რა კავშირია დიაბეტსა და მხედველობის დაზიანებას შორის?- კითხვებს ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი პასუხობს | Allnews.Ge

რა კავშირია დიაბეტსა და მხედველობის დაზიანებას შორის?- კითხვებს ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი პასუხობს

დიაბეტი რომ ვერაგი დაავდებაა, საყოველთაოდ არის ცნობილი. ის სხვადასხვა ორგანოს აზიანებს, მათ შორის, მკვეთრად მოქმედებს მხედველობაზე და თვალს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რა დოზით ზიანდება მხედველობის ორგანო, რატომ მწვავდება კოვიდის პერიოდში თავლის დაავადებები და როგორ უნდა დაიძლიოს პრობლემა, ამაზე ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი გვესაუბრება.

_ მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სისხლში გლუკოზის დონის მომატებით ხასიათდება. არსებობს შაქრიანი დიაბეტის ორი ტიპი (ტიპი-1 და ტიპი -2). ორივე შემთხვევისთვის დამახასიათებელია სისხლში შაქრის დონის მომატება. ამ დროს პანკრეასის მიერ ვერ ან არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. ინსულინის არარსებობის პირობებში ჰიპერგლიკემია ვითარდება, რაც იწვევს სისხლძარღვების, გულის, თირკმლების, ნერვული სისტემის და მათ შორის, თვალის მძიმე ხარისხის დაზიანებას. შაქრიან დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს როგორც თვალის ფსკერი (თვალის კაკლის უკანა კედელი – ბადურა), ასევე თვალის ბროლი (დიაბეტური კატარაქტა) და თვალის ქუთუთოები (ქრონიკული ბლეფარიტი). ხშირია გლაუკომის განვითარების შემთხვევებიც. დიაბეტის დროს თვალის ფსკერის (ბადურას) დაზიანებას – დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება.

316187367-1641295648.jpg

_ რა არის დიაბეტური რეტინოპათია?

_ ეს თვალის ბადურა-გარსის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებაა, კერძოდ, დეკომპენსირებული დიაბეტის დროს ხდება აღნიშნული სისხლძარღვების მთლიანობის დარვევა ან მათი სანათურის დახშობა. დიაბეტური რეტინოპათიით გამოწვეული სიბრმავის საწყის მიზეზს ბადურა-გარსის სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა წარმოადგენს. სისხლძარღვთა კედლები ნორმაში გაუმტარია. დიაბეტური რეტინოპათიის არაპროლიფერაციული ფორმის დროს კი აღნიშნულ სისხლძარღვთა კედლებიდან ჟონავს სისხლი (პლაზმა), რომელიც ბადურა გარსის შრეებში მოხვედრისას მის შეშუპებას იწვევს და ეს კი უკვე ნორმალური ფუნქციონირების უნარს კარგავს, რის შედეგადაც მხედველობა კლებულობს. დიაბეტური რეტინოპათიის პროლიფერაციული ფორმის დროს კი ხდება ბადურა- გარსის სისხლარღვთ სანათურის დახშობა, რაც ბადურა გარსის მთელ რიგ უბნებში კვების მოშლას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, ბადურა გარსში, კომპენსაციის მიზნით, ახალი, არასრულფასოვანი სისხლძარღვები წარმოიქმნება. აღნიშნულ პროცესს ნეოვასკულარიზაცია ეწოდება და იგი მხედველობისთვის ძალზე საშიშია. ახლად წარმოქმნილი სისხლძარღვთა კედლები ადვილად სკდება, სისხლი იღვრება მინისებრ სხეულში, რაც საგრძობლად აქვეითებს მხედველობის სიმახვილეს. მეორე პრობლემა, რომელიც ასევე ნეოვსაკულარიზაციის პროცესთნაა დაკავშრებული, არის ბადურა-გარსი ზედაპირზე შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურის წარმოქმნა, რომელსაც დროთგანმავლობაში ბადურა- გარსისი ჩამოცლამდე მივყავართ და ამის შედაგად ხშირად, სრულ სიბრმავემდე. ასევე დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა მაკულის შეშუპება.

165579506-492942778715110-8742375395124167767-n-1641295549.jpg

_ რა არის მაკულა?

• მაკულა (ყვითელი ხალი) ბადურას ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ის ცენტრალური მხედველობას განაგებს. მის გარეშე ვერ შევძლებდით კითხვას, მანქანის მართვას, სახეების ცნობას.

