ბაღის დიზაინერის საჭირო რჩევები მათთვის, ვისაც ბაღი აქვს ან გაშენებას გეგმავს | Allnews.Ge

ბაღის დიზაინერის საჭირო რჩევები მათთვის, ვისაც ბაღი აქვს ან გაშენებას გეგმავს

ნარი ლატარია პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია, თუმცა ბოლო პერიოდში ბაღის დიზაინით დაინტერესდა და წარმატებითაც დაეუფლა ამ ერთობ საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიას. 2017 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯი. ამჟამად ბაღის დიზაინერი და დეკორატიული მცენარეების მაღაზია-სალონის მფლობელია.

- პროფესიის შეცვლა იმ ასაკში დაგავწყვიტე, როდესაც კარგად იცნობ შენს შესაძლებლობებს, ზუსტად იცი რა გინდა, რისი კეთება გსიამოვნებს. არ მიყვარს ერთფეროვნება, მიყვარს სიახლეები, გამოწვევები, მოგზაურობა და ბუნება. ეს საქმიანობა ჩემს ყველა ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და გაერთიანებულია მასში. ასე რომ, ჩემთვის ეს არის საქმიანობაც და ამავდროულად გატაცებაც. საქმე, რომელიც ყოველთვის არის საინტერესო, განსხვავებული, შემოქმედებითი და მრავალფეროვანი.დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოში, ფლორით მდიდარ მხარეში. იქ, სადაც ეზოს გამწვანების კულტურა ოდითგანვე არსებობდა და ლამაზი ეზო ყოველთვის ითვლებოდა საამაყოდ და აუცილებლადაც კი.

261926529-298691675464228-6895341499729834999-n-1648717611.jpg

დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც ბაღის დიზაინერი რომ ვაფასებ ბებიაჩემის ეზოს, ვხვდები, რამდენად სწორად იყო დაგეგმარებული: ეზოს კარიდან სახლამდე განიერ გზას მიუყვებოდა გრძელი მიქსბორდერი მრავალფეროვანი ბუჩქებითა და ყვავილებით, რომელთაგან ყველაზე მეტად ბებიას კამელიები უყვარდა, ჩაის ვარდს ეძახდა. და ბევრი სხვა საოცარი სანახაობა იშლებოდა იმ ეზოში...

2015 წელს, როცა მივედი საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯში, ბაღის დიზაინის პროგრამის შესასწავლად, ჩემი პირველი პროფესია ძალიან დამეხმარა ახალი პროფესიის მარტივად ათვისებაში, რადგან ინგლისურენოვანი ლიტერატურისა და ინტერნეტმასალების დახმარებით მოკლე დროში შევძელი დავუფლებოდი ყველა იმ უნარ-ჩვევას და ცოდნას, რაც ბაღის დიზაინერს სჭირდება.

261490239-598328187953151-8954484412736996062-n-1648717647.jpg

- ბევრი პროექტი გაქვთ განხორციელებული. საინტერესოა ბოლო დროის რომელ პროექტს გამოარჩევდით?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ სულ რამდენიმე წელია ამ სფეროში ვსაქმიანობ, მართლაც ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული. ალბათ რამდენიმე ათეული, მაგრამ მთავარი რაოდენობა არ არის. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ჩემი შექნილი ბაღებით კმაყოფილები არიან თავად მეპატრონეები. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა გასცდა დამკვეთისა და შემსრულებლის სტანდარტულ ურთიერთობას და მეგობრობაში გადაიზარდა. იციან, რომ ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო მათ მაქსიმალურად.ბოლო პროექტებიდან გამოვარჩევდი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში აფხაზეთის სამინისტროს დაკვეთით და ენდემური მცენარეების გამოყენებით შესრულებულ თემატურ პროექტს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. ეს პროექტი იმითაც იყო გამორჩეული, რომ აქ მქონდა წინასწარ დადგენილი მცენარეების სია და მისთვის უნდა მომერგო ფორმა, ანუ დიზაინი. ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე. ჯერ ვეძებ ფორმას, სილუეტებს და მას ვარგებ მცენარეებს მისი ჰაბიტუსის მიხედვით. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ეს პროფესია არის უსაზღვროდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე და საქმე, რომელიც არასდოს გბეზრდება, რადგან წინა პროექტი არასდროს ჰგავს მომავალს და პირიქით.

262082315-2981572692104884-5613385781158231344-n-1648717683.jpg

- როგორ ხდება ბაღის გაშენება, როგორ იწყება ყველაფერი და რა ეტაპებს გადიხართ?

- ბაღის გასაშენებლად აუცილებელია გვქონდეს პროექტი. პროექტამდე კი გრძელი გზაა გასავლელი. პოტენციურ კლიენტთან ძირითადი გასაუბრების და დეტალებს დავლის შემდეგ, გულდასმით ვათვალიერებ ობიექტს, ვაკეთებ აზომვით ნახაზს. ეს ყველაფერი მოგვიანებით გადამაქვს კომპიუტერულ პროგრამაში და ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ყველაფრის გათვალისწინებით. ასე ჩნდება ესკიზების რამდენიმე ვარიანტი, რომლის დახმარებითაც საშუალება ეძლევა ბაღის მომავალ მფლობელს, აირჩიოს მისთვის სასურველი დიზაინი. ამ ეტაპების გავლის მერე კეთდება გენგეგმა და დენდროგეგმა. და ბოლოს დგება ყველაზე ამაღელვებელი მომენტი - პროექტის რეალიზება! ეს არის შეუდარებლად სასიამოვნო განცდა, რაც კი შეიძლება შემოქმედმა ადამიანმა განიცადოს. შენი ნაფიქრი და განცდილი, ქაღალდზე დაბადებული რეალობა ხდება და ხორციელდება. ეს ერთგვარად სასწაულიცაა!

განაგრძეთ კითხვა