"სახლში შემოდის თუ არა, კარს ხურავს, სტუმარს ჩანთას ჩამოართმევს და მოაქვს... " - გაიცანით რაჭველი "ბობო" გასაოცარი უნარებით
თემურ გუგეშაშვილი და მისი ოჯახი ონში აგროტურიზმს მისდევს. მათ ეზო-კარს ტურისტები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ, ვისთვისაც გუგეშაშვილები, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ელჩებიც კი არიან.
ბატონი თემური ხეზე მხატვრული კვეთის ოსტატია, ონის სამხატვრო სკოლაში ასწავლის. სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც მისი მეუღლე, ქალბატონი ელენეა...
ამ ოჯახის გასაოცარ და ეთნოგრაფიულად მდიდარ ეზო-კარზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ მათ უგონიერეს ოთხფეხა მეგობარ "ბომბორაზე“ შევჩერდებით. მსგავსი ჭკვიანი ცუგა მართლა იშვიათია. ოჯახს ადამიანივით უდგას გვერდით, უამრავ საქმეში ეხმარება. ამ გამორჩეული თვისებების გამო მას როგორც ქართველები, ისე უცხოელი ტურისტებიც კარგად იცნობენ, რადგან კეთილი "ბობოს“ ამაგი ბევრს ახსოვს... თემურ გუგეშაშვილი "AMBEBI.GE“-ს ახლა მის საოცარ ისტორიებს უამბობს.
- ლეკვი იყო, თან, ძალიან სუსტი, რომ მაჩუქეს. შერეული ჯიშია - მამა "ავჩარკა“ ჰყავდა, დედა - "რაჭველი“ (იცინის)... მას მერე 10 წელი გავიდა. დაბადების დღე სწორედ, 3 კვირის წინ ჰქონდა. ჩემმა მეუღლემ ძეხვის ტორტი გაუკეთა.
- საოცარი უნარები ჰქონია, ქცევებით ყველას აოცებს. ასე როგორ გაწვრთენით?
- ვცდილობდი, მისთვის თავიდანვე რაღაცები მესწავლებინა. მინდოდა, გაეგო, მისგან რას მოვითხოვდი.
- რა გინდოდათ, რომ გაეკეთებინა?
- მაგალითად, სახლში რომ შემოვიდოდა, კარი დაეხურა. ამას ვეუბნებოდი და ვაჩვენებდი კიდეც, როგორ უნდა გაეკეთებინა. ახლა შემოდის თუ არა, კარს ხურავს. თუ დაავიწყდა, ვსაყვედურობ - რატომ არ დახურე-მეთქი? გარბის და ხურავს...
ნაგვის გადაყრას ვერ დაასწრებ - ვედრო ამან უნდა წააცუნცულოს ბუნკერთან და დადოს. იმ დროს როცა მიდის, თუ ვინმემ დაინახა და ყურადღება მიაქცია, იპრანჭება. სულ პრანჭვა-გრეხით მიძუნძულებს. ძალიან სასაცილო საყურებელია...
ზამთარში ოთახში შეშა შემოაქვს...
ბატები კვერცხებს რომ დებენ, მალავენ, ჰოდა, ადრე დავდიოდი და დავეძებდი ხოლმე. "ბობო“ მეხმარებოდა, პოულობდა და ჩემთან მოჰქონდა...
ერთხელ ავარიაშიც მოყვა, მანქანა დაეჯახა და დაზიანდა. ექიმმა წამლები დაუნიშნა, ნემსებს ვუკეთებდი. საერთოდ, ძაღლებს ნემსები არ უყვართ, როცა საჭიროების შემთხვევაში უკეთებენ, იმალებიან, ან გარბიან. ამას რომ დავუძახებდი, - ნემსის გაკეთების დროა, ამოდი-მეთქი, ოთახში ამოვიდოდა, დაწვებოდა და ამით მანიშნებდა, გამიკეთეო... განაგრძეთ კითხვა
ლალი ფაცია