• მაკულის შეშუპებაც ბადურას სისხლძარღვების დაზიანების შედეგია. შეშუპებული მაკულა სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და ცენტრალური მხედველობა სუსტდება (პერიფერიულზე ეს პათოლოგია გავლენას არ ახდენს). მაკულის შეშუპება თანდათან არღვევს მხედველობის სიმახვილეს და მის ნაწილობრივ დაკარგვას ან სიბრმავეს იწვევს.

• მაკულის შეშუპება იმ ადამიანებს უვითარდებათ, რომლებსაც უკვე აქვთ დიაბეტური რეტინოპათიის სხვა ნიშნები.

_ როგორ ვლინდება თვალის დაზიანება და ამ დროს პაციენტი რას უჩივის?

_ თვალის დაზიანების ადრეულ ეტაპზე ადამიანი ხშირად არაფერს უჩივის: არც ტკივილს, არც მხედველობის ცვლილებას. თუმცა ზოგჯერ მხედველობით დისკომფორტზე მიუთითებს:

* დაბინდული ან ტალღოვანი მხედველობა;

* მხედველობის სწრაფი ცვალებადობა;

* შავი წერტილები;

* ლაქები ან მუქი ზოლები მხედველობის არეში;

* ფერების ცუდად აღქმა;

* სინათლის გაელვება.

shutterstock-450692668-1641295572.jpg

_ რა დოზით ზიანდება და რას აზიანებს ყველაზე მეტად?

_ თვალებიც, ისევე როგორც დიაბეტის სხვა სამიზნე ორგანოები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისხლში გლუკოზის მეტისმეტად მაღალი შემცველობის გამო ზიანდება. ამას უმალვე სიბრმავემდე არ მივყავართ, მაგრამ შესაძლოა, მხედველობის რამდენიმედღიანი ან რამდენიმეკვირიანი დაბინდვა გამოიწვოს. ამის უშუალო მიზეზი სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობის გამო თვალში სითხის ბალანსის შეცვლა ან თვალის ქსოვილების შეშუპებაა. მხედველობის ასეთი დაბინდვა დროებითია და გლუკოზის დონის დარეგულირებასთან ერთად გაივლის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიაბეტის დროს თვალების დაზიანების საფუძველი უმეტესად სწორედ სისხლძარღვოვანი პრობლემებია. თუ გლუკოზის დონე დიდხანს დარჩა მაღალი, ხშირად წარმოიქმნება ახალი, არასრულფასოვანი სისხლძარღვები, რომლებიც ადვილად ზიანდება, სკდება. თუ თვალის დაზიანებული სისხლძარღვებიდან სითხემ გაჟონა, სისხლჩაქცევა და შეშუპება განვითარდება, რასაც ბადურის დაზიანებამდე ან თვალშიგა წნევის მატებამდეც კი მივყავართ. ასეთივე დაზიანება მოსალოდნელია პრედიაბეტური მდგომარეობის დროსაც – მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზა ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა იმდენად, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას.

_ შეიძლება, რომ ამან მხედველობის სრულ დაკარგვამდე მიიყვანოს ადამიანი?

_ რა თქმა უნდა, თუ არ მოხდა დროული მკურნალობა და შესაბამისი ჩარევა, შეიძლება მხედველობისთვის შეუქცევადი პროცესი განვითარდეს.

_ ვინაიდან დიაბეტი ასაკობრივი დაავადება არ არის და შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვლინდეს, შესაბამისად, თვალის დაზიანება ახალგაზრდა დიაბეტიან პაციენტებსაც უვლინდებათ, ხომ?

_ დიაბეტი ტიპი 1 ძირითადად ახალგაზრდა ასაკში ვლინდება, ამიტომ ამ დროს სასურველია, თვალის ყოველწლიური გამოკვლევა დიაბეტის დიაგნოზის დასმიდან პირველი ხუთი წლის გასვლამდე მაინც დაიწყოს. ტიპი 2-ის დროს კი აუცილებელია, დიაგნოზის დასმისთანავე მოხდეს თვალის გამოკვლევა.

248340961-1305719159893385-7295660628308697532-n-1641295608.jpg

_ რა რისკებთან აქვს საქმე პაციენტებს?

_ დიაბეტი თვალის დაზიანების რისკს ზრდის. რაც უფრო დიდხანს აქვს დიაბეტი ადამიანს, მით უფრო მაღალია რისკი. რისკი მაღალია მაშინაც, როცა პაციენტს: • დარეგულირებული არ აქვს სისხლში გლუკოზის შემცველობა;

• დარეგულირებული არ აქვს სისხლის წნევა;

• აქვს მაღალი ქოლესტეროლი;

• მწეველია.

