“ჯვარი ვაზისა” - პირველი ქართული კათოლიკური გაზეთის ისტორია | Allnews.Ge

“ჯვარი ვაზისა” - პირველი ქართული კათოლიკური გაზეთის ისტორია

ადრინდელ სტატიაში, რომელშიც ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში ქართველ კათოლიკეთა წვლილზე ვწერდი ჩემს მეგობართან, კონსტანტინე აკოფაშვილთან ერთად, შევნიშნავდით, რომ ხსენებული წვლილი „ამ ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილია“, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, „დავიწყებული ან მიჩუმათებულია ხოლმე“.

კათოლიკეთა მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შეფასებისას ვახსენეთ, ასევე, პატრი დომინიკე მუღაშაშვილი-პაწაძე, ქართველი კათოლიკე სასულიერი პირი, პუბლიცისტი და მწერალი, რომლის თაოსნობითაც 1906 წლის მარტიდან სექტემბრამდე გამოდიოდა პირველი ქართული კათოლიკური გაზეთი. პირველივე ნორმის თავფურცელზე აღნიშნული იყო, რომ „ამ წლის 26 მარტიდამ გამოვა სურათებიანი ყოველ კვირეული საეკკლესიო საზოგადოებრივი გაზეთი“. უდავოა, რომ ეს დიდი მოვლენა იყო ქართველ კათოლიკეთა ცხოვრებაში.

sqreem-1655193173.png

დომინიკე მუღაშაშვილი დაიბადა 1864 წელს სოფელ ხიზაბავრაში. დაწყებითი განათლება მიიღო ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან, მამა ივანე გვარამაძესთან („ვინმე მესხი“), ხოლო 1890 წელს დაამთავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან არსებული სასულიერო სემინარია, რომელიც მამა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ იყო დაარსებული. მისი პიროვნების და საქმიანობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“ ბატონ როინ მიგრიაულის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:

284069488-545842980377503-1260367725880959408-n-1655192733.png

„დომინიკე პაწაძის აზრით, ქართულ კათოლიკთა ბრძოლას რომ შედეგი მოჰყოლოდა, საჭირო იყო, უპირველეს ყოვლისა, მიზანმიმართული და ორგანიზებული მოქმედება, რაც თავისთავად მშობლიურ ენაზე კათოლიკთა საკუთარი პერიოდული ორგანოს გამოცემის აუცილებლობას აყენებდა. მან გადაწყვიტა ისეთი ორგანოს გამოცემა, რომელსაც ერქმეოდა ‘ჯვარი ვაზისა’ და რომლის სახელიც იქნებოდა პირველი ნიშანი მართლმადიდებელ ქართველობასთან თანადგომისა“.

გაზეთმა თითქმის ნახევარ წელს იარსება და სულ 18 ნომერი გამოვიდა. იქვე ვკითხულობთ, რომ გაზეთმა „საკმაო ხელისმომწერებიც გაიჩინა და გაზეთის შინაარსით თუ ფორმით საკმაოდ პოპულარული გახდა. იგი კვირაში ერთხელ გამოდიოდა, ხელისმომწერთა უმრავლესობას ქართველი კათოლიკენი შეადგენდნენ, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის გარგლებს გარეთაც“.

პროფესორ შოთა ლომსაძისაგან ვგებულობთ, რომ 1906 წლის ივლისში სტამბოლში წერდნენ: „აქ მყოფი საქართველოს კოლონია მოხარულია თქვენს მიერ გამოცემული ‘ჯვარი ვაზისა’ . . . კეთილი იყოს დაბადება ამ დიდი ხნით ნატრული ფრიად საუკეთესო კვირეულისა, რაც შეგვიძლია, აქედან ყველა ქართველის სახლობას თითო ნომერს გამოვაწერინებთ“. აქედან ჩანს, რომ ქართულ საზოგადოებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, დიდი ინტერესი არსებობდა ახალი გაზეთის მიმართ. შემდეგ ზემოთ აღნიშნულ სტატიაში პატრ დომინიკეს საქმიანობასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „1908 წელს იგი გორში გადმოდის ქართულ კათოლიკურ ეკლესიაში (ფრანგების ეკლესიად წოდებული) სამოღვაწეოდ.

