"ბევრმა მითხრა, რომ ეს აღმოჩენაა“ - რა უნიკალურ ტრადიციას ინახავს დადიანების სასახლის 600 წლის "სამართლის ხე"
პედაგოგი ციცინო შენგელაია უკვე ოცი წელია, უნიკალური ტრადიციის აღსადგენად იბრძვის... საუკუნეების წინ ზუგდიდში დადიანების სასახლეში უნიკალური "ტრიადა" იყო - სარჩელის აღსაძრავი ქვა-ტახტი, დიდი ცაცხვის ხე, რომელთანაც ხდებოდა სასჯელის აღსრულება და მარმარილოს ტახტი, საიდანაც ქვეყნის გამგებელი ვერდიქტს ამბობდა...
მიუხედავად იმისა, რომ დადიანების სასახლეს განსაკუთრებულად ბევრი ვიზიტორი ჰყავს, პრესის ყურადღებაც მუზეუმის მიმართ დიდია, ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ პედაგოგ ციცინო შენგელაიასგან თუ მივიღებთ...
ციცინო შენგელაია:
- ლამბერტი თავის ნაშრომში სამეგრელოს ძალიან მკაცრ წესებზე წერს... ქურდებს ხელს ჭრიდნენ, ვისაც უზნეობაში შეამჩნევდნენ, მას ცხვირს აჭრიდნენ... ლევან მეორემ თავის ცოლს დარუნია შერვაშიძეს ცხვირი მოაჭრა. მოგზაურ კასტელსაც აქვს ეს თავის ნახატებში. ქალს ხელი აქვს ცხვირზე აფარებული, ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა.
მამაკაცი, ვინც მასთან იყო უზნეობაში შემჩნეული, ჯერ მოკლეს, მერე ზარბაზანში ჩატენეს და გაისროლეს. ცხვირს ხომ აჭრიდნენ, მაგრამ ვინც ენის მიმტანი იყო მას ყურსაც აჭრიდნენ, ენასაც, თვალსაც უწვავდნენ... შემდეგ ეს მკაცრი წესები შეიცვალა და ზუსტად მაგის სიმბოლურად აღდგენისთვის 20 წელზე მეტია ვიბრძვი. ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი ადგილი სამართლებრივი და სანახაობრივი კუთხით, ტურისტების საჩვენებლად...
ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ტრიადა იყო - სარჩელის აღსაძრავი ქვა -ტახტი, დიდი ცაცხვის ხე, რომელთანაც ხდებოდა სასჯელის აღსრულება და მარმარილოს ტახტი, საიდანაც ქვეყნის გამგებელი ვერდიქტს ამბობდა... წარმოიდგინეთ რა შთამბეჭდავია 600 წლოვანი ცაცხვის ხე, ქვის ფიქალი - შვიდი კვადრატული მეტრი ფართობის, კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ ჩამოტანილი მარმარილოს მთავრის ტახტი. მხცოვანმა ხალხმა აღმიწერეს მარმარილოს ტახტი, რომელიც დიდი ზომის იყო. საზურგეზე ჰქონდა დადიანების გერბის სიმბოლიკა, მუხის ფოთლების ორნამენტები სახელურებზე... ეს ტრიადა ერთმანეთთან ახლოს იყო დაკავშირებული, ვიზუალურადაც და საქმითაც...
- არსებობს ისტორიულ წყაროებში ცნობები ამის შესახებ?
- დიახ, იონა მეუნარგიას ქართულ მწერლობაში ვნახე ჩანაწერი, რომ დადიანების სასახლის წინ ცაცხვის ხესთან ხდებოდა საქმის გარჩევა და ამის შემდეგ დავიწყე იტალიური მისიონერების - არქანჯელო ლამბერტის, კლიმენტე გალანოს და სხვათა ნაშრომების შესწავლა... გავეცანი და მანამდე სხვადასხვა ქვეყნებში დასჯის საკმაოდ სასტიკი ფორმები იყო, მაგრამ მე-17 საუკუნიდან, როცა ლევან მეორე დადიანი სამეგრელოს განაგებდა, მან შეისწავლა მეგრელების ჩვეულებები და სასახლეში მოიტანა ქვედა ცარცული კირქვა, რაც ზუგდიდის ირგვლივ მრავალ ადგილას მოიპოვება.
ამ ქვის დადგმის მერე უფრო სხვანაირი გახდა სასჯელის გამოტანის რიტუალი. ჩვეულებითი სამართალი იყო, ის რაც ხალხს ჰქონდა შემუშავებული. ლევან მეორე დადიანმა ეს გამოიყენა თავის მმართველობაში, სამართლის დადგენის დროს, სამართლის წესებში... სამშაბათს, ხუთაბათს და შაბათს ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი მეგრელები ამ ქვაზე ადიოდნენ. მართალი კაცი ფეხით დგებოდა და მტყუანი თავს დებდა, რომ ეპატიებინათ.
- ანუ თუშეთში რაც იყო, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია და რატომ არ არის ასევე ცნობილი სამეგრელოსი?
- დიახ, თუშეთით უფრო დაინტერესებულია პრესა...თუშეთისგან განსხვავებით, ჩვენთან უძველესი დროიდან იყო ეს ყველაფერი...