"საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებს, უპირველესად რადიკალური ოპოზიცია, ეს ქვეყნის ღალატია!“- მამუკა არეშიძე
"საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და მთელმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს", - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე. მისი თქმით, ხელისუფლების მაქსიმალური მოქნილობა და სიფრთხილეა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საქართველოს ძალიან მძიმე დღეები დაუდგეს. რას გულისხმობს უსაფრთხოების ექსპერტი, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და რა შეცდომებს უშვებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, მამუკა არეშიძე ვრცლად გვესაუბრება.
- საქართველოს ირგვლივ მძიმე პროცესები ვითარდება - ყარაბაღის კონფლიქტი განახლდა და ამის შესახებ, ფართო საზოგადოებამ ჯერ არ იცის. იქ ისეთი შეხლა-შემოხლაა, მტრისას და რუსი "სამშვიდობოები" ვერაფერს ახერხებენ. როგორც ჩანს, აზერბაიჯანელებს გადაწყვეტილი აქვთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიკავონ სომხეთის მფლობელობაში დარჩენილი ყარაბაღის ნაწილი. მათი ტაქტიკა ასეთია: ცდილობენ, იქაური სომეხი მოსახლეობა დააშინონ და სახლების მიტოვება აიძულონ. ავტომობილებით მიდიან დასახლებასთან ახლოს და მეგაფონით მიმართავენ, დატოვონ ტერიტორია, რადგან შეტევას იწყებენ. შემდეგ ნაღმტყორცნებით იწყებენ ამ ტერიტორიის დაბომბვას.
მისცვივდებიან რუსი "სამშვიდობოები" - აზერბაიჯანელები გაჩერდებიან; წავლენ რუსები - ისევ აგრძელებენ დაბომბვას. რამდენიმე დღის წინ მთელი ყარაბაღი გაზის გარეშე დატოვეს, რუსეთიდან შემავალი გაზის მილი დააზიანეს. ნელ-ნელა აიძულებენ მოსახლეობას, სახლ-კარი დატოვონ... ჩვენ ვართ ამიერკავკასიის კვანძი, ამიტომ განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში ვართ. ხელისუფლებამ სიდინჯე უნდა გამოიჩინოს, მაგრამ, ამავე დროს, ჯიუტად განაგრძოს გზა ევროკავშირისკენ. დიახ, ევროკავშირისკენ და არა - ნატოსკენ. ნატოს კარი "საიმედოდ" ჩაუკეტეს უკრაინასაც კი, რომელიც ახლა ასეთ დღეშია. ჩვენი ერთადერთი გზაა ევროკავშირისკენ, თუმცა ამ გზაზე დიდი სიფრთხილე გვმართებს, რასაც ვერ მოვახერხებთ, თუ ერი და ბერი არ გაერთიანდება. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა კი ამ დროს პროვოკაციებზე მუშაობს. საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებს, უპირველესად რადიკალური ოპოზიცია, ეს ქვეყნის ღალატია! დასავლურ თუ უკრაინულ მედიასთან ქვეყნის იმიჯს აზიანებენ ის ლობისტური ორგანიზაციებიც, რომლებიც უკრაინაში ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობენ, ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ნებისმიერ წვრილმანზე ქუჩაში გამორბიან და ახალგაზრდებს აგიჟებენ...
თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას - განიხილება ევროსტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის გაწევრება-არგაწევრების საკითხი. შეგახსენებთ, 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში ომი იყო, ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ოპოზიცია. მეც ვიყავი ოპოზიციაში და ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად მეც ვხვდებოდი დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ჩვენი თავისთვის არასდროს მიგვიცია უფლება, გვეკეთებინა განცხადებები, რომლებიც მმართველი გუნდის დისკრედიტაციას გამოიწვევდა. კი, ჩვენ ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, მაგრამ ქვეყნის დისკრედიტაცია არასდროს გვიცდია. ერთმა ბალტიისპირელმა ჟურნალისტმა, იცით, რა მკითხა? ოპოზიციის რა ნაწილი მუშაობს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდო... რატომ მეკითხებით-მეთქი და, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნის ისეთ გარემოს, ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდესო.
მე ბევრი ოპოზიციონერის ბიოგრაფია ვიცი, თითქმის ყველასი, ვინც 40 წელს არის გადაცილებული. ზოგიერთ ოპოზიციონერზე ენა არ მომიბრუნდება, ვთქვა, რომ სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობს, ვიცი, რომ მცდარი წარმოდგენებით მოქმედებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა ბიოგრაფია ვიცი და მათზე ბევრი რამის თქმა შემიძლია... კარგი იქნება, თუ თქვენი მკითხველი დაინტერესდება, ვინ შეუწყო ხელი საქართველოში იგორ ივანოვის ჩამოსვლას. ახლა არ მინდა ვინაობის დასახელება, მაგრამ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შესახებ ყველაფერი ვიცი.დღეს გამოდიან და გულში მჯიღს იცემენ, არადა, მათგან ორი კაცის ოჯახის წევრები იგორ ივანოვის თვითმფრინავში ისხდნენ. შემთხვევით კი არ მოხვდნენ იქ, ეს ივანოვის ამალა იყო. ორგანიზატორი კი სხვა გახლდათ.
დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მესიჯბოქსს კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით ქმნიან. დათო უსუფაშვილი ის ადამიანია, რომელზეც ენა არ მომიბრუნდება, ვთქვა, რომ უცხო ქვეყნის დაკვეთით მუშაობს. ის გონიერი ადამიანია და ამას არ იზამს, მაგრამ ასეთ ადამიანებსაც ითრევენ საერთო სქემაში. მათი მიზანია ჩვენი ქვეყნის რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევა. აქ მხოლოდ ომზე არ არის ლაპარაკი, სავაჭრო კონფლიქტიც კი საქართველოზე დამღუპველად იმოქმედებს... როდესაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, კრემლში მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, ბარემ ბოლომდე მოვასუფთაოთ პოსტსაბჭოთა სივრცეო, ცხადია, ბალტიისპირეთის გარდა. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ სამომავლოდ იოლად გააფართოონ თავიანთი გავლენის სფერო. დააკვირდით, როგორ შეიცვალა ლუკაშენკოს ბოლოდროინდელი განცხადებები, ასევე გაიხსენეთ, რომ ალიევი ომის დაწყების დღეს მოსკოვში ჩავიდა და სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს ინფორმირებული ხალხია და იცოდნენ, რომ მოსკოვში ასეთი გეგმა არსებობდა. ომის გაჭიანურებასთან ერთად, მოსკოვში ამ რადიკალური ჯგუფის გავლენა იზრდება. ისინი ამბობენ, მაინც დისკრედიტირებულები ვართ და ბარემ ბოლომდე მივაწვეთო.