როგორ გახდა 21 წლის ბიჭი მილიონერი მას შემდეგ, რაც სამსახურიდან გაუშვეს
ქაბანე (ქაბი) ლამე "ტიკტოკზე" გამომწერების რაოდენობის მიხედვით, რიგით მეორე პოპულარული ადამიანია. 2020 წელს, ქაბიმ, რომელიც ქარხანაში მუშაობდა, სამსახური დაკარგა და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა პანდემიის გამო იტალიის პირველი "ლოქდაუნი".
ის დღეებს თავის 3 დედმამიშვილთან და მშობლებთან ერთად ატარებდა და პარალელურად, ახალი სამსახურის ძიებაში იყო. ერთ დღესაც, "ტიკტოკის" აპლიკაცია გადმოიწერა და საძინებელში დაიწყო ვიდეოების გადაღება.
ასე დაიწყო 21 წლის უმუშევარი ბიჭის თავგადასავალი, რომელიც დღეს მილიონერია და ისეთ ვარსკვლავებთან ჰქონია კოლაბორაცია, როგორებიცაა: ნაომი კემპბელი, გრეტა თუნბერგი და მისი კუმირი: უილ სმიტი.
ასევე, თანამშრომლობს "ნეტფლიქსთან" და სულ ახლახანს, Hugo Boss-თანაც კი დადო ხელშეკრულება.
თავდაპირველად, ქაბი ისეთივე ვიდეოებს იღებდა, როგორიც მრავლდაა "ტიკტოკზე": ცეკვავდა, ვიდეოთამაშებს უყურებდა და კომიკურ სკეტჩებს იღებდა. 2021 წლის დასაწყისში, მან დაიწყო ისეთი კადრების გადაღება, სადაც ჩანს, თუ როგორი რექციები აქვს სხვა ვიდეოების ყურებისას.
ის უბრალოდ მხრებს იჩეჩავდა და აღშფოთებული მზერით, სიტყვის უთქმელად იყურებოდა კამერაში.
ლამე სიტყვის უთქმელად გახდა პოპულარული. სწორედ ამგვარმა ვიდეოებმა შესძინა მას "ტიკტოკზე" 130 და "ინსტაგრამზე" 68 მილიონი გამომწერი.
"ხრიკები, რომლებმაც მარტივი უნდა გახადოს ჩვენი ცხოვრება, იმდენად გართულებულად აქვს ზოგს წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, რომ მსურდა, მათში მეტი სიმარტივე შემეტანა.
მინდოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ჩემი ვიდეოები გასაგები, საუკეთესო გამოსავალი კი ჩუმად ყოფნა იყო", - ყვება "ტიკტოკის" ვარსკვლავი.
ქაბი ლამეს წარმატების საიდუმლო მისი ექსპრესიული სახე და ყველასთვის გასაგები იუმორი გახდა: "შესაძლოა, ჩემი მიმიკებია სასაცილო ხალხისთვის, ასეთი მარტივი რამ ახალისებს ადამიანებს, ეს კი მე მაბედნიერებს".
მარკეტინგის აგენტი, ქრისტინა ფერაზი თვლის, რომ ქაბი ლამეს წარმატება, გარკვეულწილად, კოვიდის დამსახურებაცაა: "ხალხს სოც მედია რეალობისგან გასაქცევად და ერთმანეთთად დასაკავშირებლად სჭირდებოდა. ვერბალური კომუნიკაციის ნაკლებობა მათ იძულებულს ხდის, ყურადღება მხოლოდ ქაბის ქცევებზე მიმართოს, ამავდროულად, მის მიმიკებს არანაირი სხვა მნიშვნელობა, ან ქვეტექსტი არ აქვს, მარტივი და გასაგებია".
თავად ლამეს, არც პოპულარობა ადარდებს და არც გამომწერების რიცხვი: "არ მაინტერესებს ყველაზე მეტი გამომწერი მყავს თუ არა და არც ის, რომ პოპულარული ვარ. ვიდეოების გადაღება იმისთვის დავიწყე, რომ ლოქდაუნის პერიოდი სახალისო გამეხადა ადამიანებისთვის. ამავე იდეით ვაგრძელებ ახალი ვიდეოების გადაღებას. ჩემი მიღწევებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს არაა მთავარი", - ამბობს ლამე.