თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია - რა შენობები დგას დღეს მის ადგილას? | Allnews.Ge

თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია - რა შენობები დგას დღეს მის ადგილას?

ახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი ძველად ორ განშტოებას ქმნიდა. სწორედ მათ შორის მდებარეობდა კუნძული, რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ.

1751 წელს მეფე თეიმურაზ მეორემ თავად ორბელიანს უწყალობა გარეთუბანში მდებარე “მეიდნის სასახლის” ადგილი, რის შემდეგაც ამ ადგილს ორბელიანის უბანი ეწოდა. ორბელიანებმა თავიანთ მამულს მტკვარზე არსებული დიდი კუნძულიც შეჰმატეს. მე-19 საუკუნეში “ორბელიანების კუნძული” გენერალმა მადათოვმა შეისყიდა და დღემდე ეს დაკარგული კუნძული “მადათოვის კუნძულის” სახელით არის ცნობილი.

კუნძულის ნაწილი სასტუმრო “ლონდონის” ფანჯრებიდანაც მოჩანდა. სკუდერის ხიდის თავზე მდებარე სასტუმრო “ლონდონი” რაფიელ გილიგოვს ეკუთვნოდა, რომელსაც მეწილედ გირშფელდი ჰყავდა. ამ სასტუმროს მეორე სართულზე, რომლის წინა ფანჯრები ძველი ყაბახის (ალექსანდრეს ბაღის) ქვედა ხეივნების მხარეს გამოდიოდა, ერთი უცხოელი დასახლებულიყო.

kunz-knut-hamsun-1650018810.jpeg

“ეს კაცი 40 წლისა იქნებოდა და როგორც ეტყობოდა, მოგზაურობას მისდევდა. ასე დადიოდა თავისი ქვეყნიდან მოშორებულ ქალაქებში და თვეობით ცხოვრობდა იქ. ფული რომ შემოაკლდებოდა და თავისი ქვეყნიდან ფოსტით არაფერი მოუვიდოდა, მაშინ იმ თავის მუქლურჯ კოსტუმს გაიხდიდა და მუშური ხელობით გადიოდა ფონს.

მაგრამ ამგვარი საჭიროება ქალაქში არა ჰქონია. ის დადიოდა ჩალის მოყვითალო ფერის შლაპით. იყო გამხმარი, მაღალი, მაგრამ მხარბეჭიანი. მოკლე, სპილენძის ძაფებივით დაგრეხილი, მაგრამ საგულდაგულოდ ნაკრეჭი ულვაშით ჰგავდა გაზეთის სურათებიან დამატებაში დახატულ უცხოელებს.ამ კაცს ნახულობდნენ ყველგან. შორიდანვე დაინახავდნენ, როცა მოჰყვებოდა წყლის ნაპირს, ჯოხითა და უბიდან გამოჩრილი ქაღალდით. ბევრ რამეს კითხულობდა. აქეთ კი ფრანგული არავის ესმოდა. კვირაში ორ-სამჯერ სამხედრო კლუბში შედიოდა, სადაც გათენებამდე ქაღალდს თამაშობდნენ, მაგრამ ეს არასოდეს თამაშობდა. მხოლოდ რუმინელ მევიოლინეებს უსმენდა და გამოზომილად სვამდა სამი შაურის კონიაკს. ზოგჯერ არც ამას მოითხოვდა და ერთ-ორ გაცნობილ კაცთან (ფრანგთან და გერმანელთან) მასლაათობდა.

ერთხელ რუმინს ვიოლინო ჩამოართვა და ისეთი მხიარული რამ დაუკრა, რომ გვარიანი ტაში მიიღო” (ა. მორჩილაძე).

მის შესახებ თბილისელებმა იცოდნენ, რომ ბ-ნი პედერსენი სწავლობდა ფოლკლორს და ძველი მეფეების ამბებს აგროვებდა. რომანებს ფსევდონიმით – კნუტ ჰამსუნით წერდა.ბ-ნი პედერსენი დაინტერესებული იყო “მადათოვის კუნძულით” და მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. შთაბეჭდილებებს კი უბის წიგნაკში იწერდა:“კუნძულზე ვიყავი. მისი ისტორია არავინ იცის. ჩვეულებრივი კუნძულია. ძალიან პატარა იმისთვის, რომ ზედ ვენახი იყოს გაშენებული და მაინც, ვენახი არის. რას ნიშნავს ვენახი შუა ქალაქში? თანაც კუნძულზე, სადაც ნაგავსაყრელია?

kunzul2-1650018831.jpg

კუნძული ამოზრდილია შუა მდინარეში. ზედ არის ყოვლად ბინძური და უინტერესო საამქრო, რომელსაც ერთი ვიწრო საბუხრე მილი აქვს და იქიდან ამომავალი კვამლის ჭვარტლი ეფინება ჩვენი სასტუმროს სამხრეთ ფასადს და ხიდის კიდეზე ჩარიგებული სახლების აღმოსავლეთ კედლებს. იქ არის ნაგავსაყრელიც. ყოველ დილით პატარა ხიდით ხალხს გადააქვს ნაგავი დიდი გოდრებით, რომლებიც ან ხელის ურიკებზე აწყვია, ან სახედრებს აქვთ აკიდებული. კუნძულის ერთი ადგილი მთლიანად ვენახს უჭირავს. საამქროსგან მოშორებით ორიოდე უბადრუკი ფარდულია.

ყოველ დილით ჩემი ფანჯრიდან ვხედავ კუნძულის ერთ ნაგლეჯს და სულ ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ეს მყრალი ადგილი ქალაქის შუაგულში? ანდა, რას უნდა ნიშნავდეს ვენახი ნაგავსაყრელზე? როგორ უნდა იმეზობლოს ამ ორმა რამემ ისეთ მხარეში, სადაც ყურძენი სრულიად განსაკუთრებული რამ არის?”

ხის მჭრელი და გადამამუშავებელი საამქრო, რომელიც მადათოვის კუნძულზე მდებარეობდა, ვინმე ჯაგეტიანებს ეკუთვნოდათ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, იმ დროს ძალიან ცნობილი “ტყუპი სახლები”, რომლებიც ერთ ეზოში დგას, ფაბრიკის მეპატრონემ თავის ორ ვაჟს აუშენა. ორივე შენობა ერთმანეთის იდენტურია და სადარბაზოები მხატვრის, პოზნანის მიერ იყო მოხატული. ამბობენ, ეს ერთადერთი სადარბაზოა, სადაც მხატვარმა თავისი ავტოგრაფი დატოვაო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz