ყველაფერი შობის დღესასწაულზე - მარხვის მნიშვნელობა, ალილოს ტრადიცია, სარკმელში ანთებული სანთელი
შობის დღესასწაული ეს არის დღე, როდესაც იშვა და კაცობრიობას ხორციელად მოევლინა განკაცებული უფალი - იესო ქრისტე.
"მთელი სამყარო დუმს ამ საიდუმლოთა საიდუმლოს ხილვით, მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ. ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლსა და უკვდავებაში", - ბრძანებს წმინდა ანატოლი ოპტელი...
პეტრე გიორგაძე, დეკანოზი:
- იხმია რა აკრძალული ხის ნაყოფი ადამმა და დამარცხდა, ამ დამარცხებით მან დაკარგა ბატონობა, მეფობა ხილულ სამყაროზე - ის ბოროტმა მიიტაცა, მაგრამ უფალმა დამარცხებულ და სამოთხიდან გამოდევნილ ადამს მისცა აღთქმა, რომ არ მიატოვებდა დაცემულ მდგომარეობაში, ადამიანი უფლის დახმარებით შეძლებდა ბოროტზე გამარჯვებას და სამოთხეში დაბრუნებას, უფალთან შეწყვეტილი საუბრისა და დაკარგული ერთობის აღდგენას. ადამისადმი, მისი სახით კი შემცოდე მთელი კაცობრიობისადმი, ღვთის მიერ მიცემული აღთქმის აღსრულებას ათასწლეულები დასჭირდა.
ათასწლეულების შემდეგ კაცობრიობას მოევლინა მაცხოვარი, მხსნელი, განკაცებული უფალი - იესო ქრისტე. განხორციელება ღვთისა მოხდა უწმინდეს ჭურჭელში - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში, რომელიც თავის მხრივ, განსაკუთრებულად იქნა შერჩეული ამ უდიდესი საიდუმლოს აღსასრულებლად... განკაცებული უფალი მოევლინა, ვითარცა ახალი ადამიანი, რომელსაც ძველი, შეცოდებული ადამის ცოდვის შედეგად დაცემული კაცობრიობა უნდა გამოეხსნა და განეახლებინა.
- რატომ გახდა აუცილებელი, რომ უფალს ადამიანთა ხსნისთვის უკიდურესად დაემდაბლებინა თავი - მონის სახე მიეღო, ადამიანის ხორცი შეემოსა?
- სხვაგვარად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კაცობრიობის გამოხსნა, უფლისაგან ამხელა მსხვერპლის გაღება საჭირო არ გახდებოდა - ადამიანის ხატებაში მოსვლა, შეურაცხყოფის დათმენა, ჯვარცმა... კაცობრიობა გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუნდაც ის, რომ წმინდა ოჯახი არც ერთმა სახლმა არ მიიღო და ბაგაში მოხდა შობა უფლისა, იყო ნიშანი იმისა, რომ ადამიანის გული ჩაკეტილი იყო ღვთისთვის. კაცობრიობა მძიმედ იყო დასნეულებული სულიერად, ადამიანმა ისე ჩაკლა ღვთის ხატება საკუთარ თავში, რომ ამ მდგომარეობიდან მის გამოსაყვანად, უშუალოდ ღვთის მოქმედება გახდა საჭირო. უფალმა კაცობრივი, ადამიანური ბუნების შემოსვით, ისევ აღადგინა ადამიანის ხატება და მასთან მსგავსება, კაცობრიობის ღმერთთან შერიგება და სამოთხეში დაბრუნება... თანაც, რადგან ადამიანმა შესცოდა, ადამიანური ბუნებაც უნდა გამხდარიყო თანამონაწილე გამოხსნისა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა მოიმოქმედა, რა აღასრულა უფალმა ჩვენთვის.
- ხშირად არის მსჯელობა ქრისტიანული სამყაროს ორ უდიდეს დღესასწაულს - შობასა და აღდგომას შორის უპირატესობაზე; მით უმეტეს, როცა დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავენ...
- ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაცხოვრის შობა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან როდესაც კაცობრიობას უფალი მოევლინა, სწორედ იმ მომენტში იყვნენ ადამიანი და უფალი ყველაზე მეტად ახლოს ერთმანეთთან. ხორციელი გაგებით, მართლაც ასე იყო. მაგრამ ვიცით, რომ უფლის ხორციელად მოსვლით მისია არ შესრულებულა. ადამიანის ბუნებისა და ღვთის ყველაზე მეტი ერთობა მაშინ აღესრულა, როდესაც ჯვარცმა, გამოხსნა, შერიგება, აღდგომა მოხდა.
უფალმა ჯვარცმით გამოიხსნა ადამიანი. სწორედ მაშინ მოხდა შერიგება ადამიანისა და ღვთისა, რაც აღდგომით დამტკიცდა. რომ არა აღდგომა, უფლის მოსვლა გაუგებარიც იქნებოდა, ყველაფერი აზრს დაკარგავდა. როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, ეს ნიშნავს, რომ მის გულში უფალი იშვა; მაგრამ ჩვენ მას შევაგონებთ, რომ მხოლოდ გულში ღვთის შობა არ არის საკმარისი, - მან უფალი თავის გულში უნდა "გაზარდოს", მასთან ერთად იცვალოს ფერი თაბორზე, მასთან ერთად გაიაროს გოლგოთა, დაითმინოს შეურაცხყოფა, მასთან ერთად ზიდოს ჯვარი და დაითმინოს ჯვრის ტკივილები. მიზანი და შედეგი კი არის აღდგომა. მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანს მიწიერი ცხოვრების გასულიერებაში ეხმარება. დასავლეთის ეკლესია კი, სამწუხაროდ, სულიერების გამიწიერებას უწყობს ხელს. ამიტომაც არის, რომ დასავლეთში უდიდეს მნიშვნელობას შობის დღესასწაულს ანიჭებენ - უფლის ხორციელად შობა უფრო ახლოსაა მიწიერებასთან.
