შემზარავი ტყე იაპონიაში - ადგილი, სადაც ყოველწლიურად 100-მდე ადამიანი სიცოცხლეს ემშვიდობება | Allnews.Ge

შემზარავი ტყე იაპონიაში - ადგილი, სადაც ყოველწლიურად 100-მდე ადამიანი სიცოცხლეს ემშვიდობება

თუ სადმე თვითმკვლელი ადამიანების სიჭარბე აღარ უკვირთ, ეს იაპონიაში მდებარე აოკიგაჰარას ტყეა. ყოველწლიურად ათობით ადამიანი ამ ადგილს ცხოვრებასთან ანგარიშის გასასწორებლად ირჩევს. ტყის მასივი ფუძიამას მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობთან, ტოკიოდან, დაახლოებით, 100 კილომეტრში მდებარეობს. იქ ყოველწლიურად 50-დან 100-მდე თვითმკვლელობა ხდება.

დიდი ხეების გამო ტყეში ნიავიც კი არ მოძრაობს, აქ არც გარეული ცხოველები ჭარბობენ, უკაცრიელი გამოქვაბულები კი მრავლად შეგხვდებათ - ამ ყველაფრის გამო, ტყეში შემაშფოთებელი სიჩუმე სუფევს.

tvitmkvleltatye2-1642416910.jpg

სან-ფრანცისკოში მდებარე ხიდის "ოქროს კარიბჭის" პარალელურად, აოკიგაჰარა მიიჩნევა ადგილად, სადაც მსოფლიოში თვითმკვლელობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

ტყეს არაერთი ამოუცნობი ისტორია უკავშირდება. მისი საიდუმლოებით მოცული ატმოსფერო რამდენიმე ჰოლივუდური ფილმის გადაღების საფუძველიც კი გახდა. აოკიგაჰარაშია გადაღებული საშინელებათა ჟანრის 2016 წლის ფილმი "მოჩვენებების ტყე". ტყეს რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც მიუძღვნეს.

pwegy-1642417115.jpg

"დაფიქრდით კიდევ ერთხელ თქვენს ცხოვრებაზე, მშობლებზე, ძმებზე, დებსა და შვილებზე. არ დაიტანჯოთ მარტოობაში, დაელაპარაკეთ ვინმეს"- ვკითხულობთ წარწერაზე, რომელიც ტყის შესასვლელთანაა ჩამოკიდებული. იქვე ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურის ტელეფონის ნომერიცაა მითითებული.

ეს ერთ-ერთია იმ მრავალ ხერხს შორის, რომლის დახმარებითაც ადგილობრივი ხელისუფლება შექმნილი ვითარების შეცვლას ცდილობს. ამის გარდა, ტყეში სპეციალური პატრული მოძრაობს, ვიზიტორებს კამერების საშუალებითაც აკვირდებიან.

warwera-tye-1642416974.jpg

სუიციდის რიცხვის შემცირებაში ადგილობრივი მოსახლეობაც იღებს მონაწილეობას. მაგალითად, ტყის სიახლოვეს მდებარე კაფეს მფლობელს 30 წლის განმავლობაში, 160 ადამიანი ჰყავს გადარჩენილი, დროულად ატყობინებს რა ხელისუფლების წარმომადგენლებს მარტოხელა ვიზიტორების შესახებ.

მიიჩნევა, რომ იაპონელების ნაწილი აოკიგაჰარას სეიტე მუცუმოტოს ნაწარმოების "ტალღების კოშკის" შთაგონებით აკითხავენ. რომანის მიხედვით, შეყვარებული წყვილი სიცოცხლეს სწორედ ამ ტყეში გამოეთხოვა. სხვები ვარაუდობენ, რომ ამ ტყეში თვითმკვლელობა ძველ ტრადიციას, "უბასუტეს" უკავშირდება, რომელის მიხედვითაც, ოჯახის მოხუცებული წევრები სიკვდილისთვის ტყეში მიჰყავდათ.

იაპონური ფოლკლორის თანახმად, ამ პრაქტიკას, ძირითადად, გვალვისა და შიმშილის დროს მიმართავდნენ, რათა არსებული საკვები უფრო ნაკლებ ადამიანზე გაენაწილებინათ.

3cdf77c89f1189386cfdf6d821989070-1642417016.jpg

აოკიგაჰარას ტყე ცურუმი ვატარუს წიგნში "თვითმკვლელობის სრული კურსი" არის ნახსენები, რომელიც 1993 წელს გამოვიდა. პუბლიკაციის შემდეგ, ნაწარმოები საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა, თუმცა მალე აკრძალულ წიგნთა ნუსხაში მოხვდა.

ტოკიოს ტემპლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის ვატურუ ნისიდას განმარტებით, იაპონიაში ქრისტიანობა გავრცელებული არ არის, ამიტომ თვითმკვლელობა ცოდვად არ მიიჩნევა, პირიქით, სიცოხლის ნებაყოფლობით დათმობა დიდ პასუხისმგებლობადაც აღიქმება.