"მეც ქართველი ვარ, ჩვენი ოჯახი ბათუმიდან რიზეში გადავიდა საცხოვრებლად“- ნამდვილად არის თუ არა თურქეთის პრეზიდენტი ქართული წარმოშობის?
რეჯებ თაიპ ერდოღანი არამარტო დღეს, არამედ უკვე ორი ათწლეულების თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. 1994-98 წლებში ის სტამბოლის მერი იყო, 2003-14 წლებში თურეთის პრემიერ-მინსიტრის პოსტს იკავებდა. 2014 წელს კი თუქეთის პრეზიდენტი გახდა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ერდოღანი 1954 წელს დაიბადა. 1976 წელს სტუდენტი რეჯები სათავეში ჩაუდგა ეროვნული გადარჩენის ისლამისტური პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობას – აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა.
1994 წელს ერდოღანი სტამბოლის მერად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სტამბოლის გამწვანების საქმეში; მოაგვარა ნაგვის გატანისა და წყლით მომარაგების პრობლემები; ამასთანავე, ატარებდა ერბაკანის მთავრობის ისლამურ პოლიტიკას, მაგალითად, სტამბოლში ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემცირების საკითხში.
1997 წელს ერდოღანი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. მალე „კეთილდღეობის პარტიაც” აიკრძალა; 1998 წელს კი ერდოღანი გაასამართლეს მიტინგზე ისლამისტური შინაარსის ლექსის სახალხოდ დეკლამირებისთვის და ათთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, ეს ლექსი სულაც არ იყო აკრძალული – თურქეთის განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ის სასწავლო წიგნშიც იყო შეტანილი.
ნასამართლეობის გამო, ერდოღანი პარლამენტში ვერ შევიდოდა, თუმცა, 2003 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები მიიღო და ერდოღანი ხმების 85 პროცენტით პარლამენტის დეპუტატი გახდა, 11 მარტს კი პრეზიდენტმა ნეჯეთ სეზერმა იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რომლის ხელშიც იყო, ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველობა.
ერდოღანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ძირითად მიღწევებად შეიძლება ჩაითვალოს ფულის რეფორმა 2004-2005 წლებში, რამაც შეამცირა ინფლაცია.
2014 წლის აგვისტოდან კი ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია.
არის თუ არა ერდოღანი ქართული წარმოშობის?
ქართულ პრესაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია ერდოღანის ქართული წარმოშობის შესახებ. 2004 წლის 11 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტის დროს რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, „მეც ქართველი ვარ, ჩვენი ოჯახი ბათუმიდან რიზეში გადავიდა საცხოვრებლად“.
მაგრამ, თურქული არხის NTV-ს ეთერში 2007 წელს, მან უარყო ეს და განაცხადა, რომ ქართული და სომხური წარმოშობა არ აქვს და თურქია.
"მე ქართველად მომიხსენიებდნენ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უარესსაც მიწოდებდნენ, - ისინი მე სომეხს მეძახდნენ, თუმცა მე თურქი ვარ”, - ეს განცხადება თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა.
2009 წელს, Odatv-ს ეთერში გაისმა ვერსია, რომ მისი პაპა „ბაქათალა“-ს მეტსახელს ატარებს გამომდინარე იქიდან, რომ ის არის შიდა ქართლის სოფელ „ბაქათადან“. აჰმეთ ერდოღანის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, საფლავის ქვაზე 1905-1906 ჩანაწერის მიუხედად, პირადობაში წერია 1905 წელი.
საინტერესოა ვნახოთ რას აცხადებს ერდოღანის ქართულ წარმოშობასთან დაკავშირებით აღმოსავლეთმცოდნე ზაურ მჭედლიშვილი:
"თავის დროზე, როცა სჭირდებოდა, ერდოღანმა თქვა, ქართველი ვარო და 2005 წლის 10 ივნისს ლაზებს ჩემი თანდასწრებით ლაზურად მიმართა, როცა ტრაპიზონში შემოვლითი გზა გაიხსნა.
მას ლაზური ფესვები აქვს. დედის მხრიდან ლაზი ბებია ჰყავდა ერდოღანსაც, ნეჯმეთინ ერბაქანსაც, რადიკალ, ფანატიკოს ისლამისტს (თურქეთის პირველ ისლამისტ პრემიერს). თურქეთში მუშაობის გამო, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ როგორც ნაციონალისტი თურქული მიმართულების, ასევე, ისლამური მიმართულების ყველაზე აქტიური და ყველაზე ფუნდამენტალური განწყობის ქართული და კავკასიური წარმომავლობის ლაზები არიან.