"ცეკას სახლი" ვაკეში: საბჭოთა ელიტის საცხოვრებელი, სადაც შევარდნაძემ სტალინის ქალიშვილი დააბინავა
ნებისმიერ ქალაქში ყოველთვის არსებობდა და არსებობს პრესტიჟული უბნები, დასახლებები და საცხოვრებელი სახლები. ამით არც გასული საუკუნის თბილისი იყო გამორჩეული და კომუნისტურ ეპოქაშიც ცხადია, არსებობდა ასეთი შენობები, რომლებიც, საგანგებოდ და დიდი სიფრთხილით შენდებოდა. იმ დროისთვის და იმ წესებით, ასეთ შენობებში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, გარკვეული დამსახურების, წარმატების, გავლენის, სტატუსის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ (მეტწილად მათ ამ ბინებით მთავრობა ასაჩუქრებდა).
მოკლედ, არსებობდა სპორტსმენების, მსახიობების, მეცნიერების, მთავრობის წევრების, ე.წ. ცეკას სახლებიც. ერთ-ერთი ასეთი "ცეკას სახლი" ვაკეში, ჭავჭავაძის 75 ნომერში 80-იან წლებში აშენდა.
როგორც ნინო ლეჟავა გვეუბნება, ამ სახლში ბავშვობა გაატარა. ის პროფესიით ჟურნალისტია. დღესდღეობით კი ერთ-ერთი საჯარო ბაღის დირექტორი გახლავთ.
აღნიშნულ სახლში დღესაც ცხოვრობენ მისი მშობლები: დედა - სახელოვანი სპორტსმენი, ნელი სალაძეა, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ლეგენდა და მამა - მეცნიერი, გენეტიკოსი თეიმურაზ ლეჟავა.
რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას მის მეხსიერებაში აღბეჭდილ სამეზობლოს ასე იხსენებს...
- თბილისში 80 წელს აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც "ცეკას" სახლს ეძახდნენ. მისი მობინადრეები დედაქალაქისა თუ ქვეყნის იმდროინდელი გამორჩეული ფენა გახლდათ. როგორც ვიცი, შენობას განსაკუთრებული სიფრთხილით და მაღალი ხარისხით აშენებდნენ. ალბათ წარმოუდგენელია ისიც, რომ ბინა მაცხოვრებლებს იმ პერიოდში უმაღლესი ხარისხის რემონტით, ორი სველი წერტილით მოპირკეთებული და სასეირნო ბაღით ჩააბარეს.
მართლა საოცარი სამეზობლო შეიკრიბა - სახელოვანი სპორტსმენები - მაია ჩიბურდანიძე, ქეთევან ლოსაბერიძე, თამაზ იმნაიშვილი, ნოდარ ქორქია, ნელი სალაძე, ვლადიმერ ისელიძე, თამაზ ჩიხლაძე, ირინა გაბაშვილი, ნიკოლოზ დერიუგინი, ალექსანდრე ამპილოგოვი, ლევან მოსეშვილი...
ასევე ცხოვრობდნენ პარტიული მუშაკებიც - სოლიკო ხაბეიშვილი, დოდიკა მარშანია, ნუგზარ საჯაია, ვილი ალავიძე, ნათელა ვასაძე, გურამ ენუქიძე, ლია ლომიძე, ნოდარ ჯანბერიძე, რამაზ გოგლიძე. ასევე აკადემიკოსი ემილ სეხნიაშვილი, ორი გენერალი - ჯანჯღავა და სოტნიკოვი და კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანი და ყველა ერთ ოჯახად ვიყავით.
სოლიკო ხაბეიშვილი
ნიკოლოზ დერიუგინი
- როგორც შევიტყვეთ, 80-იან წლებში თქვენს სამეზობლოს, რაღაც ეტაპზე, სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევაც შემოუერთდა...
- მახსოვს ეგ ამბავი - დაახლოებით 1985 წელი იყო, რომ სამეზობლოში ამბობდნენ, სვეტლანა ალილუევამ აქ ბინა მიიღო. მართლაც ასე იყო. ეზოში ხშირად ძალიან ჩვეულებრივი, არავისგან გამორჩეული ქალბატონი მხვდებოდა. ის თავის შვილთან, ოლგასთან ერთად ცხოვრობდა. ოლგა ერთადერთი გოგონა გახლდათ იქ, რომელსაც უცხოური შეხედულება ჰქონდა და ყველასგან გამოირჩეოდა. ახლა ძალიან ვნანობ, რომ ერთხელაც არ გამოვლაპარაკებივარ. მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი, თუმცა მათთვის რა უნდა მეკითხა, მაშინ ხომ ძალიან პატარა ვიყავი... რეალურად, ამ ადამიანებს არავინ ეხებოდა, თავისთვის იყვნენ და თან, არავის ეკარებოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ საქართველოდან და ცხადია, ჩვენი სამეზობლოდანაც წავიდნენ.