_ ვინაიდან კოვიდმა თითქმის ყველა ორგანოს დარია ხელი, ცხადია, დიაბეტის მქონე ადამიანებსაც გაუახლდათ თვალის პრობლემები... შაქრიანი დიაბეტის მქონე ბევრი პაციენტი გაკითხავთ პოსტკოვიდის შემდეგ თვალის პრობლემებით?

_ დიახ, განსაკუთრებით გაიზარდა პაციენტების მომართვიანობა პოსტკოვიდურ გართულებების ფონზე. ვინაიდან ორგანიზმში მუდმივად არსებული ჰიპერგლიკემია, ასევე იწვევს იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებას. განაპირობებს იმუნური პასუხის დისფუნქციას და ორგანიზმი ხდება სენსიტიური ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მიმართ, მათ შორის, Covid-19-ის ინფექციის მიმართ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არაკონპენსირებული ინფიცირების შემთხვევაში, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ დიაგნოსტირებული დიაბეტთან დაკავშირებული გართულებები, როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია, გულის იშემიური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და სხვა, დაავადება შეიძლება წარიმართოს უფრო მწვავედ, ვიდრე კომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

shutterstock-556848595-1641295628.jpg

_ როგორ შევამციროთ გართულების რისკი, არსებობს თუ არა სპეციფიკური რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის?

_ მნიშვნელოვანია გლიკემიის სრულფასოვანი მართვა, რაც გულისხმობს სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების რეკომენდებულ ნორმებში შენარჩუნებას. საჭიროა გლიკემიის ინტენსიური კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულ მკურნალობაში კორექციის შეტანა ექიმთან შეთანხმებით. დიაბეტი განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ჯანსაღი ცხოვრების წესს - სწორ, ბალანსირებულ კვებას, ფიზიკურ აქტივობას სუფთა ჰაერზე, მოწესრიგებულ ძილს 7-8 საათი დღე ღამეში, რეგულარულ მკურნალობას. ამ რეკომენდაციების დაცვით პაციენტი შეძლებს თავიდან აიცილოს დიაბეტით გამოწვეული გართულებები. (ან ასეც შეიძლება)

· გლიკემიის მკაცრი კონტროლი

· სწორი ბალანსირებული კვება

· წონაში კლება ჭარბი წონის შემთხვევაში

· მოწევის შეწყვეტა

· ფიტნესი

· ქოლესტერინის დონის კონტროლი

· არტერიული წნევის კონტროლი

_ რა საპრევენციო ღონისძიებებია ჩასატარებელი ზოგადად, რომ ეს პრობლემები არ გაღრმავდეს და სავალალო შედეგით არ დასრულდეს?

_ დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და პაციენტს მხედველობის ხარისხის მიხედვით არ შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს თვალის ფსკერის მდგომარეობა. ეს განაპირობებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტების აუცილებლობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია – დიაბეტის ხანგრძლივობა. დიაბეტური რეტინოპათია დაავადების პირველ 5 წელს, ან სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე იშვიათად ვითარდება, მაგრამ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 5% -ს რეტინოპათია დიაბეტის გამოვლენასთან ერთად უვლინდება. დაავადების ხანგრძლივობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია სისხლში შაქრის მაღალი დონე. ცნობილია, რომ სისხლში შაქრის დონის კარგი მართვა, დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების შენელების ან თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

_ მოკლედ, ნებისმიერი ამ სიმპტომის არსებობისას ექიმთან მისვლა აუცილებელია, ხომ?

_ თუ ეს ნიშნები გაძლიერდა ან სხვებიც დაერთო: მხედველობა გაუარესდა, გაჩნდა სინათლის გაელვებები, ხაზები, მცურავი შავი წერტილები ან თვალებს “ფარდა ჩამოეფარა”, – რაც შეიძლება სწრაფად. ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა ბადურას აშრევებაზე მიუთითებდეს. დიაბეტური რეტინოპათია თვალის საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელსაც პოტენციურად სიბრმავის გამოწვევა შეუძლია. ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა და მკურნალობის ადრეულ სტადიაზევე დაწყება, მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადებასთან ასოცირებული გართულებების ალბათობას.

პრობლემის დროული აღმოჩენა და მკურნალობა მის განვითარების რისკს 95%-ით ამცირებს.

ლალი ფაცია

myquiz