„ყველაზე დიდი სიხარული ბავშვების სითბოთი და ბედნიერებით ანთებულმა თვალებმა მომანიჭა“ -კეთილი ადამიანები, რომლებმაც სოფლად მცხოვრები ბავშვების ერთი დღე დღესასწაულად აქციეს
ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელიც შობა-ახალი წლისთვის არ ემზადება და დღესასწაულების დადგომას არ აღნიშნავს. როგორც წესი, უმეტესობა მათ ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში ატარებს. დიდი ქალაქების უმეტესობა საახალწლო განათებებითა და დეკორაციებით არის მორთული, იმართება საახალწლო კონცერტები... რეგიონები , მით უფრო სოფლები, სამწუხაროდ ამ სიამოვნებას მოკლებულნი არიან.
დღევანდელ სტატიაში მინდა ძალიან კარგი ადამიანების შესახებ მოგითხროთ, რომლებმაც გადაწყვიტეს სოფლად მცხოვრები პატარების ერთი ჩვეულებრივი დღე გაეხალისებინათ და დღესასწაულად ექციათ. ერთობლივი ძალისხმევითა და შემოწირულობებით მათ ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
Allnews კასპის რაიონის სოფელ თელიანში გამართული საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორს, ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტ მარიამ დავითაშვილს დაუკავშირდა.
-მარიამ მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გკითხოთ როგორია სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების პირობები, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი?
მეტ-ნაკლებად რეგიონულ ცენტრებში იგრძნობა წინა საახალწლო განწყობა(ლამაზი ნაძვისხით და მანათობელი ნათურებით განათებულია ცენტრალური ქუჩები), თუმცა სოფლად მცხოვრები ბავშვების მშობელთა უმეტესობა ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს საახალწლო დღეებში შვილები გაასეირნონ და აზიარონ ამ სილამაზეს. გარდა იმისა, რომ მატერიალური მდგომარეობაც მძიმეა, ყველაფერს პანდემია და მისგან გამოწვეული დაბრკოლებებიც უშლის ხელს.
-რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თქვენს პოსტს გადავაწყდი, სადაც თანასოფლელებს საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაში დახმარება სთხოვდით. საიდან გაჩნდა იდეა?
ჩემმა უფროსმა მეგობარმა მაკა გოდერძიშვილმა მომწერა, რომ იდეა ჰქონდა და ჩემი აზრი აინტერესებდა. უნდოდა, რომ სოფლის ცენტრში ნაძვის ხე დაედგა და პატარა ღონისძიება ჩაგვეტარებინა. გამომდინარე იქიდან, რომ მაკა არ იმყოფება საქართველოში მთხოვა , რომ ორგანიზება გამეწია ამ ყველაფრისთვის. მეც რა თქმა უნდა დიდი სიხარულით დავთანხმდი და საღამოს სოციალურ ქსელში პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც თანასოფლელებს დახმარება ვთხოვე ღონისძიების ორგანიზებაში.
-როგორი იყო საზოგადოების აქტიურობა, რამდენად დიდი იყო დახმარების სურვილი?
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვწერდნენ, რომ ამაყობდნენ წამოწყების გამო. სიკეთე გადამდებია, რაც ნათლად გამოჩნდა ხალხის აქტიურობასა და დახმარების სურვილში.
უდიდესი მადლობა მინდა თითოეულ თანასოფლელს გადავუხადო დახმარებისათვის, განსაკუთრებით მაკა გოდერძიშვილს და მის ოჯახს ორგანიზებისთვის და ნაძვის ხისათვის. ქეთი დემეტრაშვილს, საახალწლო განათებისთვის. მარიამ ბერიაშვილს, ტკბილეულისთვის. ქეთევან დემეტრაშვილს, რომელმაც აპარატურით უზრუნველგვყო. ციკო ლაზუაშვილს სანტას ფორმისთვის და ყველაზე გამორჩეულ სანტას ჯაბა მიხანაშვილს, ფიფქიას- ნუცა მიხანაშვილს. მედეა ჩოდრიშვილის და მის არაჩვეულებრივ ,,ფანდურის გუნდს,”მუსიკალურად გაფორმებისთვის. ელენე ირემაშვილს საშობაო ტკბილეულისთვის, დეკორაციებისა და წამყვანობისთვის. ასევე დიდი მადლობა არჩილ პაპინაშვილს ტექნიკურ საკითხებში დახმარებისათვის. გვერდში მდგომთა სია იმდენად დიდია შეუძლებელია ვინმე არ გამომრჩეს, ამიტომ ბოდიშს ვიხდი მათთან.
-რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები და მოეწონათ თუ არა ღონისძიება პატარებს?
სოფელში შობა დღის ჯადოსნური აურა იგრძნობოდა. ყველა ერთად, დიდი თუ პატარა გულის ფანცქალით ელოდა ნაძვის ხის მორთვას და სანტას გამოჩენას. ყველაზე დიდ სიხარულს ბავშვების სითბოთი და სიხარულით ანთებული თვალები მანიჭებდა. სწორედ ეს იყო ჩემი მოლოდინი, რომ შემძლებოდა ერთი დღე მაინც გვექცია ახალი წლის ტკბილი მოგონებად. და დიახ, ჩემი მოლოდინები ნამდვილად გამართლდა.
ბექა ბერიაშვილი