"ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მეუღლემ და შვილმა ორანჟერეა გამიკეთეს" - ცნობილი მემცენარის გზა სოხუმიდან წავკისამდე
მისი ყვავილები საქართველოში შინ ბევრს აქვს, ბევრიც აზრს ეკითხება - როგორ მოაშენოს და მოამრავლოს ისინი. მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა, ახლა კვალიფიციურ მემცენარედ იცნობენ.
ფიქრია ციკარიშვილმა მთელი შეგნებული ცხოვრება თელავში გაატარა, თუმცა ზუგდიდშია დაბადებული, გაზრდილი კი ულამაზეს სოხუმში.
- სოხუმი მშობლიური, საყვარელი ქალაქია... წელს მარტში თოვლი რომ მოდიოდა, სოხუმი გამახსენდა, - რომ მოვიდოდა, ბავშვები სკოლიდან სანაპიროზე გავრბოდით, იქ მაღალი და დათოვლილ პალმების ძირში ვდგებოდით, ვარხევდით და გვიხაროდა, თავზე რომ გვეყრებოდა... თოვლი იშვიათად მოდიდოა, მაგრამ როცა მოვიდოდა, დღესასწაული იყო...
მე-10 კლასში ვიყავი, სოხუმში პირველი ტროლეიბუსი რომ გაჩნდა და სანამ სახლში მივიდოდი, სადგურთან ვცხოვრობდით, ქალაქს ტროლეიბუსით 10 წრეს მაინც შემოვუვლიდი... ქუჩებში ფეხით სიარულიც მიყვარდა...
ჩვენი ოჯახი იქ საცხოვრებლად ზუგდიდიდან გადავიდა... სახლი ზღვას გადაჰყურებდა და ღამე საოცარი სანახავი იყო, პორტში განათებული დიდი და ცნობილი გემები რომ შემოდიოდნენ... თელავში აფხაზეთს დაკარგვამდე ბევრად ადრე გადმოვედი, რადგანაც აქეთ გავთხოვდი...
- ალბათ სოხუმის იმ ლამაზმა გარემომ და იმანაც, რომ მამა აგრონომი გყავდათ, ხელი შეუწყო თქვენში მცენარეების მიმართ ასეთი სიყვარულის გაღვივებას...
- თავიდან მამამ პატარა სახლი იყიდა, მაგრამ დიდი ეზო ჰქონდა, წლების მერე კი იქაურობა კარგად მოაწყო. სახლიც და ეზოც შეუდარებლად ლამაზი იყო. მცენარეები თავიდანვე მიყვარდა, მერე თელავში რომ აღმოვჩნდი, იქაც მოვამრავლე... სკოლაში მუშაობას თავი რომ დავანებე, ერთი პერიოდი მოსწავლეებს ვამზადებდი, მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს სულ სხვა რამ არის...
- როგორც ჩანს, თელავი მოგეწონათ...
- თელავის ინსტიტუტში ვსწავლობდი, სადაც რექტორი ბიძაჩემი იყო, ბოლოს კი ბინაც იქ დავიდე... ამ ქალაქში ყოველთვის გამორჩეული საზოგადოება ცხოვრობდა, იქ კარგი განათლების მიღებაც შეიძლებოდა და კულტურული ცხოვრებაც დუღდა...
სკოლაში მუშაობას თავი რომ დავანებე, იმ პერიოდისთვის ეზო უკვე სავსე მქონდა მცენარეებით, ნამდვილი ბაღნარი იყო...