რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში ორგანიზმში აუცილებელი ვიტამინების შესანარჩუნებლად? - ნახეთ ენდოკრინოლოგის რჩევები | Allnews.Ge

რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში ორგანიზმში აუცილებელი ვიტამინების შესანარჩუნებლად? - ნახეთ ენდოკრინოლოგის რჩევები

ხილის მიღება რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამჯერად სეზონურ ხილზე ვსაუბრობთ, იმაზე, თუ რომელი როგორ და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ზამთარში, რომ ორგანიზმში შენარჩუნებული იყოს აუცილებელი ვიტამინები და მიკროელემენტები. ამასთან, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ხილი, რომელსაც ამ პერიოდში მივირთმევთ.

გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან ასათიანი:

qetevanasatiani-1638514609.jpg

- რა ხილი უნდა მივიღოთ ზამთრის სეზონზე?

- წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველია, მიირთვათ სეზონური პროდუქტი. ზამთარში იმუნიტეტი შედარებით დაბალია და შესაბამისად გაციებისა და გრიპის რისკი მაღალია, ამიტომ ხილის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ისეთ პროდუქტს, რომელიც საკმაო რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. სასურველია, მიირთვათ მანდარინი, ფორთოხალი, კივი, კომში, ბროწეული, ლიმონი, ვაშლი, ფეიხოა, ხურმა, მსხალი, გრეიფრუტი.

- არსებობს მოსაზრება, რომ სუპერმარკეტში შეძენილი ეგზოტიკური ხილი, რომელიც არავინ იცის რამდენი ხნის მოკრეფილია, სასარგებლო არ არის ჯანმრთელობისთვის. რას გვეტყვით ამაზე?

- ეს მოსაზრება არცთუ უსაფუძვლოა. ესა თუ ის ეგზოტიკური ხილი საკმაო გზას გაივლის, ვიდრე საქართველოს სუპერმარკეტების დახლზე აღმოჩნდება. ხილის მოკრეფის შემდეგ ის უთუოდ დამუშავებულია სხვადასხვა ნივთიერებით, რომლებიც, ერთი მხრივ, ახანგრძლივებს მის ვარგისიანობას, მეორე მხრივ, კი უზრუნველყოფს ხილის "მაცდურ," მადისაღმძვრელ გარეგნულ მხარეს. ეს კი უცილობლად აღძრავს ადამიანში მისი შეძენის და დაგემოვნების სურვილს. ვფიქრობ, აქ საუბარი იმის შესახებ, ხილი თუ რამდენად სასარგებლოა, ზედმეტია.

exotic-fruits-500x500-1638514735.png

- იმასაც ამბობენ, რომ ხილი ზოგადად და არა მარტო ადგილობრივი პროდუქტი, მოკრეფიდან გარკვეული დროის გავლის შემდეგ, კარგავს იმ აუცილებელ ელემენტებს, რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. ასეა?

- გამიჭირდება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, ეს კვების ტექნოლოგის პრეროგატივაა. თუმცა, მსურს, აქვე აღვნიშნო, რომ ეს საკითხი იმის მსგავსია, რის შესახებაც ხშირად დაისმის კითხვა - კარგავს თუ არა ხილი ან ბოსტნეული თავის სასარგებლო თვისებებს "გაყინვის" ან თერმული დამუშავების დროს? იმ შემთხვევაში, თუ ყველა წესი დაცულია, ვგულისხმობ, ხილის მოვლას, სეზონურად ხილის კრეფას, იმავე "გაყინვას" ან თერმულ დამუშავებას, იმ საჭირო ელემენტებისა თუ ნივთიერებების შენარჩუნება მოხდება, რაც ესოდენ აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისათვის.

- ზოგადად, რომელი ხილის მიღება არ შეძლება დიდი რაოდენობით, თუ არის ასეთი?

- ვფიქრობ, არც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი. დიდი ოდენობით ხილის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს გარკეული დისკომფორტი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, ზოგ შემთხვევაში, გაამძაფროს შიმშილის შეგრძნება და გახდეს ჭარბი კილოგრამების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, კერძოდ, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ ყურძენს, მსხალს, ხურმას, ბანანს განუსაზღვრელი ოდენობით. ასევე, ხშირად ხილის დიდი ოდენობით მირთმევა შესაძლოა ალერგიის განვითარების მიზეზიც გახდეს. უმჯობესია, დაიცვათ ზომიერება და დაჯერდეთ მცირე ულუფით ხილის მიღებას.

fresh-frukty-colorful-mango-apelsin-sweet-fruits-klubnika-1-1638514815.jpg

- რომელია ყველაზე სასარგებლო ხილი?

