დიდი ამერიკული კომპანია იყო გაერთიანებული, რომლებიც საბჭოთა კავშირთან ბიზნესს აწარმოებდნენ. თამირ საპირის პირველივე ვიზიტი მოსკოვში წარმატებული აღმოჩნდა. მან გააფორმა ძალზე მომგებიანი ბარტერული ხელშეკრულებები: ქიმიკატების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სანაცვლოდ, ის საბჭოთა კავშირს აწვდიდა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ა.შ. ასე იშოვა თემურ სეფიაშვილმა პირველი მილიონი.
ერთი გარემოებაა აუცილებლად გასათვალისწინებელი: ე.წ „პერესტროიკის“ დროს, როდესაც გორბაჩოვმა კა–გე–ბეს თავმჯდომარედ კრუჩკოვი დანიშნა, საბჭოთა სპეცსამსახურები ცდილობდნენ უფრო მოქნილად ემოქმედათ და დაზვერვა–კონტრდაზვერვის სამსახურების საფარად ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა „სავაჭრო-ეკონომიკურ საბჭოებსა“ და ერთობლივ საწარმოებს. ამიტომ საბჭოთა კავშირში თამირ საპირის (ისევე, როგორც სხვა ამერიკელი ბიზნესმენების) საქმიან თუ პირად კონტაქტებს ყურადღებით აკვირდებოდნენ ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები. დავუბრუნდეთ თამირ საპირს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ბიზნესი რუსეთში გააგრძელა. მიღებული მოგება კი ნიუ-იორკში უძრავ ქონებაში ჩადო. აი, აქ კი კვლავ გადაიკვეთა თამირისა და დონალდის გზები. თამირ საპირი იყო სამშენებლო კომპანია The Sapir Organization-ის პრეზიდენტი და დონალდ ტრამპის სამშენებლო კომპანიების მთავარი პარტნიორი. შემდეგ საპირმა და ორმა სხვა საბჭოთა ემიგრანტმა, ფელიქს სატერმა (რომელიც მოსკოვში იყო დაბადებული, მისი ნამდვილი გვარი შეფეროვსკია) და თევფიკ არიფმა (ყაზახეთში დაბადებული ტოფიკ არიფოვი ), ინვესტიცია განახორციელეს Trump SoHo პროექტში, რომელიც მოიცავს სასტუმროსა და ბინების კომპლექსს მანჰეტენზე. თავის მხრივ, ტრამპმა ინვესტიცია ჩადო კომპანია Bayrock-Sapir-თან, რომელსაც იგივე სამეული ხელმძღვანელობდა.
დონალდ ტრამპი შორს იყურებოდა. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ აშშ პრეზიდენტობის ამბიციები მას ჯერ კიდევ 2000 წელს ჰქონდა, თუმცა მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯორჯ ბუში–უმცროსი გახდა. ამის შემდეგ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური იმიჯის შექმნასა და მხარდამჭერების მოზიდვაზე გადაერთო. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი იყო აშშ–ის ებრაელი მოქალაქეების მხარდაჭერა, ამიტომაც დონალდ ტრამპი და მისი მთავარი მოკავშირე, ნიუ–იორკის მერი რუდოლფ ჯულიანი ოჯახებით დაუახლოვდნენ მდიდარ ებრაელებს: თამირ საპირს, სემ კისლინს და სხვ. განაგრძეთ კითხვა