ბავშვობაში თავსდატეხილი ტრაგედია, კომა და ჭადრაკი- პაიკივით თავმდაბალი დედოფლის ცხოვრება
ბიჭმა უმცროს დას უხმო, ბუხართან მჯდარმა მაგიდის მოპირდაპირედ სკამზე მიუთითა და მაგიდაზე გაშლილ ჭადრაკის დაფაზე ფიგურების დაწყობა დაიწყო. პატარა გოგო ძმას ინტერესით უყურებდა... ბიჭმა ღიმილით დაიწყო უძველესი თამაშის ისტორიის, ფიგურათა ამბების მოყოლა. გოგონა ცდილობდა, მისი თითოეული სიტყვა დაემახსოვრებინა.
მალევე მიხვდა, რომ ამ უცნაური ფიგურების თავის ნებაზე ათამაშება შეეძლო. ძმა მათემატიკოსი იყო, სწრაფად აზროვნებდა, შესანიშნავად თამაშობდა, მრავალ კომბინაციას წარმოსახავდა გონებაში და ჩინებულად შეეძლო მათი განხორციელებაც. თუმცა 8 წლის დამ ერთხელ მოუგო. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელი იყო ის შემთხვევები, როცა ბოლო წლების განმავლობაში ბიჭს ვინმესთან წაეგო. წაგებების უმეტესობა მოწინააღმდეგის გამართლება უფრო იყო. ეს მარცხიც უიღბლობას მიაწერა და მიუხედავად იმისა, რომ დით ამაყობდა, ცოტა გაბრაზდა კიდეც...
მალე პატარა დაიკოს გამარჯვებებმა სისტემატური სახე მიიღო. ვერ იჯერებდა, როგორ ახერხებდა პატარა, 8 წლის გოგონა მის დამარცხებას... ერთხელაც, მორიგი წაგებული პარტიის შემდეგ, ბიჭი ისე გაბრაზდა, ჭადრაკის დაფა თავის ფიგურებიანად აგიზგიზებულ ბუხარში შეუძახა...
"ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და რატომღაც ძალიან მალე დავიწყე მოგება. ძლიერი მათემატიკოსი იყო და ჩემი ეს მოგება მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. ბრაზდებოდა, აიღებდა ჭადრაკს, შეყრიდა ბუხარში და შემდეგ ვქექავდით ნაცარს და ბუხრიდან ვიღებდით. მეუბნებოდა, მსოფლიო ჩემპიონიც რომ გახდე, მაინც ვერ მომიგებო..." - გაიხსენებს წლების მერე უკვე ძალიან წარმატებული მოჭადრაკე.
ქუთაისში, გრიგოლ ჩიბურდანიძის ოჯახში, ბუხართან, მაია თავის ძმა რეზიკოს, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ მოუგებდა, რომ არა უბედურება, რაც ჩიბურდანიძეებს დაატყდათ თავს. სამწუხაროდ, რეზო ტრაგიკულად გარდაიცვალა. ოჯახში გლოვა იყო, მძიმე დღეები დადგა. ვუნდერკინდი, რომელიც იმხანად ქუთაისის პიონერთა სახლში ჭადრაკზე დადიოდა, წრიდან გამოიყვანეს.
ის, რომ მაია გამორჩეული გონებრივი შესაძლებლობის ბავშვი იყო, ადრეული ასაკიდან გამოჩნდა. 3 წლის ასაკში კითხვა ისწავლა, სკოლაში 5 წლისა შევიდა, თან ისე, რომ 3-ციფრინი გამოთვლებით მარტივად "ჟონგლიორობდა".
მომავალში იტყვის, რომ სასწაულებითა და ღვთის მინიშნებებით სავსეა მისი ცხოვრება. სწორედ ასეთი სასწაული იყო, როცა მაიას დედას გარდაცვლილი შვილი ესიზმრა და სთხოვა, რომ მაია ჭადრაკზე ისევ შეეყვანათ.
"რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა, ჭადრაკზე დავებრუნებინე და ასე სასწაულებრივად განვაგრძე თამაში“, - იხსენებს მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
10 წლის მაია სკოლის მოსწავლეებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. საჭირო იყო ნიჭისა და უნარების გასავითარებლად თბილისში გადასვლა. 1 წელიწადში მაია, დედასთან ერთად, დედაქალაქში გადავიდა, სადაც ჭადრაკის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყო. აქედან მოყოლებული ნელ-ნელა იწყება ვუნდერკინდის აღზევება.