- კონკრეტულად რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. რადგან სეზონურ ხილზე ვსაუბრობთ, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხები. ასე, მაგალითად:

• კივი - ასკორბინის მჟავის შემცველობით პირველ ადგილზეა. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს. მიიჩნევა, რომ მისი ყოველდღიური მირთმევა ხელს უწყობს სისხლში ტრიგლიცერიდების დონის (ცხიმის ერთ-ერთი კომპონენტი) დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს, ასევე მისი ყოველდღიური მირთმევა საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულფასოვანი მუშაობის წინაპირობაა.

• ვაშლი შეიცავს რკინას, საკვებ ბოჭკოს, მდიდარია ფლავონოიდებით. მახსენდება ინგლისური ანდაზა - დღეში ერთი ვაშლის მირთმევა ექიმთან მისვლას აგარიდებს.

variety-apples-stemilt-1766-1024x576-1638514874.jpg

• ხურმა შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ასკორბინის მჟავას. მისი შემადგენლობის გლუკოზა და ფრუქტოზაა, შესაბამისად, ის საკმაოდ დამანაყრებელი, გემრიელი, არომატული და მაღალკალორიული ხილია.

• ფორთოხალი მდიდარია ასკორბინის და ფოლიუმის მჟავით, შეიცავს კალიუმს. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.

• ბროწეული შეიცავს რკინას, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებას, რაც ორგანიზმს იცავს ანთებითი პროცესებისგან და გულსისხლძარღვთა დაავადებებისაგან. მისი მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც რკინადეფიციტური ანემია აქვს.

zz05nwfmntczmgrjowmxmwvhowi0yjbhzjq4ndllmtlizg-1638514936.jpg

• მსხალი უჯრედისით მდიდარი პროდუქტია, ეს კი სასიკეთოდ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, აძლიერებს პერისტალტიკას და შესაბაბისად ეწინააღმდეგება ყაბზობას. საკმაოდ გემრიელია და შეიცავს დაახლოებით 100 კკალ.

• გრეიფრუტი შეიცავს ფლავონოიდებსა და ლიკოპინს, რაც ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ასევე შეიცავს პექტინს, რომელიც ორგანიზმის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს, მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. 100 გრამი - 40 კკალ.

• მანდარინი შეიცავს PP, A, B, C, E ჯგუფის ვიტამინებს. ასევე ფლავონოიდებს, ეთერზეთებს. მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით - ეს მიკროელემენტები აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისთვის.

• კომში შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის ვაშლისა და ლიმონის მჟავას. ასევე რკინას, თუთიას, ფოსფორს, კალციუმს, პექტინებს. მკვეთრ ყვითელ შეფერილობას კომშს აძლევს C, B, PP ვიტამინები. მას აქვს ანტიოქსიდანტური და ანტივირუსული თვისებები.

b9319095140z1-20151001174232-000-g3ac3uqia-1638514993.1-0.jpg

• ფეიხოა შეიცავს იოდს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვა. ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლიუმისა და ვაშლის მჟავას, ამინომჟავებს, პექტინს, ეთერულ ზეთებს, ტანინს.

- ზოგადად, დღის განმავლობაში რა ოდენობის ულუფად შეიძლება ხილის მიღება?

- დღის განმავლობაში, სულ მცირე 2-ჯერ, ხილის მირთმევა მცირე ულუფით მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია (დაახლოებით 200-300 გრამი 2-ჯერ დღეში). ასევე სასურველია, თუ დღეში 5 სხვადასხვა სახის ხილს მიირთმევთ.

- რადგან ხილზე ვსაუბრობთ, იქნებ იმაზეც ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა მისი სადილზე დაყოლება.

- რა თქმა უნდა, არა - ნუ დააყოლებთ ხილს სადილს, ან ვახშამს, არამედ დღის განმავლობაში გამონახეთ დრო, ასე, მაგალითად, 12:00 და 17:00 და დროის ამ მონაკვეთში მიირთვით თქვენთვის სასურველი ხილი (ცალკე ულუფად).

- საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, თემასთან დაკავშირებით, რა ზოგადი რეკომენდაციები გაქვთ.

- ხილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის შეფერილობას, არომატს, კონსისტენციას (უფრო მეტად ეხება ვაშლს, კივის, ფორთოხალს, მანდარინს, გრეიფრუტს), ხელით მოსინჯეთ ესა თუ ის ხილი, ყოველთვის მიირთვით კარგად გარეცხილი, სეზონური ხილი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

myquiz