აქ მან შეიტყო, რომ სახელმწიფო ბანკის მეშვეობით იყიდებოდა თავად შალიკაშვილის აუთვისებელი მამულები გორის მაზრის სოფელ სკრაში. საკუთარი ხარჯებით შეიძინა აღნიშნული ტერიტორია მთებით, ტყეებით, სახნავ-სათიბი ფართობით. მესხეთიდან 25 კომლი ჩამოასახლა 1910 წელს და დააარსა სოფელი (ქართველ კათოლიკთა რამდენიმე ოჯახისაგან), რომელსაც უწოდა ბეთლემი“. მის განზრახვას იმავე სტატიიდან ვგებულობთ:

„მას ფიქრად ჰქონდა მოეზიდა ძირითადად მშობლიურ ენადაკარგული კათოლიკენი, რომელნიც მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან მესხეთ-ჯავახეთში სომხური მოსახლეობით გარშემორტყმულნი აღმოჩნდნენ სოფლებში: ხულგუმოში, ბავრაში, კარტიკმში და სომხური გარემოცვის წყალობით გასომხების გზას დაადგნენ. საბოლოო გადაგვარებისგან მათ მხოლოდ ქართულ გარემოში შესვლა თუ იხსნისო...“. ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა, რომ პატრი დომინიკე ქართული კათოლიკობის გადარჩენას ცდილობდა. საბოლოოდ, მისმა დაუღალავმა და ეროვნულმა მისწრაფებამ ბევრი მტერი გაუჩინა, რომლებმაც 1911 წლის 28 ოქტომბერს დომინიკე მუღაშაშვილი-პაწაძე ვერაგულად მოკლეს. იგი დაკრძალეს ქ. გორის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის კედელთან, იქვე გააკეთეს მარმარილოს ფილა წარწერით: „აქ განისვენებს რედაქტორი ჟურნალ ‘ჯვარი ვაზისა’, დამფუძნებელი სოფელ ბეთლემისა, პატრი დომინიკე მუღაშაშვილი (პაწაძე), დაბადებული 1864 წელს, სოფელ ხიზაბავრაში, ტრაგიკულად მოკლული ავაზაკთაგან სოფელ სკრაში 28 ოქტომბერს, 1911 წელს. განსვენება საუკუნო მიანიჭე მას უფალო!“.

285635650-5055216801266758-7959949249636449611-n-1655192765.png

გაზეთი „ჯვარი ვაზისა“ სხვადასხვა თემას ეხებოდა, როგორებიც იყო ქრისტიანობა და სოციალური საკითხები, ქართველ კათოლიკეთა ისტორია და პრობლემები, სიახლეები რომიდან, რუსეთის იმპერიაში არსებული მდგომარეობა, პაპობისა და საქართველოს ურთიერთობები, უცხოეთში მყოფი ქართველების ყოფა-ცხოვრება, ასევე მათი წერილები, სხვადასხვა მხარის ქართველ კათოლიკეთა წეს-ჩვეულებანი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო საერთო ეროვნულ საკითხებზე. პატრ დომინიკეს ეროვნული გათავისუფლების იდეამ და საერთო ქართულმა ქრისტიანულმა მისწრაფებებმა, რომელთა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტსაც გაზეთი „ჯვარი ვაზისა“ წარმოადგენდა, წარუშლელი მოგონება დატოვა ამ პიროვნების შესახებ, რომელიც დიდი საუნჯეა არა მარტო ქართველ კათოლიკეთათვის, არამედ ყველა რელიგიური აღმსარებლობის ქართველებისთვის, რომელთაც გული შესტკივათ საკუთარ ქვეყანაზე.

ირაკლი ჯავახიშილი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

myquiz