“ეს არ იციან საქართველოში. ამან გადაწყვიტა ქვეყნის ბედი“ - როგორ გადაარჩინეს უკრაინელებმა საქართველო 1993 წელს | Allnews.Ge

“ეს არ იციან საქართველოში. ამან გადაწყვიტა ქვეყნის ბედი“ - როგორ გადაარჩინეს უკრაინელებმა საქართველო 1993 წელს

საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე 1993 წელს, სამოქალაქო ომის პერიოდს იხსენებს, თუ როგორ გადაარჩინეს უკრაინელებმა საქართველო.

„ძალიან შეგვავიწროვეს თავის დროზე დასავლეთ საქართველოში ზვიადის მომხრეებმა. დაიკავეს სენაკი, ზუგდიდი. ამ დროს, მე მოსკოვში ვიყავი და ელცინთან უკმაყოფილება მომივიდა. გადახაზა რუკა და მითხრა: “აქეთ შენ იყავი, იქით ისო“. რომ ჩამოვედი ფოთი აღებული იყო, დაუკავებიათ რუსებს, ჩეჩნებს… ადგილზე პატარა ქართული რაზმი იყო, საცოდავი ბიჭები შეშინდნენ და ტყეში გაიქცნენ, გადარჩნენ.

shevardnadze-ukrainelebze-366721-1648201934.jpg

ამ საკითხზე ელცინისგან სასიკეთო რომ ვერაფერი მივიღე, დავურეკე უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ კრავჩუკს. ვუთხარი, X-XII საუკუნიდან ვმეგობრობთ, ლავრა რომ ქართველებმა მოხატეს.. შევახსენე ჩვენი ისტორია.

leonid-kravchuk-1648201692.jpg

ლეონიდ კრავჩუკი- უკრაინის პრეზიდენტი 1991-94 წლებში

ვუთხარი: ფოთი დავკარგეთ, მატარებლები და შესაბამისად პროდუქტები ვერ შემოვა, ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. ვუთხარი, რომ მერე ბათუმის დაკავებასაც აპირებდნენ. ასე ვუთხარი კრავჩუკს – ჩვენი მეგობრობის გულისთსვის თუ რამე შეგიძლია მომეხმარე.

-რა შემიძლია?

-ფლოტი გამოგზავნე და როგორც კი მოუახლოვდება ფოთს, ესენი შეშინდებიან და აიკრავენ გუდა ნაბადს.

-ელცინს ხომ არ დაურეკავ, ხომ არ შეგიძლია?

-ვერა, ისეთი რამ მითხრა ვერ დავურეკავ.

ამ საუბრის შემდეგ, საათნახევარში დამირეკა და მითხრა, ადმირალს მივეცი განკარგულება და ხვალ საღამოს, ან უკიდურეს შემთხვევაში ზეგ დილით ფოთში იქნება ფლოტიო.

მეორე დღესვე ჩამოვიდა ფლოტი ფოთში. ვინც ადგილზე იყო დაფრთხნენ და ქალაქი გაგვითავისუფლეს. ფლოტის მეთაურმა მითხრა „ბიჭები გამოყავით, ჩვენ დავიკავეთ ის პოსტები და დაიკავეთ ქალაქი, ჭიშკარი ღია გექნებათო“.

10 დღე დარჩა ფლოტი ადგილზე. ადრე უნდა გასულიყო, მაგრამ როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მაგრად ვიდექით გვითხრეს – თქვენი ბიჭები ისე მაგრად დგანან უკვე საფრთხე არ არისო. აი, ასე გადაარჩინა უკრაინამ საქართველო.

img-0133-copy-e1517225140170-1648201828.jpg

ამის შემდეგ კრავჩუკს ვუთხარი, თუ ნებას მომცემ ჩემს მემუარებში ვახსენებ, როგორ გადაარჩინა უკრაინამ საქართველო მეთქი. შემომითვალა ბედნიერი ვარ, რომ შენ მე გაგახსენდი და ბედნიერი ვიქნები თუ ამ ფაქტის შესახებ იტყვიო. ეს ამბავი ხომ უკრაინელი და ქართველი ხალხის ისტორიაში დარჩებაო.

ეს იყო ისტორიული მოვლენა, აი ასე გადაარჩინა მაშინ უკრაინამ საქართველო.

ძლიერი და კარგი ხალხია, უკრაინელებს ქართველები უყვართ“, – სამოქალაქო ომის დეტალებს ედუარდ შევარდნაძე იხსნებდა ჟურნალისტ თომა ჩაგელიშვილთან ინტერვიუში.