რა არის ფინური სკოლების მთავარი უპირატესობა და როგორ მიაღწიეს ფინელებმა ამ შედეგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ფინური სკოლის ქართველ პედაგოგთან | Allnews.Ge

რა არის ფინური სკოლების მთავარი უპირატესობა და როგორ მიაღწიეს ფინელებმა ამ შედეგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ფინური სკოლის ქართველ პედაგოგთან

ფინეთის განათლების სისტემა მთელ მსოფლიოში აღიარებულია და უამრავი ქვეყანა ცდილობს, ის მეთოდები თუ მოდელები, რასაც ამ ქვეყანაში ძალიან წარმატებულად იყენებენ, თავიანთ სახელმწიფოებშიც დანერგონ და შედეგი გაიმეორონ. დალი კლემენტიდესი დიდი ხანია ფინეთში ცხოვრობს და უშუალო შეხება აქვს საგანმანათლებლო სისტემასთან. ამბობს, რომ ქვეყნის წარმატების გასაღები სწორედ განათლებაშია. ის საკუთარ საქმიანობასა და იმ ძირითადი საკითხების შესახებ გვიყვება, რასაც ფინურ სკოლებში ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა:

- ფინეთში 22 წლის წინ შეერთებული შტატებიდან გადმოვედი საცხოვრებლად. შეერთებულ შტატებში, კერძოდ მაიამიში, თითქმის რვა წელი ვცხოვრობდი. საქართველო 90-იანი წლების დასაწყისში დავტოვე, ასე რომ, მე ის საშინელება, რაც საქართველომ გამოიარა ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ გადმოცემით ვიცი ჩემი მშობლებისგან, ნათესავებისა და მეგობრებისგან. თითქოს, გამიმართლა, რომ თავად არ განმიცდია და არ გადამიტანია ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, მაგრამ ჩემთვის ორმაგად სანერვიულო იყო იმის გააზრება, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ჩემი ახლობლები.

საბჭოთა კავშირიდან მაიამიში მოხვედრა სხვა პლანეტაზე მოგზაურობას უფრო ჰგავდა ჩემთვის, ვიდრე დედამიწის ერთი წერტილიდან მეორეში გადასვლას. შეერთებულ შტატებში კოლეჯში ვსწავლობდი და ამავე კოლეჯში ვმუშაობდი უცხო ენების კათედრაზე ასისტენტად. ალბათ, ამერიკაში სწავლა და მუშაობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი საავიაციო აკადემიაში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი.

დავქორწინდით და შემდეგ გადმოვედით ფინეთში საცხოვრებლად. ჩემი მეუღლე ნახევრად ფინელი და ნახევრად ბერძენია. ორივე შვილი ფინეთში შეგვეძინა. სკოლაში მუშაობის დაწყებამდე სხვადასხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყოველთვის უკმარისობის გრძნობა მქონდა. მერე დავფიქრდი, რა მინდოდა, რისი კეთება მომანიჭებდა დიდ სიამოვნებას. განათლების სისტემა, სკოლა, ბავშვებთან ურთიერთობა - არ შევცდი, სკოლა ნამდვილად ჩემი ადგილია.

pic1-1641282379.jpg

სპეციალობით ინგლისურის მასწავლებელი ვარ. მაქვს მაგისტრის (Master’s degree) დიპლომი და კოლეჯის დიპლომი შეერთებული შტატებიდან (Associate in Arts degree-Miami Dade Community College). ვმუშაობ სამი მუნიციპალიტეტის (ჰელსინკი, ვანტაა და ესპოო) სკოლებში, სკოლის ასისტენტად. ჩემი სამუშაო ძირითადად მოიცავს კლასში ინდივიდუალურ მუშაობას ბავშვებთან, საჭიროების მიხედვით. ასევე, ინგლისურის მასწავლებლად, საჭიროების შემთხვევაში. (Substitute teacher).

ეს სამუშაო ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან უფრო კარგად ვეცნობი ფინურ საგანმანათლებლო სისტემას. რაც უფრო მეტ სკოლებში მიწევს მუშაობა, მით უფრო ვრწმუნდები, რომ საგანმანათლებლო სისტემა ყველგან ერთნაირია და ყველგან გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, ჩემი კონტრაქტი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი სამუშაო ცხრილი მე თვითონ შევადგინო და სკოლაც მე თვითონ ავირჩიო. ამ კონტრაქტს დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. უარყოფითი ის არის, რომ ჩემი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საათი ვიმუშავე კვირაში.

