რას ჰყვებიან ზელენსკიზე ქართველი "მანსანკანელები"?
2 ათეული წლის წინ, ვინც მასთან ერთად სცენაზე მდგარა და "მანსანკანი" უთამაშია, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და ის ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერი, პრეზიდენტი გახდებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინის პრეზიდენტი და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეული მებრძოლი ერის ლიდერია, რომელიც თავის ხალხთან ერთად, საოცარ მაგალითებს აჩვენებს.
ვოვა - ქართველი "კავეენშიკები" ასე ეძახდნენ მას, ვისი ყურადღებაც ნიჭიერმა ბიჭმა გაცნობისთანავე მიიქცია... როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა მათ შორის, როგორ იხსენებენ იმ წლებს და როგორ აფასებენ მეგობრები მას, ამაზე 2000-იანების ქართველი "მანსანკანელები", ირაკლი საღინაძე და გოჩა თანდარაშვილი გვესაუბრებიან.
ირაკლი საღინაძე, "ჩცდ"-ს პროდიუსერი:
- ვოვა თავიდან სოჭში გავიცანით, რადგანაც ფესტივალი იქ იმართებოდა, საიდანაც გუნდებში გვანაწილებდნენ. სოჭიდან ყველანი კიევის ლიგაში მოვხვდით. მერე ერთად რამდენჯერმე ვითამაშეთ, ვხვდებოდით რეპეტიციებზეც - ერთად დიდ დროს ვატარებდით. თამაშის და რეპეტიციების შემდეგაც ერთად ვიყავით, ვისვენებდით, დავდიოდით კლუბებში, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით..
გოჩა თანდარაშვილი, იუმორისტი:
- უკრაინის საერთაშორისო ლიგაში 1999 წელს მოვხვდით და ვოვა მაშინ გავიცანით. ერთ პერიოდში გვიწევდა თამაში და ვმეგობრობდით. ურთიერთობა თამაშების მერეც გრძელდებოდა, ყოველ საღამოს წვეულებები გვიწევდა, სასტუმროში ერთმანეთის ნომრებში ვქეიფობდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით. როცა იმ ყველაფერს ჩამოვშორდით, მეგობრობა მერეც გაგრძელდა. მოგვიანებით უკრაინაში სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებითაც მოგვიწია ჩასვლამ. უკრაინელებმა გააკეთეს ლიგა, რომელიც ვოვას მიჰყავდა. იქ ქართულმა გუნდმაც ითამაშა. ჩვენ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. საერთოდ, კარგი ადამიანია, უშუალო. მაშინვე ეტყობოდა, რომ სასცენო და საეკრანო ვარსკვლავი იქნებოდა. თავისი გუნდის კაპიტანი იყო, გამორჩეული ლიდერი... საერთოდ, ვინც არ უნდა იყოს უკრაინის სათავეში, ყველას ვუქომაგებდით, მაგრამ გვიხარია, რომ ჩვენს მეგობარს ასე ღირსეულად უჭირავს თავი და პოლიტიკაშიც ასეთი მაგარი ადამიანი აღმოჩნდა.
ირაკლი საღინაძე:
- თავის გუნდის კაპიტანი იყო, ლიდერი, ჭკვიანი განათლებული, ინტელექტუალი. სამსახიობო მონაცემები ჰქონდა, პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ "კავეენზე" ამ ნიჭის რეალიზებას ახდენდა. მღეროდა, ცეკვავდა და ნიჭიერი ადამიანების გუნდიც ჰყავდა... არსებობს გუნდები, რომლებიც სცენარისტებს ქირაობენ და გუნდები, რომლებიც თვითონ წერენ იმას, რასაც სცენაზე წარმოადგენენ. ისინი თვითონ წერდნენ და ჩვენც ასე ვიყავით. გაცნობის დღიდან ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა, ჩავდიოდით უკრაინაში, ვხდებოდით. ერთად მთლიანობაში 5 ლიტრი არაყი დაგვილევია... ერთხელ მათ გუნდს მოვუგეთ და ერთხელ მათ მოგვიგეს. ამ სატურნირო დაძაბულობის მიუხედავად, სხვა გუნდებსაც რომ ხვდებოდნენ, საგულშემატკივროდ ჩვენც მივდიოდით და ისინიც გვგულშემატკივრობდნენ. ასეთი აქტიური და ემოციური ბმა გვქონდა იმ ადამიანებთან, რომლის ლიდერი იყო.