"კუბოების გასაკეთებლად ფიცრები აღარ იყო, ერთ საფლავში 10 ადამიანს მარხავდნენ"- ყველაზე ცუდი წელი კაცობრიობის ისტორიაში | Allnews.Ge

"კუბოების გასაკეთებლად ფიცრები აღარ იყო, ერთ საფლავში 10 ადამიანს მარხავდნენ"- ყველაზე ცუდი წელი კაცობრიობის ისტორიაში

დღეს მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, დიდი პრობლემები შეექმნა ეკონომიკასა და ჯანდაცვის სფეროებს. თუმცა, ისტორიის მანძილზე, კაცობრიობა უფრო დიდი განსაცდელის წინაშეც მდგარა და ის რაც ახლა ხდება, არაფერია იმასთან შედარებით, რაც წარსულში მოხდა:

"მზე დაბნელდა და ეს წყვდიადი 18 თვე გრძელდებოდა. ყოველი დღე, დაახლოებით, 4 საათს გრძელდებოდა და დღის სინათლე მხოლოდ სუსტი ჩრდილივით იყო. ითვლებოდა, რომ მზე აღარასდროს აღიდგენდა ძალას და სინათლეს. ნაყოფი არ მწიფდებოდა და ღვინოს მჟავე ყურძნის გემო ჰქონდა." – 536 წლის შესახებ, ქრონიკებში წერდა მიქაელ სირიელი (მიქაელ დიდი, სირიელ იაკობიტთა მართლამადიდებელი ეკლესიის პატრიარქი 1166-1199 წლებში).

martin-john-great-day-of-his-wrath-1639721295.jpg

იგივე მოვლენას უფრო მუქ ფერებში აღწერს ბიზანტიელი ჟამთაღმწერი პროკოპი კესარიელი (507 – 562 წწ), რომელიც მიქაელ სირიელისგან განსხვავებით, ხსენებული მოვლენების თვითმხილველი იყო:

"ამ წელს უდიდესი სასწაული მოხდა: მთელი წლის მანძილზე მზე ისე ანათებდა, როგორც მთვარე, – სხივების გარეშე... და ისეთი შეგრძნება იქმნებოდა, თითქოს მან ძალა დაკარგა. მას შემდეგ, რაც ეს დაიწყო, არ შემწყდარა ომები ადამიანებს შორის და სიკვდილის გამომწვევი სხვა უბედურებები. იმ წელს, იუსტინიანეს ჭირის (ყველაზე დიდი პანდემია კაცობრიობის ისტორიაში) მძვინვარების მეათე წელი იყო".

weli-main-1639721387.jpg

მიქაელ სირიელს და პროკოპი კესარიელს, შეეძლოთ მხოლოდ ევარაუდათ, "სამყაროს აღსასრულის" გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხოლო, თანამედროვე მეცნიერები ფიქრობენ, რომ მზის დაბნელება ვულკანის მასშტაბურმა ამოფრქვევამ განაპირობა.

მაკკორმიკის მიხედვით, ამოფრქვევები წლის დასაწყიში ისლანდიაში დაიწყო. ვულკანურმა ფერფლმა მთელი ევროპა დაფარა და ეს 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავის მხრივ, ეს ფაქტი იწვევდა იმას, რომ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ნაწილი დღეს და ღამეს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა, რადგან დღის განმავლობაშიც სიბნელე სუფევდა.

536 წლის გლობალური კატასტროფის შემდეგ, რა თქმა უნდა, სამყაროს აღსასრული არ დამდგარა... მაგრამ, მოუსავლიანობის გამო, კაცობრიობა შემშილით ამოწყვეტის საფრთხის წინაშე დადგა.

untitled-volcano-1639721668.jpg

ამასთან, 626 წლამდე ბევრი ისეთი რამ მოხდა, რისი მიზეზიც, შესაძლებელია, 536 წლის ბუნებრივი კატაკლიზმი ყოფილიყო. თუ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ, სადღაც აღმოსავლეთში, – ჩინეთში ან ტიბეტში, ჭირის ჩხირების მუტაცია გამოიწვია და ამ დაავადების სახეცვლილი სახეობა, 541-544 წლებში, ჯერ სპარსეთში, ახლო აღმოსავლეთში და ბიზანტიაში გავრცელდა, ხოლო შემდეგ, ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებიც მოიცვა, მაშინ მისი შედეგი ბევრად უფრო მასშტაბური გამოდის, ვიდრე ზემოთ ხსენებული ავტორების მიერ აღწერილი საშინელი მოვლენები.

პროკოპი კესარიელის ცნობით, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, იმ მოვლენების თვითმხილველი იყო, კონსტანტინოპოლში ყოველდღიურად 5–10 ათასი ადამიანი იღუპებოდა და რადგან მიცვალებულების დასამარხი ადგილი უბრალოდ არ იყო, ცხედრებს წყლის წნევის მიტოვებულ კოშკებში ყრიდნენ.

weli-1-1639721438.jpg

"ჭირის დროს, ჩემს რეგიონში ისეთი დიდი სიკვდილიანობა იყო, რომ როდესაც კუბოების გასაკეთებლად ფიცრები აღარ იყო, ერთ საფლავში 10-ს და უფრო მეტ ადამიანს მარხავდნენ. დაითვალეს, რომ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ერთ კვირა დღეს, ერთდროულად, 300 მიცვალებული იყო დასვენებული", – წერდა ფრანკების ისტორიკოსი და ტურის ეპისკოპოსი გრიგოლ ტურელი (538–594 წწ.), რომელიც ასევე, იმ საშინელი მოვლენების თვითმხილველი იყო.

და მიუხედავად ყველაფრისა, მართალია, დიდი დანაკარგით, მაგრამ ბიზანტიამ და ევროპის გერმანულმა სამეფოებმა გადარჩენა შეძლეს ამ გლობალურ კატასტროფაში. ხოლო, რომაელები იძულებულები გახდნენ საბოლოოდ დამშვიდობებოდნენ ოცნებას ერთიანი რომის იმპერიის აღდგენის შესახებ.

ფრანკებმა, საქსონებმა და ლანგობარდებმა რამდენიმე წელი იშიმშილეს, თუმცა იდენტობის და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება შეძლეს. თუმცა, იყო შეუქცევადი ზარალიც: ეპიდემიებით და დაუსრულებელი ომებით დატანჯულმა სასანიანთა იმპერიამ (224–651 წწ.), ვერ შეძლო ახალი დამპყრობლებისთვის, – არაბებისთვის, წინააღმდეგობის გაწევა და აყვავებულმა ზესახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს ჯერ რომაელებთან, ხოლო შემდეგ, კონსტანტინოპოლთან იყოფდა, 2 ათეული წლის მანძილზე, არსებობა შეწყვიტა.

0-winter-tree-1639721783.jpg

ასეთივე სამწუხარო დასასრული ხვდა წილად ტეოტიუაკანიის ცივილიზაციას. ამერიკაში არაბი დამპყრობლები არ ყოფილან, მაგრამ იყო კლიმატური ცვლილებები, რომელიც საბედისწერო 536 წლიდან დაიწყო. ხოლო მოუსავლიანობამ და შიმშილმა, ერთ დროს, მაღალგანვითარებული ცივილიზაციი კერები, ნელ–ნელა ჩააქრო და გაანადგურა...

და დარჩა მხოლოდ მზის და მთვარის პირამიდები, როგორც სამყაროს უცვლელობის და ადამიანის ცხოვრების გარდამავლობის სიმბოლოები.