"მთელი ცხოვრება საქართველოს შევალიე. საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო" - ვიქტორ სანეევის ინტერვიუ არქივიდან
ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი. სანეევმა ოლიმპიადა 1968, 1972 და 1976 წლებში მოიგო. 1980 წელს კი მოსკოვის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
1990 წელს სანეევმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა.
2011 წელს სწორედ ავსტრალიაში ჩაწერა გაზეთმა "ყველა სიახლემ" მასთან ინტერვიუ, რომელიც ambebi.ge -ს არქივში ინახება. მისი ავტორი თათული ბართაია გახლავთ. გთავაზობთ სტატიას უცვლელად:

"ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ერთი საოცრად ტკბილი და სტუმართმოყვარე ოჯახი ცხოვრობს. ამ ოჯახში პატარა საქართველოა. მისაღებ ოთახში კედლებს თბილისის ხედები ამშვენებს, თაროებზე კი უამრავი ქართული სუვენირია. ერთი სიტყვით, იოლად იგრძნობთ ქართულ სულს...
სანეევების ოჯახში ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდებიან. დღესასწაულებზე ყოველთვის დიდი სუფრა იშლება და მრგვალ მაგიდასთან ჩემი კუთვნილი ადგილიც კი მაქვს. სუფრას ყოველთვის საგანგებოდ გადანახული ერთი ბოთლი ქართული ღვინო ამშვენებს. ვსაუბრობთ საქართველოზე და ყველა სადღეგრძელო საქართველოსა და ქართველ ხალხს ეძღვნება.
სუფრის თამადა კი, ტრადიციულად, ოჯახის უფროსი ვიქტორ სანეევია, XX საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი, მძლეოსნობაში (სამხტომში) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი. ბატონ ვიქტორს არ უყვარს ინტერვიუები, ამიტომ კითხვებს გზადაგზა, სადღეგრძელოებს შორის ვუსვამდი.

65 წლის იუბილეს აღნიშვნისას თათული ბართაიასთან ერთად
- 1992 წელს, საქართველოში ცხოვრება რომ აირია, ჩემს მეუღლე იანასთან და ვაჟთან, სანდროსთან ერთად ავსტრალიაში წამოვედი. სიდნეიში პრესტიჟულმა კოლეჯმა "სენ ჯოზეფმა" კონტრაქტი გამიფორმა და ბინა და მანქანაც მომცა. კოლეჯში სავარჯიშოდ კარგი პირობები იყო, მაგრამ აქაურებს არ სურდათ მიზნის მისაღწევად ენერგიის სრულად დახარჯვა, გამარჯვება კი ამის გარეშე რთულია.
- არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ, სად შეხვდით ერთმანეთს?
- იანას ძმასთან ვმეგობრობდი, ერთმანეთი სოხუმში გავიცანით.
იანა:
- ისე მიყურებდა ხოლმე, ვგრძნობდი, მოვწონდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. არადა, ძალიან პოპულარული იყო, ნამდვილი "ვარსკვლავბიჭუნა" (იცინის).
ვიქტორი:
- მოკლედ, დიდი ენერგია დავხარჯე, რომ მისი ყურადღება დამემსახურებინა.
იანა:
- როცა მივხვდი, რომ კარგი ადამიანი იყო, ჩემი გულიც დაიპყრო.

მეუღლესთან ერთად
- ადვილად დაგთანხმდათ იანა ავსტრალიაში წამოსვლაზე?
ვიქტორი:
- რა თქმა უნდა, გაუჭირდა ახლობლების, მეგობრების მიტოვება, მაგრამ ასე მოხდა. იანა ექიმია და დღეს პროფესიით მუშაობს.
- სანდროს არ სურდა, თქვენს გზას გაჰყოლოდა?
- სანდროს კარგი სპორტული მონაცემი აქვს, ათლეტური აღნაგობაც ხელს უწყობს. სპორტული კოლეჯი დაამთავრა და წარმატებაც ჰქონდა, მაგრამ... შესანიშნავი მოცურავეა, თამაშობს კალათბურთს, მაგრამ ეს მისთვის ჰობია. სპორტით, სხვათა შორის, ჩვენს ოჯახში იანას დისშვილი, პატარა ჯორჯია უფრო სერიოზულადაა დაინტერესებული. კარატესა და ჩოგბურთზე დადის. საქართველოს სიყვარულით ჯორჯია დავარქვით...