დადებით ის არის, რომ ასეთი კონტრაქტი სრულ თავისუფლებას მაძლევს. კორონავირუსამდე ხშირად მიწევდა შეერთებულ შტატებში გამგზავრება და თავისუფალ დღეებს უპრობლემოდ ვიღებდი. იანვრიდან ჰელსინკის უნივერსიტეტში ვიწყებ სწავლას პედაგოგიკის კურსებზე. ეს კურსები მაისამდე გაგრძელდება და სკოლაში მუშაობის ცხრილს თავისუფალი დროის მიხედვით შევადგენ.

pic2-1641282508.jpg

- რა არის ძირითადი საკითხები, რასაც ფინეთში სკოლებში აუცილებლად აქცევენ ყურადღებას?

- სკოლა არ არის მხოლოდ შენობა, სადაც ბავშვები საგნებს სწავლობენ. ეს არის ადგილი, სამყარო, სადაც ბავშვებს დღის უმეტესი ნაწილის გატარება უწევთ. მნიშვნელოვანია, რომ ის ადგილი ბავშვებისთვის სასიამოვნო, საინტერესო და სახალისო იყოს. ფინურ სკოლებში, განსაკუთრებით კი დაწყებით სკოლებში, სრულიად მოხსნილია სტრესი. ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, ყველას აქვს ინდივიდუალური განვითარების ტემპი, ათვისების, მასალის გააზრების უნარი და ა.შ. მასწავლებელმა იცის ბავშვის შესაძლებლობები და ხშირად ერთსა და იმავე კლასში ერთსა და იმავე საგანში ბავშვებს სხვადასხვა დავალება ეძლევათ. კლასში ყველანაირი აქტივობა შესაბამისია ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა.

მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელი ხსნის გამრავლებას. მასალის ახსნა ხდება დიდ ეკრანზე ანიმაციური მაგალითების ჩვენებით (ტექნიკის გამოყენებით). შემდეგ ბავშვები ერთად ხსნიან რამდენიმე მაგალითს და ბოლოს ეძლევათ დავალება. წიგნები ყველას ერთნაირი აქვს, მაგრამ დავალებებს ბავშვები შესაძლებლობების მიხედვით ასრულებენ. ზოგი 10 სავარჯიშოს აკეთებს, ზოგი - 5-ს და ზოგი - 2-ს. კლასში მასწავლებლის გარდა არის დამხმარე, რომელიც სწორედ ისეთ ბავშვებთან მუშაობს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ყველა საკლასო ოთახში არის პატარა ოთახი, სადაც დგას ერთი ან ორი მერხი. თუ ბავშვს უჭირს კონცენტრაცია, ხშირ შემთხვევაში დამხმარე მასთან ერთად ამ ოთახში გადის და იქ უხსნის მასალას უკეთ ასათვისებლად. ასახსნელი მასალის ვიზუალური აღქმა უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის. საკლასო ოთახები აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. სკოლაში ბავშვები იყენებენ სკოლის კომპუტერებს.

სკოლების დიზაინი (დაწყებული კედლების ფერებით, დამთავრებული ავეჯით, დიახ, ავეჯით და არა მხოლოდ მერხებით) ქმნის უაღრესად სასიამოვნო გარემოს ბავშვებისთვის. მე ვფიქრობ, უმცირეს დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გარემო, ფერები, ფორმები, ბგერები, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ ბავშვები, გაუცნობიერებლად მოქმედებს მათზე.

pic5-1641282624.jpg

ფინური სკოლების ყველა საკლასო ოთახში არის ონკანი. ონკანის მნიშვნელობა განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიკვეთა. ბავშვები ყოველი გაკვეთილის წინ ხელებს იბანენ და ისე სხდებიან მერხებთან. მერხების გარდა, საკლასო ოთახებში შეიძლება იყოს ტახტი, რბილი ბალიშები, დიდი რეზინის ბურთები, რომლებიც გამოიყენება იმ ბავშვებისთვის, ვისაც დიდი ხნით სკამზე ჯდომა უჭირს. არის სპეციალური, სკამზე დასადები რეზინის ბალიშები, რომლებიც ასევე იმ ბავშვებისთვისაა, ვისაც სკამზე დიდხანს ჯდომა უჭირს. განაგრძეთ კითხვა