6 მითი კბილების მოვლის შესახებ | Allnews.Ge

6 მითი კბილების მოვლის შესახებ

6 მითი კბილების მოვლის შესახებკბილების რეგულარული ხეხვა, კბილის ძაფის გამოყენება და წელიწადში 2-ჯერ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი - ასე იქცევა ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება სურს.ამასთანავე, კბილების მოვლა საჭიროა არა მარტო მომხიბვლელი ღიმილისთვის, არამედ, საზოგადოდ, ჯანმრთელობისთვის. ტაფტის (აშშ) უნივერსიტეტის სტომატოლოგთა ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გააქარწყლა ჯანმრთელ კბილებზე არსებული რამდენიმე მითი. სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რა გავლენას ახდენს კვება ბავშვების, მოზარდების, ორსულების, ზრდასრულებისა და მოხუცების კბილების სიჯანსაღეზე.

მითი #1: გაფუჭებული კბილი დანარჩენ ორგანიზმზე არ მოქმედებს

ბევრმა მომავალმა დედამ არ იცის, რომ ორსულის კვება მომავალში გავლენას ახდენს ბავშვის კბილების მდგომარეობაზე. თუ ორსული ცუდად იკვებება, ადვილი შესაძლებელია, მის შვილს ზრდასრულ ასაკში კბილების პრობლემები აღმოაჩნდეს. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, კეროლ პალმერი, პირდაპირ ამბობს: "თუ ბავშვს მუცლადყოფნის მე-16 კვირიდან მე-4 თვემდე არ ჰყოფნის კალციუმი, დ ვიტამინი, ა ვიტამინი, ცილები ან კალორიები, შესაძლოა, კბილები არასწორად განუვითარდეს". ზოგიერთი გამოკვლევა კი მიუთითებს, რომ ბ6 და ბ12 ვიტამინების უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარების ისეთი მანკი, როგორიც არის კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა. კბილების ყველაზე გავრცელებული დაავადება, კარიესი, ბავშვებში ნებისმიერ სხვა დაავადებაზე, თუნდაც ასთმაზე, 5-ჯერ ხშირად გვხვდება. "როცა ბავშვს კბილი სტკივა, მას არ შეუძლია გაკვეთილზე ყურადღების მოკრება, მიირთმევს მხოლოდ ისეთ საკვებს, რომელიც ადვილად იღეჭება, მაგრამ უმნიშვნელო კვებითი ღირებულება აქვს. მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ნაცვლად - ფუნთუშებს", - განმარტავენ სტომატოლოგები.

მითი #2: მეტი შაქარი უდრის მეტ კარიესს

მნიშვნელოვანია არა ის, რამდენ შაქარს ვჭამთ, არამედ ის, რამდენი ეხება უშუალოდ კბილებს. საწუწნი კანფეტები და ტკბილი სასმელები პირში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე სხვა ტკბილეული. ეს ზრდის კბილებზე იმ მჟავების ზემოქმედების ხანგრძლივობას, რომლებსაც შაქრისგან გამოყოფენ პირში მობინადრე ბაქტერიები. რამდენიმე გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოზარდები ნახშირწყლების დაახლოებით 8%-ს ტკბილი სასმელებიდან იღებენ. ამ სასმელების რეგულარული სმა ზრდის კარიესის განვითარების რისკს. უშაქრო სასმელები ნაკლებმავნედ არის მიჩნეული, მაგრამ თუ რეგულარულად ვსვით, კბილის მინანქრის დაზიანება მათაც შეუძლიათ.

მითი #3: სარძევე კბილების კარიესი საშიში არ არის

სარძევე კბილების კარიესი მშობლებს მაინცდამაინც არ აღელვებთ - მაინც მოსაცვლელიაო. სტომატოლოგები კი გვაფრთხილებენ, ყურადღებით ვიყოთ: სარძევე კბილის კარიესმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მუდმივი კბილის გვირგვინის განვითარებას. თუ სარძევე კბილი დროზე ადრე ამოვარდა, მუდმივი კბილი შესაძლოა არასწორად ამოიჭრას და ბავშვს სამომავლოდ ორთოდონტიული მკურნალობა დასჭირდეს.

განაგრძეთ კითხვა