ამას მოწმობს 1973 წლის თბილისში გამართული ტურნირიც, სადაც ერთი უცნაური ფაქტი მოხდა. მონაწილეები იუგოსლავიიდან მოიპატიჟეს და შეცდომით, ახალბედას ნაცვლად, გროსმეისტერი ბორა ივკოვი ჩამოიყვანეს. სტუმარს პატარა, ლაღი, მოციმციმეთვალებიანი გოგონა დაუჯდა და მასტერკლასიც ჩაუტარა. მაიამ მოწინააღმდეგეს ყველა პარტიაში, საბოლოო ანგარიშით 4:0, სძლია.
13 წლის ასაკში კი უკვე თავად ჩიბურდანიძემაც მიიღო საერთაშორისო გროსმეისტერის სტატუსი.
1976-1977 წლებში მაიას მწვრთნელი ედუარდ გუფელდი იყო. ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, პატარა ვუნდერკინდის სათამაშო სტილზე იმუშავა და ჩიბურდანიძე, ფაქტობრივად, შეუჩერებლად აქცია. მის მოქმედებებში გაჩნდა სიღრმე, სიმსუბუქე და კიდევ უფრო წინდახედული აზროვნება.
სწორედ "განახლებული“ და დახვეწილი მაია წარსდგა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, 1978 წელს ბიჭვინთაში, მსოფლიო ჩემპიონატზე.... ნონა 16 წელი დომინირებდა ქალთა ჭადრაკში და შესაბამისად, მათი შეხვედრა უზარმაზარ ინტერესს იწვევდა.
"გამარჯვებაზე არც ვფიქრობდი, მინდოდა, რომ კარგად მეთამაშა. ესეც დიდი წარმატება იყო, რომ ჩემს ასაკში მსოფლიო ჩემპიონს ვხვდებოდი“, - თავმდაბლურად იხსენებს მოჭადრაკე.
გოგონამ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ, ბუხართან, პირველად ითამაშა პარტია თავისი ძმის წინააღმდეგ, ახლა გაფრინდაშვილს ამარცხებდა და საკუთარ ისტორიას წერდა. ერთმა ქართველმა მეორეს გადაულოცა ჩემპიონობა და დაიწყო ჩიბურდანიძის "ოქროს ერაც".
თუმცა ისტორიამ შემოინახა ერთი შემთხვევა და მისი ამსახველი ფოტო, უკვე მსოფლიო ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ერთობლივი სეანსი გამართა თბილისში, მოწინააღმდეგეებს შორის 12 წლის მაია ყველაზე პატარა გახლდათ, თუმცა იმ სეანსისას მხოლოდ ერთი პარტია დათმო და ისიც მაიასთან... მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მაია ნონასგან მსოფლიო ჩემპიონობას გადაიბარებდა...
აღსანიშნავია, რომ მაიას ჭადრაკის გარდა სხვა ინტერესებიც ჰქონდა. გატაცებული იყო მედიცინით, აღმოსავლეთმცოდნეობით, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფილოსოფიით და ზოგადად აზიური ქვეყნების კულტურით. 1978 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა.
"ჩვენი ოჯახისა და ახლობლების ოჯახის ექიმი ვარ. ეს ცოდნა გამომადგა", - აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში მაია.
ნონას მსგავსად, მაიამაც დაიწყო ვაჟების წინააღმდეგ თამაში. პარალელურად, იცავდა თავის ტიტულსაც.1981 წლიდან 1989 წლამდე ჩიბურდანიძე არაერთ იმ ტურნირში იმარჯვებდა ან საპრიზო ადგილს იკავებდა, სადაც კაცებიც თამაშობდნენ: 1984 წელი, ნიუ-დელი - პირველი ადგილი; 1985 წელი, ბანია-ლუკა - პირველი ადგილი, 1987 წელი, ბილბაო - მე-3 - მე-4 ადგილი; 1987 წელი, ბრიუსელი - მე-2 ადგილი.
1991 წელს მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის რიგით მეექვსე დაცვაზე, მაია მოულოდნელად დამარცხდა. ამ წაგებასთან ერთად დასრულდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების ჰეგემონია ჭადრაკში და ესტაფეტა ჩინელებმა გადაიბარეს.