- საინტერესოა, რატომ მიიღო უფალმა მხოლოდ ღარიბი მწყემსებისა და აღმოსავლელი მოგვების თაყვანისცემა?
- მდაბალი ადამიანების გულში შედის უფალი - "მდაბალთა მისცის მადლი და ამპარტავანთ შემუსრავს", ამიტომაც ინება უფალმა, ღარიბი და მდაბალი მწყემსებისგან მიეღო თაყვანისცემა. მოგვები მაძიებელი ხალხი იყო და ამ მაძიებლობით მივიდნენ ჭეშმარიტ უფალთან, ეზიარნენ ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმართები იყვნენ და კერპებს ემსახურებოდნენ. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ უფალი ყველა ადამიანისთვის მოვიდა და ყველა სარწმუნოებისა და ხელობის ადამიანს უხმობს თავისთან. ამასთან, იმ გზითა და საშუალებებით, რომლის მეშვეობითაც, ყველაზე ადვილად მოახერხებს ადამიანი უფალთან მისვლას. მოგვებს უფლის ანგელოზი ჯერ ვარსკვლავის სახით გამოეცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც თაყვანი სცეს ღვთაებრივ ყრმას - ახალშობილ მაცხოვარს, უკან გამობრუნებისას უკვე არა ვარსკვლავი, არამედ ანგელოზი გამოეცხადათ, რომელმაც გააფრთხილა, არ მისულიყვნენ იერუსალიმში ჰეროდესთან, თავიანთ ქვეყანაში სხვა გზით წასულიყვნენ...
- უფლის ხორციელად შობა, ეს უდიდესი სასწაული მიწიერად ბეთლემში აღესრულა. საეკლესიო, საუფლო დღესასწაულებით ბიბლიური მოვლენების თანამონაწილენი ვხდებით; სანაცვლოდ, საღვთო მადლი გვეძლევა. საინტერესოა, ქრისტესშობის დღესასწაულის ბეთლემში შეხვედრით თუ იღებს ადამიანი განსაკუთრებულ საღვთო მადლს?
- გავიხსენოთ სახარებიდან, სამარიელ დედაკაცთან მაცხოვრის საუბარი (იოანე, 4,1-30). უფალი მიმართავს მას: "მერწმუნე, რომ დადგება ჟამი, როდესაც არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას" (ვიცით, ძველი აღთქმის პერიოდში ღვთისგან დაწესებული ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა მხოლოდ იერუსალიმში, სოლომონის ტაძარში ხდებოდა. მიწიერად მხოლოდ იერუსალიმიდან სცემდნენ თაყვანს უფალს). სახარების ამ ადგილის თანახმად, უფალი ბრძანებს, რომ მოდის ჟამი არა ხორციელი, არამედ სულიერი თაყვანისცემისა ანუ მთავარი სულიერი თაყვანისცემაა. ადამიანი ამა თუ იმ საღვთო სასწაულს, სადღესასწაულო ბიბლიურ მოვლენას სულიერად უნდა მიეგებოს და სცეს თაყვანი; შობის დღესასწაულზე გულში მოაწყოს ბეთლემი, ფერისცვალების მიგებებისას - თაბორის მთა. გავიხსენოთ დავით გარეჯელი: როდესაც წმინდა მამა იერუსალიმის მოსალოცად წავიდა, იგი იმის ღირსად არ მიიჩნია, რომ წმინდა მიწაზე დაედგა ფეხი და იერუსალიმის გალავანთან ლოცვა-ვედრებით გამოხატა ღვთისა და წმინდა მიწის მიმართ თაყვანისცემა. უკან გამობრუნებისას, გალავნიდან სამი ქვა აიღო და მთელი იერუსალიმის მადლი წამოიღო, მთელი იერუსალიმის მადლი იმ სამ ქვას გამოჰყვა. ფიზიკურად არ მიახლებია წმინდა ადგილებს, თუმცა უდიდესი მადლი მიიღო. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ხორცში, გვაქვს გრძნობები, იმ ადგილების ხორციელად ხილვისას, სადაც ესა თუ ის საღმრთო სასწაული, სულიერი მოვლენა განხორციელდა (ამ შემთხვევაში - მაცხოვრის შობა), შეგვიძლია, იმ გამოქვაბულში შევიდეთ, თვალი შევავლოთ და მივეახლოთ ბაგას, სადაც იშვა უფალი. ასე უფრო მეტად შევიგრძნობთ სადღესასწაულო სულიერ მოვლენას - სასწაულს. ხორციელი და სულიერი გრძნობები და ღვთის ნება თანმხვედრი ხდება ერთმანეთისა და მადლის მიღება გაგვიადვილდება.